"ფეხბურთი ისევე უნდა იყოს სტრატეგიული მნიშვნელობის, როგორც ჯანდაცვა და ჯარი"

AutoSharing Option
...26 დეკემბერს, განვლილი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, 2013 წლის საუკეთესო გუნდისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გია ცეცაძის 19-წლამდელთა (ახლა უკვე 20-წლამდელთა) ნაკრებს გადასცა, რომელმაც შარშან ზაფხულს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ცეცაძე თბილისის "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ეს გუნდი პირველ ლიგაში გამოდის, მაგრამ ამ გუნდში ქართული ფეხბურთისთვის იმდენს აკეთებენ, რაც ბევრ უმაღლესლიგელს შეშურდება.

ახლა "ლოკომოტივში" სერიოზული საკადრო ცლილება მოხდა: თბილისელებმა ქუთაისის "ტორპედოში" განათხოვრებული მოთამაშეები დაიბრუნეს, გია ცეცაძემ კი, ორმხრივი შეთანხმებით, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მას
ვასილ მაისურაძე
შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშებს.

ცეცაძე კი ახალ სამსახურში გადასვლას ფიქრობს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- "ლოკომოტივიდან" წამოსვლა ჩემი და გუნდის პრეზიდენტის, ლექსო თოფურიას ერთობლივი შეთანხმება იყო.

- მიზეზი რა გახდა?
- მინდა, რომ მთლიანად სანაკრებო საქმიანობაზე გადავერთო და კონკრეტული ჩანაფიქრიც არსებობს.

- მუშაობის გაგრძელებას რომელ ასაკობრივ ნაკრებში აპირებთ?
- ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს მინდა ვთქვა: ლექსო თოფურია ნაკლებად ჩანს, აფიშირება არ უყვარს, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ის რა საქმესაც უკეთებს, მსგავსს მხოლოდ "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი აკეთებს - ისინი ჩვენი მომავალი თაობების გაზრდაზე რეალურად ყოველდღე ზრუნავენ.

"ლოკომოტივში" რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე იყო და მეც იმიტომ მივედი, რომ ისინი გზაზე დაგვეყენებინა. ლექსოსთან ერთად, უფრო დიდი გეგმების განხორციელებაზეც ვფიქრობდით, მაგრამ პრობლემებმა ხელი შეგვიშალა და როგორც გითხარით, მე სხვა ჩანაფიქრებიც მაქვს.

- ალბათ, ფინანსურ პრობლემებს გულისხმობთ.
- დღეს დალხენილი ქართული კლუბი არ არსებობს. უფულოდ ფეხბურთი ვერ განვითარდება და სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდება. ფეხბურთით ბიზნესი რომ დაინტერესდეს და მხოლოდ ასეთი ენთუზიასტების ხარჯზე არ იყოს, საამისოდ კანონმდებლობაში ცვლილებებია საჭირო.

საერთოდ, სრული სერიოზულობით ვამბობ - როგორც განათლება, ჯანდაცვა, სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა, ჯარი და ეკონომიკაა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, ასევე უნდა იყოს ფეხბურთი. არადა, დღეს სპორტის ამ სახეობას ძალიან უჭირს.

- ამ რეალობიდან აშკარად ამოვარდნილი იყო თქვენი გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ელიტრაუნდზე ინგლისის, ბელგიისა და შოტლანდიის ჯგუფიდან გავიდა და წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს.
- იცით, მთავარი რა იყო? ფეხბურთის ფედერაცია მენდო, ეს კი მწვრთნელის ყველაზე მეტი დაფასებაა. იცოდნენ, რასაც ვითხოვდი, საქმეს რა სჭირდებოდა. ამის გარეშე, ისევე, როგორც ფეხბურთელების მონდომების, შედეგს ვერ მივაღწევდით.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რა გავლენა მოახდინეს ჩვენზე გულშემატკივრებმა: ყოველთვის ვგრძნობდით მათ სითბოსა და მხარდაჭერას. ამაზე აუცილებლად გიჩნდება პასუხისმგებლობა და საქმეც გაკეთდა. ვინც ელიტრაუნდზე ჩვენი თამაშები ნახა, დარწმუნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ გავსულვართ.

- ევროპის ჩეპიონატზე თავს ვეღარ გადაახტით?
- საერთოდ, ფეხბურთის კანონზომიერებაა - თუ საქმეს რამეს დააკლებ, პასუხს აუცილებლად მიიღებ, მაგრამ დღემდე საფრანგეთთან შეხვედრას მივტირი და მიმაჩნია, რომ ამ მატჩის მოგება შესაძლებელი იყო. ეს მაშინ რომ ვთქვი, ეგონათ, ამპარტავნება მალაპარაკებდა, მაგრამ ეს მატჩი რამდენჯერმე კიდევ ვნახე და იგივეს ვფიქრობ.

სერბეთთან კი ისეთი შეცდომა დავუშვი, რომლის მსგავსსაც ცხოვრებაში აღარ დავუშვებ. წამითაც არ ვუშვებდი, რომ ბალკანელები მოგვიგებდნენ, ჩემი განწყობა კი ბიჭებზე გადავიდა. მაგრამ ვერ ვითამაშეთ.

თურქეთს კი გოლი გავუტანეთ და პირველი 25 წუთი ჩვენს ნახევარზე არ გადმოვუშვით, მერე მსაჯმა აურია და 2:4 წავაგეთ. ამ ევროპაზე თურქები მაგრად დაჩაგრეს და ეტყობა, ჩვენთან კომპენსაციას შეეცადნენ.

ამ თაობაში ისეთი ბიჭები არიან, მგონია, ისინი თავს კიდევ უფრო კარგად გამოავლენენ და ეროვნული ნაკრების დონეზეც ბევრს მიაღწევენ. რაც მთავარია, მათ სპორტული თავმოყვარეობა და მიზანი გააჩნიათ, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. თავად ვუყურებდი, ჩვენი ერთად მუშაობის პერიოდში, რაც სულ 4 თვე გაგრძელდა, თავი როგორ აიყვანეს და როგორი მონდომებულები მუშაობდნენ.

დაიმახსოვრეთ - ეს ბიჭები შანსს ელოდებიან და ქართულ ფეხბურთში თავიანთ სიტყვას იტყვიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ტრაბახაა
maradona
18:52 11-01-2014
0
ეს კაცი გორის დილადან მახსოვს, მაგარი სიმპატიური გუნდი ყავდა, ბევრი ლიდერი გაამწარა, თუ სწორე მახსოვდ დინამოს თუ ზესტაფონს მოუგო დიდი ანგარიშით, მაშინ ახალი გდმოსული iyო უმაღლესში...
bl.master
22:09 06-01-2014
0

სიახლეები პოპულარული