ქართველმა 19-წლამდელებმა უელსელებს ხუთი ლამაზი გოლი გაუტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
13 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველ შეხვედრა უელსელ თანატოლებთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 გაიმარჯვა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს.

ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა 22-ე წუთზე გახსნა, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, კიდევ 4 წუთში კი დავით ჯიქიამ ისარგებლა უელსელი მცველისა და მეკარის შეცდომით და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

30-ე წუთზე ჯიქიას დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა.

ტაიმის მიწურულს ჩამოწოდებული
კუთხურის შემდეგ ბურთს თავი ალექსანდრე გურეშიძემ შეაგება და 43-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0.

სხვათა შორის, შესვენებამდე ლუკა ზარანდიასაც შეეძლო გატანა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მეორე ტაიმიც მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. 56-ე წუთზე ჯიქიამ, რომელმაც დიდოსტატურად ითამაშა და ულამაზესი გოლი გაიტანა, დუბლი მიითვალა - 4:0.

აქედან ზუსტად 1 წუთში კი მეკარესთან ერთი-ერთზე პაპუნაშვილი დარჩა. უელსელთა მეკარე ო'ბრაიენმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ საჯარიმოს გარეთ ბურთზე ხელით ითამაშა, თუმცა ამით გუნდი კიდევ უფრო დააზარალა.

მსაჯმა მეკარე გააძევა, საჯარიმო დარტყმა კი მათე ცინცაძემ (მე-60 წუთი) ისე უზადოდ შეასრულა, მოედანზე შემოსულმა და კარში ჩამდგარმა კროუმ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა - 5:0.

დარჩენილ დროში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - 84-ე წუთზე ასევე საჯარიმოდან გატანა ო'სალივანმა შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1.

2014 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. XI ჯგუფი. I ტური
საქართველო-უელსი 5:1
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (22), 2:0 ჯიქია, 3:0 გურეშიძე, 4:0 ჯიქია, 5:0 ცინცაძე, 5:1 ო'სალივანი.
გაფრთხილება: პაპუნაშვილი, ო'სალივანი, დეივისი, ახვლედიანი.
გაძევება: ო'ბრაიენი.

საქართველოს ნაკრები: ბექა ქურდაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, ნიკოლოზ ჭანტურია, მათე ცინცაძე, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი (ლევან შენგელია, 66), დავით ჯიქია (ილია კერძევაძე, 61), ლუკა კიკაბიძე, ლუკა ზარანდია (ნიკოლოზ ახვლედიანი, 77), გიორგი თევზაძე.

* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც მოგვიანებით "დინამო არენაზე" გაიმართა, ჰოლანდიელმა 19-წლამდელებმა მოლდოველ თანატოლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. XI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 5-1 3
2. ჰოლანდია 1 1 0 3-0 3
3. მოლდოვა 1 0 0 1 0-3 0
4. უელსი 1 0 0 1 1-5 0

მომდევნო მატჩები
15 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-მოლდოვა 14:00

"დინამო არენა"
ჰოლანდია-უელსი 15:00

18 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-ჰოლანდია 15:00

"დინამო არენა"
უელსი-მოლდოვა 15:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეორე განსაკუთრებით ლამაზი იყო))))), აბა ავტეხოთ ეხლა ერთი ამბავი. მაგრები ვართ და კარგები ვართ.
zaza
16:48 13-11-2013
0
ტრაბახი, ტრაბახი და კიდევ ტრაბახი, მხოლოდ ეს მიგვიყვანს მსოფლიო ჩემპიონატამდე.
nodari
16:50 13-11-2013
0

სიახლეები პოპულარული