21-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი გიორგი პაპავა გულდაწყვეტილია, რომ შოტლანდიიდან გუნდი მხოლოდ ქულის (1:1) ამარა დაბრუნდა.
"შოტლანდია თბილისში იოლად დავამარცხეთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე გარდაიქმნა და გაცილებით ძლიერად ითამაშა. უპირატესობას ხან ისინი ფლობდნენ, ხან - ჩვენ, თუმცა მეტოქეზე გაცილებით მეტი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით.
შოტლანდიელები განსაკუთრებით მაშინ გააქტიურდნენ, როცა ჩვენ დავწინაურდით. ბოლოს კალუმ პატერსონმა ისეთი გოლი გაგვიტანა, მგონი, თავადაც ვერ წარმოიდგენდა.
1:1-ზეც გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. გიორგი ქვილითაიამ მცველი მოატყუა, მეკარესთან მარტო დარჩა და გოლს ველოდით, როცა მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა.
არადა, ჰოლანდიასთან სლოვაკების ფრე ძალიან გვაწყობდა და პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსიც გვიჩნდებოდა. თუმცა იმედი კიდევ გვაქვს.
თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვსურს, აუცილებლად 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. მოედანზე მოსაგებად გავალთ და იმედია, გულშემატკივრებს გავახარებთ. მოტივაცია არ გვაკლია.
მხოლოდ ის გვადარდებს, რომ ბოლო დროს ნაკრების თამაშებსაც კი ცოტა მაყურებელი ესწრება. იმედია, გორში გულშემატკივარი მრავლად მოვა - ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება", - ამბობს პაპავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U21. საქართველო VS სლოვაკეთი - აუცილებლად მოსაგები!
ალექსანდრე ჩივაძე: ქომაგი კარგი თამაშით ფეხბურთელებმა უნდა აიყოლიონ