ქართველმა 19-წლამდელებმა მოლდოვასაც მოუგეს და ელიტრაუნდი გაინაღდეს [VIDEO]

AutoSharing Option
15 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე შეხვედრა მოლდოველ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის დებიუტშივე კოშმარი მოუწყვეს სტუმართა გუნდს. ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა - ჯერ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ლუკა ზარანდიამ მეტოქის ორი მცველი გააბითურა, შემდეგ კი შეტევა ოთარ კიკაბიძემ დააგვირგვინა, რომელმაც ასევე ოსტატურად აუარა მეტოქეს გვერდი და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა - 1:0.

აქედან სულ რაღაც ოთხ წუთში უკვე გიორგი აბურჯანიამ იყოჩაღა, რომელმაც
დავით ჯიქიასთან
გათამაშებული "კედლის" შემდეგ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ასეთი დასაწყისის შემდეგ მასპინძლებს შესვენებამდე თავი აღარ გამოუდიათ, თუმცა ვერც მოლდოველებმა გაახერხეს რამე და პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმიც პირველის სცენარით წარიმართა. ანგარიშიდან გამომდინარე, თამაშის გამწვავება სტუმრებს მართებდათ, თუმცა გასატანად რეალური მომენტები მაინც მხოლოდ მასპინძლებს ჰქონდათ.

48-ე წუთზე ჯერ ზარანდიას შეეძლო დუბლის შესრულება, თუმცა ერთი-ერთზე დარჩენილმა მოლდოველთა მეკარეს ვერ აჯობა.

მალევე იმავე სიტუაციაში აბურჯანია აღმოჩნდა, რომელმაც დავით ჯიქიას ეფექტური პასით ვერ ისარგებლა.

მოლდოველთა მეკარე პაველ გალაკმა 64-ე წუთზეც იხსნა კარი გაშვებული გოლისგან - ჯიქიას პასით ზარანდია დარჩა მასთან პირისპირ.

შეხვედრის მიწურულს ზარანდიას კიდევ ერთხელ ჰქონდა გატანის რეალური შანსი და ისევ ჯიქიას გადაცემის შემდეგ. მართალია, ლუკას დარტყმის მიმართულება მეკარემ ამჯერად ვეღარ გამოუცნო, მაგრამ ბურთს კარში შეგორება უკვე მოლდოველთა მცველმა არ დაანება...

და ორიოდე წუთში მატჩიც დასრულდა.

ამ გამარჯვებით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ვადამდე გაინაღდა ელიტრაუნდში თამაშის უფლება, ჯგუფის ბოლო მატჩს კი მაისურაძის შეგირდები 18 ნოემბერს, ჰოლანდიასთან გორში გამართავენ. ჯგუფში პირველობისთვის მასპინძლებს ფრეც აძლევთ ხელს.

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში ჩვენმა 19-წლამდელებმა უელსს ანგარიშით 5:1 სძლიეს.

U19. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. XI ჯგუფი. II ტური
საქართველო-მოლდოვა 2:0
გოლები: 1:0 კიკაბიძე (4), 2:0 აბურჯანია (8).
გაფრთხილება: აბურჯანია, ვლასი

საქართველო: ბექა ქურდაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე (ილია კერძევაძე, 61), ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი თევზაძე, მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (გიორგი გოროზია, 46), გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე, დავით ჯიქია, ლუკა ზარანდია.

* * *
15 ნოემბერს, ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრები უელსს დაუპირისპირდა. "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში გოლი არ გასულა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ!
koko
21:36 15-11-2013
0

სიახლეები პოპულარული