ლუკა ზარანდია: ყველაზე მძიმე ჯგუფში ვართ, მაგრამ მე ეს უფრო მახარებს

AutoSharing Option
გუშინ, 3 დეკემბერს, ნიონში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისა და მომავალი (2015/16) საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართა. გაცხადდა გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქეთა ვინაობაც.

ფაქტია, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები გვერგო - პატარა "ჯვაროსნები" I ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან გაარკვევენ ურთიერთობას. შეიძლება ითქვას, ეს "სიკვდილის ჯგუფია".

თუმცა აქ ერთი, ფრიად დადებითი მომენტია - ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით, I ჯგუფის გუნდები თბილისში იასპარეზებენ. ასეთია მძიმე მოლაპარაკებების შედეგი. საქართველოს დედაქალაქი მინი-ტურნირს 2015 წლის 29 მაისიდან 3 ივნისამდე უმასპინძლებს.

ამას გარდა, თბილისში (2015 წლის 12-16 ნოემბერი) ითამაშებენ
2015/16 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილენიც - VIII ჯგუფში საქართველო ავსტრიასთან, ალბანეთთან და უელსთან ერთად მოხვდა.

დავუბრუნდეთ ელიტრაუნდს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატი უცვლელია - ჯგუფებიდან კვლავ თითო გუნდი გადის. პირველადგილოსნებს ფინალური ეტაპის მასპინძელი - საბერძნეთის 19-წლამდელთა ნაკრები შეუერთდება. დასკვნითი სტადია 6-19 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუკა ზარანდია მეტოქეებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ძლიერ ჯგუფში მოხვედრა უფრო საინტერესოა. ბელგიური "გენკის" ქართველ თავდამსხმელს გუშინ დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ:

"ორი აზრი არ არის, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით; ალბათ, შესაძლო ვარიანტებიდან - ყველაზე მძიმეშიც, მაგრამ პირადად მე ეს უფრო მახარებს. ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, თუნდაც ის მსოფლიოს ნაკრები იყოს.

მესმის, რომ ძალიან მძიმე ამოცანის გადაწყვეტა მოგვიწევს, მაგრამ სხვაგვარად ფეხბურთის თამაში შეუძლებელია", - ამბობს ზარანდია.

19 წლის თავდამსხმელი ყურადღებას საჩვენო ფაქტორებზე ამახვილებს:

"ჩვენ პირველი ადგილის დაკავებას შევეცდებით, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ სწორედაც შევეცდებით, ოღონდ ვერავის შევპირდებით, რადგან ესპანეთთან, პორტუგალიასა და თურქეთთან საშინაო მატჩებშიც კი უეჭველ გამარჯვებას ვერავინ დაგეგმავს.

კარგია, რომ ელიტრაუნდის შეხვედრებს თბილისი უმასპინძლებს. ეს საჩვენოდ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმედია, შესარჩევ ეტაპთან შედარებით, ორჯერ მეტი მაყურებელი მოვა. ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის და ასეთ დროს გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

ზარანდიას თქმით, ჯგუფი იმდენად ძლიერია, ფავორიტების დასახელება ძნელია:

"მსოფლიო ფეხბურთში ჩვენს სამივე მეტოქეს თავისი ღირსეული ადგილი უკავია, მაგრამ მე არც ერთი ამ ნაკრების თამაში არ მინახავს და ფავორიტის დასახელება გამიჭირდება.

ზოგადად, ცნობილია, რომ ესპანეთი და პორტუგალია ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებულები არიან და სულ კარგად თამაშობენ. მაგალითად, წლეულს ვასილ მაისურაძის ნაკრებში პორტუგალიის 19-წლამდელებთან ვითამაშე და გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მსგავსი სიძლიერის გუნდი ამ ასაკში არ მინახავს.

მაგრამ ვინ გამორიცხავს, რომ თურქეთი მათზე უკეთესი იყოს? მოკლედ, წინასწარ ფავორიტის დასახელება ძნელია".

Sportall.Geზარანდიას ფრთხილ ოპტიმიზმს 19-წლამდელთა კაპიტანი, "სამტრედიის" თავდამსხმელი ილია კერძევაძეც იზიარებს:

"მგონი, ელიტრაუნდის ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით. ცალ-ცალკე აღებული, ესპანეთიც, პორტუგალიაც და თურქეთიც ყველა იმ ტურნირის ფავორიტები არიან, სადაც მონაწილეობენ.

ბუნებრივია, ასეთ მეტოქეებთან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უმძიმესი ამოცანაა.

მაგრამ ხომ გახსოვთ, თბილისში ვასილ მაისურაძის ნაკრებს ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა რომ ჰყავდა მეტოქეებად, პირველ ადგილზე გასვლა მაშინაც ბევრს წარმოუდგენელი ეგონა. ჩვენც იმავეს შევეცდებით.

გუნდის ერთსულოვნება მაიმედებს და ისიც, რომ მატჩებს თბილისი უმასპინძლებს.

საშინაო "კედლებში" არავის არაფერს დავუთმობთ და წარმატების მისაღწევად ვიბრძოლებთ".

ელიტრაუნდის წილისყრა
1 ჯგუფი: ესპანეთი, პორტუგალია, საქართველო, თურქეთი
2 ჯგუფი: სლოვაკეთი, ირლანდია, გერმანია, ჩეხეთი
3 ჯგუფი: რუსეთი, შვედეთი, ბელგია, ლიტვა
4 ჯგუფი: ჰოლანდია, შვეიცარია, სერბეთი, ნორვეგია
5 ჯგუფი: ჩერნოგორია, უკრაინა, პოლონეთი, ბოსნია
6 ჯგუფი: იტალია, ავსტრია, ხორვატია, შოტლანდია
7 ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, დანია, აზერბაიჯანი

საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა
1 ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, სლოვენია, ლატვია
2 ჯგუფი: ხორვატია, უნგრეთი, ჩერნოგორია, ყაზახეთი
3 ჯგუფი: ბულგარეთი, კვიპროსი, პოლონეთი, ლუქსემბურგი
4 ჯგუფი: იტალია, ინგლისი, ფინეთი, მაკედონია
5 ჯგუფი: თურქეთი, უკრაინა, ბოსნია, აზერბაიჯანი
6 ჯგუფი: ისრაელი, დანია, მალტა, ისლანდია
7 ჯგუფი: საბერძნეთი, პორტუგალია, ლიტვა, მოლდოვა
8 ჯგუფი: ავსტრია, საქართველო, ალბანეთი, უელსი
9 ჯგუფი: რუსეთი, ნორვეგია, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია
10 ჯგუფი: ჰოლანდია, საფრანგეთი, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი
11 ჯგუფი: რუმინეთი, შვეიცარია, ფარერები, ანდორა
12 ჯგუფი: ჩეხეთი, სერბეთი, სომხეთი, ესტონეთი
13 ჯგუფი: ბელგია, შვედეთი, სან მარინო, ბელორუსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით რაა ბიჭებო, დიდებივით არ გინდათ ბევრი ლაპარაკი (და მერე წაგებები), ჯობს თამაშებზე გააკეთოთ სრული კონცენტრაცია. სხვებმა ილაპარაკონ და თქვენ საქმე აკეთეთ!
badri
22:14 04-12-2014
0
ბოლომდე იბრძოლეთ ბიჭებო ბოლომდე!
Zviadi
18:18 04-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული