წილისყრა თბილისის დროით 13:40 სთ-იდან დაიწყება.
მანამდე შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელებს შორის ევროპის პირველობა 6-22 მაისს ბულგარეთში გაიმართება. ამ ასაკში კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ფორუმი პირველად იქნება 16-გუნდიანი. თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები (პლუს, მასპინძელი ბულგარეთი) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
წილისყრის წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მესამე კალათაშია. კალათებში ნაკრებები ასე განლაგდნენ:
A: გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, ინგლისი,
B: ხორვატია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ბელგია.
C: ნორვეგია, საქართველო, სლოვაკეთი, ბელორუსი, უნგრეთი, სერბეთი, ისლანდია, შვედეთი.
D: საბერძნეთი, ისრაელი, სლოვენია, უელსი, ჩრდ. ირლანდია, აზერბაიჯანი, ბოსნია, უკრაინა.
ისღა დაგვრჩენია, გოჩა ტყებუჩავას გუნდს იღბლიანი წილისყრა ვუსურვოთ. მანამდე კი მასთან მცირე ინტერვიუთი დავკმაყოფილდეთ...
- ფურცელზე მაინც თუ შეადგინეთ თქვენთვის სასურველი ჯგუფი?
- რაღაც გათვლები კი მაქვს, მაგრამ გულშემატკივრებს ამით არ გადავღლი. მით უმეტეს, წილისყრამდე უკვე საათებია დარჩენილი. ნებისმიერ ჯგუფში და ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან დიდი ბრძოლა მოგვიწევს.
- ევროპის ჩემპიონატზე წლეულს პირველად ითამაშებს 16 ნაკრები. ეს საქართველოს შანსს არ ზრდის?
- რა თქმა უნდა, ზრდის. ჩვენი შანსი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი რომ დაგვეკავებინა, თუმცა ეს ვერ შევძელით და მინიმუმით დავკმაყოფილდით.
- როგორია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მზადების უახლოესი გრაფიკი?
- გადაწყვეტილია, რომ 18 იანვარს ჩავებმებით ბელორუსის საერთაშორისო წარმომადგენლობით ტურნირში. მანამდე გვექნება შეკრება. მინდა, საქართველოში ერთი ამხანაგური შეხვედრაც ჩავატაროთ.
- ევროპულ ნაკრებთან სპარინგი ხომ არ იგეგმება ელიტრაუნდის დაწყებამდე?
- ამაზე ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს. ამასთან ერთად, კარგი იქნება, თუ ელიტრაუნდის დაწყებამდე ევროპული შეკრების ორგანიზება მოხერხდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"