როგორ მოემზადება გუნდი ელიტრაუნდისთვის? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს, ნიკოლოზ ჩხეიძეს მივმართეთ.
"28 ნოემბერს ნიონში ელიტრაუნდის ჯგუფების წილისყრა გაიმართება. გვეცოდინება მეტოქეეები და ყველაფერი ამის მიხედვით გადაწყდება: სად მოვემზადებით, საკონტროლო შეხვედრებსა და ტურნირებზე ვის შევხვდებით.
მწვრთნელთა მოსაზრებებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ და
აქვე ვიტყვი, რომ უეფაში კვლავ შევიტანთ განაცხადს, რომ საქართველომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდსაც უმასპინძლოს", - ამბობს ჩხეიძე.
უკვე ცნობილია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 13-ივე ჯგუფის გამარჯვებული და ელიტრაუნდის 28 მონაწილე: შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გავიდნენ ჩეხეთი, კვიპროსი (I ჯგუფი), რუმინეთი, ლიტვა (II), ირლანდია, შვედეთი (III), ბელგია, ისლანდია (IV), გერმანია, შოტლანდია (V), ალბანეთი, ბულგარეთი (VI), სერბეთი, ავსტრია (VII), პორტუგალია, ნორვეგია (VIII), ინგლისი, შვეიცარია (IX), დანია, ისრაელი (X), საქართველო, უელსი (XI), თურქეთი, ჩერნოგორია (XII), რუსეთი, უკრაინა (XIII).
ჯგუფების ორ-ორ გამარჯვებულს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატა - იტალია და მაკედონია. ეს 28 ნაკრები 7 ჯგუფში გადანაწილდება და გაზაფხულზე ფინალური ეტაპის მონაწილეებს გაარკვევს. ჯგუფებიდან დასკვნით ეტაპზე მხოლოდ თითო გუნდი გავა, რომელთაც ევრო 2014-ის მასპინძელი უნგრეთი დაემატება. ფინალური ეტაპი 19-31 ივლისს გაიმართება.
საინტერესოა, რომ ელიტრაუნდის მიღმა დარჩნენ ამ ასაკობრივი ჩემპიონატის ტრადიციული ფავორიტები - საფრანგეთი და ჰოლანდია, აგრეთვე, საბერძნეთი და ხორვატია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ
U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]