U19. საქართველო VS ჰოლანდია - მთავარი პლუსი ერთსულოვნებაა!

AutoSharing Option
18 ნოემბერს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის XI შესარჩევ ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრებია. 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველი ადგილის ბედს ჯგუფის ლიდერები - საქართველო და ჰოლანდია გაარკვევენ.

ჩვენს გუნდს ელიტრაუნდის საგზური უკვე გარანტირებული აქვს, პირველ ადგილზე გასასვლელად კი ქულაც ჰყოფნის.

პარალელურად, დაიწყება მატჩი "დინამო არენაზე", სადაც უელსი მოლდოვას დაუპირისპირდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრს განვლილი თამაშების შეფასება ვთხოვეთ და სადღეისო შანსებზეც ვკითხეთ...

* * *
ბექა ქურდაძე, მეკარე:
- 6 ქულით ელიტრაუნდში ღირსეულად გავედით. რაც შეეხება ჰოლანდიასთან თამაშს, მოედანზე დაწყნარებულები
გავალთ, რადგან მიზანს უკვე მივაღწიეთ და ახლა მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება - ჩვენი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ.

მართალია, ევროპის ჩემპიონატზე გასულ 17-წლამდელთა ნაკრებში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბიჭების უმრავლესობა თამაშობდა იმ ტურნირზე და ნახევარფინალში სწორედ ჰოლანდიასთან დამარცხდა. ახლაც ორივე გუნდის ბირთვს იგივე ფეხბურთელები შეადგენენ და რევანშის აღებას ვეცდებით.

- თქვენ გუნდის ყველაზე პატარა წევრი ხართ. თამაშებამდე ხომ არ ნერვიულობდით?
- თავიდან კი ვღელავდი, მაგრამ მოედანზე გასული, მით უფრო, ჩვენი ბიჭების თამაშის შემხედვარე, დავმშვიდდი და თავისუფლად ვიყავი.

საერთოდ, შენიშნავდით, რომ გუნდი გამართულ ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ ბევრი კარგი ინდივიდუალისტი გვყავს, მაგრამ ერთსულოვნება გვახასიათებს, გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ.

ჩვენი ძალა სწორედ ამაშია - ყველა ერთმანეთს აზღვევს და სხვისი შეცდომის გამოსწორებას ცდილობს. გადაჭარბებულად ნათქვამში არ ჩამომართვათ და, კარგად ვგრძნობთ, რამხელა პატივია ქვეყნის ნაკრების ფორმის ტარება, ამიტომ გულშემატკივარს იმედები არ უნდა გავუცრუოთ.

* * *

დავით ჯიქია, თავდამსხმელი:
- უპირველესად, თანადგომისთვის დიდი მადლობა გულშემატკივარს და მერე ბიჭებს, რომლებმაც ორივე შეხვედრაში თავი დადეს. ახლა მთავარი ჰოლანდიასთან შეხვედრაა. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში წავაგეთ და იმედია, რევანშს ავიღებთ.

- ჰოლანდია ისეთი გუნდია, რომელთან მოგებას ვერც ერთ ქართულ ნაკრებს ვერ მოვთხოვთ...
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე მხოლოდ სურვილი გამოვხატე და ის მაიმედებს, რომ შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი გუნდი მართლა გაიზარდა და უკეთ შეთამაშდა. ტრაბახის გარეშე ვიტყვი - ასეთი ჩამოყალიბებული და ორგანიზებული საქართველოს ნაკრები ჯერ არ მინახავს.

- იმასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, ჰოლანდიასთან შეხვედრას რამდენი მაყურებელი დაესწრება?
- ცხადია, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხალხი სტადიონს სანახევროდაც თუ ავსებს, ეს ჩვენზე ძალიან კარგად მოქმედებს. ბიჭების სახელით გპირდებით, რომ თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიომებთ. თან, იმასაც ვეცდებით, სანახაობრივი ფეხბურთიც ვაჩვენოთ. რა გამოგვივა, ეს მოედანზე გამოჩნდება.

* * *
გიორგი აბურჯანია
, ნახევარმცველი:
- კარგია, რომ ელიტრაუნდის საგზური ჰოლანდიასთან შეხვედრამდე მოვიპოვეთ. მოლდოვასა და უელსთან გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა. არანაკლებ მახარებს ის ამბავი, რომ გუნდი და მისი თითოეული წევრი თამაშიდან თამაშამდე იზრდება.

- ამ ნაკრებს მოკლედ როგორ დაახასიათებდით?
- მთავარი ერთსულოვნებაა. ესაა ჩვენი ყველაზე დიდი პლუსი. გამორჩეული არავინ გვყავს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა გამორჩეულია. ჩვენთან ერთი ყველასათვის თამაშობს და ყველა - ერთისთვის. ეს სულისკვეთება გუნდურ ფეხბურთში გამოიხატება.

- ყველაზე თვალშისაცემი ის არის, რომ ბურთს ნაკლებად "აწვალებთ" და სწრაფად მოქმედებთ...
- ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ბურთის თრევას არც ერთი ნაკრებისთვის კარგი არასოდეს მოუტანია. დღევანდელი ფეხბურთი ტემპის შენელებას ვერ იტანს, ამით თავად წააგებ. ეს ყველაფერი ხომ საკუთარი თვალით გვინახავს და ვცდილობთ, წინა თაობების შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

ეს არის მწვრთნელების მოთხოვნა, რასაც ყველა დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

- საერთოდ, ვასილ მაისურაძე რა დავალებებს გაძლევთ?
- ითხოვს, რომ მეტოქის საჯარიმოსკენ მაქსიმალურად ავიწიოთ, პრესინგით შევავიწროვოთ. არ მახსენდება ერთი შეხვედრაც კი, მათ შორის, ძლიერ მეტოქეებთანაც, "უკნიდან" თამაში რომ მოეთხოვა.

- თქვენი აზრით, ჰოლანდიასთან საჩვენო შედეგის მიღწევა შესაძლებელია?
- ამ გუნდს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან კარგად ვიცნობდით, მაგრამ მას შემდეგ მათ თამაშშიც რაღაც შეიცვლებოდა. ჰოლანდიის ნაკრების თბილისურ თამაშებსაც გავარჩევთ.

ვეცდებით, ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. შანსებს კი 50/50 ვაფასებ.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი. XI ჯგუფი. ბოლო ტური
18 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-ჰოლანდია 15:00

"დინამო არენა"
უელსი-მოლდოვა 15:00


Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
არიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიისსსსსსსსსსსსს.პროგრესი იგრძნობა. შესანიშნავია.ასე გააგრძელეთ .............
giorgi
17:00 18-11-2013
0
ის რაც მართლა საჩვენებელი იყო არ აჩვენეს, და წყალწაღებული 21-წლამდელების ფაფხური კი აჩვენებს... მე არ ვამბობ რომ ესენი არ უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ ყველზე კარგი და მზარდი გუნდის თამაშის არჩვენება შეიძლებოდა? მერე გამოვლენ და ქართულ ფეხბურთზე უნდა ვიზრუნოთო ლაპარაკობენ...
Temo
16:45 18-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული