ქართველი 19-წლამდელები: რაც შეიძლება ძლიერ ჯგუფში მოხვედრა გვინდა

AutoSharing Option
დღეს, 3 დეკემბერს, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება შვეიცარიული ნიონისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მონაწილე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები თავიანთ ჯგუფებში მეტოქეთა ვინაობას შეიტყობენ...

წილისყრა თბილისის დროით 13:40 სთ-იდან დაიწყება.

ისევე, როგორც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, 19-იანებიც მესამე კალათში განთესეს:

A: ესპანეთი, ინგლისი, რუსეთი, იტალია, ჰოლანდია, სლოვაკეთი, ჩერნოგორია.
B: ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, უკრაინა, საფრანგეთი, შვედეთი, ირლანდია.
C: ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, დანია, ბელგია, სერბეთი, საქართველო
D: ჩეხეთი, ბოსნია, თურქეთი, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, შოტლანდია.

19-წლამდელთა ელიტრაუნდისა და ევროპის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელია და
ჯგუფებიდან კვლავ თითო გუნდი გადის. პირველადგილოსნებს ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საბერძნეთი შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი სტადია კი 6-19 ივლისს გაიმართება.

რომელია ყველაზე სასურველი და არასასურველი მეტოქე გიორგი დევდარიანის გუნდისთვის? ამ კითხვით ნაკრების რამდენიმე წევრს მივმართეთ და წინდაწინ გეტყვით, რომ საკმაოდ მოულოდნელი პასუხები მივიღეთ:

გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო"):
"პირველი კალათიდან ყველაზე მეტად სლოვაკეთთან მოხვედრას ვისურვებდი, რადგან შარშან მათ ვესტუმრეთ და ამხანაგური შეხვედრა 0:1 წავაგეთ. ამიტომ უფრო მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვეთამაშოთ და რევანში ავიღოთ.

კიდევ ვისურვებდი ჩერნოგორიასთან მოხვედრას, რადგან შესარჩევ ციკლში თბილისში მოგვიგეს და ეს დღემდე ვერ მომინელებია.

მე-2 კალათიდან, ვფიქრობ, ყველაზე კარგი ნაკრები იტალიას ჰყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არასასურველია. სასურველი კი ავსტრია მგონია. მათ 17-წლამდელების ელიტრაუნდში შევხვდით. ფრე გვაწყობდა, მაგრამ 2:1 მოგვიგეს და ბოლო ადგილზე გავედით. ის სიმწარე დღემდე მახსოვს და მათთან შეხვედრასაც ამიტომ ვნატრობ.

მე-4 კალათიდან ვერავის გამოვყოფ, ლიტვის გარდა. ბალტიისპირელებთან შარშან, 17-წლამდელებში, ბელორუსის ტურნირზე მოულოდნელად 0:3 წავაგეთ, რაც დღემდე ვერ ამიხსნია. ფაქტია, რომ ანგარიში მათთანაც გასასწორებელი გვაქვს.

საერთოდ, რაც შეიძლება ძლიერ ჯგუფში მოხვედრას ვისურვებდი, რადგან მეტი სტიმულია, სუსტებთან თამაში კი ნამდვილად არ მინდა".

გაგი მარგველაშვილი ("საბურთალო"):
"პირველი კალათიდან სასურველ მეტოქედ იტალია მიმაჩნია, რომელსაც ადრე ტურნირზე შევხვდით და მომეწონა, მაგრამ საშიშს და დაუმარცხებელს ნამდვილად არ ჰგავდა. მათთან თამაში ჩვენი კარიერისთვისაც კარგი იქნება. შესაძლოა, სკაუტები დაგვაკვირდნენ - იტალიაში ტრანსფერი ხომ არავის გვაწყენდა...

ყველაზე ძლიერი მეტოქეები კი, ალბათ, ესპანეთი და ინგლისი არიან, მაგრამ არასასურველს მათაც ვერ ვუწოდებ.

რაც შეეხება მეორე კალათს, ავსტრიასთან თამაშს 17-წლამდელების ელიტრაუნდში განცდილი მარცხისთვის სარევანშოდ ვისურვებდი. აქ შედარებით ძლიერებად და ნაკლებად სასურველ მეტოქეებად საფრანგეთსა და პორტუგალიას მივიჩნევ.

მე-4 კალათში ძლიერი ჩეხეთია, რადგან დიდი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქვეყანაა და ყოველთვის კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა ყველაზე მაღლა მაინც თურქეთი დგას".

გიორგი თევზაძე ("საბურთალო"):
"საუკეთესოებში განთესილებიდან ყველაზე მეტად სლოვაკეთთან, ჩერნოგორიასა და, ალბათ, რუსეთთან თამაში გამახარებდა.

ამ სიაში ესპანეთსა და ჰოლანდიასაც შევიყვანდი. ცხადია, არასასურველი მეტოქეებიც არიან. ასეთებია ინგლისი და იტალია, რადგან ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. მაგრამ, რაც უფრო ძლიერ გუნდს შევხვდებით, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უფრო დიდი გამოწვევა იქნება.

თუ მოვუგებთ, უფრო წინ წავალთ და უკეთეს გუნდებში მოვხვდებით. მეორე კალათიდან ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს უკრაინას. ყველაზე მეტად კი შვედეთ-გერმანიასთან თამაში არ მინდა. სასურველი მეტოქეები ავსტრია და ირლანდია არიან.

რაც შეეხება ბოლო კალათში მოხვედრილებს, თურქეთისა და ჩეხეთის გარდა, აქ ყველა სასურველი მოწინააღმდეგე მგონია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წილისყრას სად შეიძლება ვუყუროთ?
akhali
12:34 03-12-2014
0
UEFA.QOM
kaxa
13:06 03-12-2014
0

სიახლეები პოპულარული