გიორგი ნემსაძე: ლატვიასთან მატჩში გაუმართლებლად გავრისკეთ

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები გოჩა ტყებუჩავა და გიორგი ნემსაძე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ("განვითარების თასი") ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაამთავრა.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პირველობა, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ შემთხვევაში შედეგი პირველხარისხოვანი არ არის. შედეგი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში უნდა მოვითხოვოთ, სადაც საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები მასპინძელი ჰოლანდიელები, ბელგიელები და ჩრდილოირლანდიელები იქნებიან.

მინსკში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გოჩა ტყებუჩავას ასისტენტს, ეროვნული გუნდის ყოფილ კაპიტან გიორგი ნემსაძეს ვთხოვეთ...

- გიორგი, მოდით, ჯერ ზოგადად შევაფასოთ
მინსკში გამართული ტურნირი. რა მისცა მან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს?

- ძალიან ბევრი. საშუალება მოგვეცა, გვეთამაშა განსხვავებული სტილის, მაღალი დონის ნაკრებებთან, მაგალითად - უკრაინასა და ირანთან.

- რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისათვის შედეგი არ იყო პრიორიტეტული, მაგრამ მაინც - შეგვეძლო თუ არა უკეთესი ადგილის დაკავება?
- რა თქმა უნდა, მეხუთე ადგილზე უკეთესი შედეგის მიღწევაც თავისუფლად შეგვეძლო. გადამწყვეტ მატჩში, ლატვიასთან, დავწინაურდით. იმის მაგივრად, რომ რისკს ავრიდებოდით და პატარა საფეხბურთო ეშმაკობებით შეგვენარჩუნებინა მოპოვებული უპირატესობა, გაუმართლებლად გავრისკეთ. ეს თამაში რომ მოგვეგო, უთუოდ სამეულში მოვხვდებოდით.

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. გამოცდილება გვაკლია. ასეთ თამაშებში ბიჭები ბევრს ისწავლიან და დაიხვეწებიან.

- საერთო ჯამში, არცთუ უკმაყოფილო ხართ...
- რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ასეა. ჯერ ერთი, საახალწლო პერიოდი იყო, ყველა ფეხბურთელი მომზადების სხვადასხვა ეტაპზეა. მეორეც - ტურნირის დაწყებამდე ვერ ვითამაშეთ საკონტროლო შეხვედრა. შედეგი ჩვენთვის წინა პლანზე დადგება ელიტრაუნდში.

- ტურნირს უცხოელი სელექციონერებიც ხომ არ ესწრებოდნენ?
- კი, იყვნენ უკრაინული კლუბებიდან, მათ შორის - "შახტარიდან". ოღონდ ზუსტად არ ვიცი, ვის აკვირდებოდნენ.

- ელიტრაუნდს მივხედოთ. ფაქტია, ძალიან რთული ჯგუფი გვერგო...
- ჯგუფი რთულია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა მეტოქეებზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა მოვიპოვოთ. მასალები გვაქვს და კიდევ ველოდებით.

- ელიტრაუნდამდე თუ ითამაშებთ ამხანაგურ მატჩს?
- რუმინელი 17-წლამდელები უნდა ჩამოსულიყვნენ თბილისში, მაგრამ უკვე იცით, რომ ფინანსური პრობლემების გამო იუარეს. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ 5 მარტიდან ჰოლანდიასთან (სადაც ელიტრაუნდი იმართება) ახლოს, გერმანიაში გვექნება შეკრება.

იქ წასვლამდე საქართველოში ვივარჯიშებთ და, დიდი ალბათობით, ამხანაგურ შეხვედრასაც ჩავატარებთ. ჰოლანდიაში 11 მარტს გადავალთ, მეორე დღეს კი ელიტრაუნდს დავიწყებთ მასპინძლებთან მატჩით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყველა მატჩი "განვითარების თასზე"
U17. საქართველო-იაპონია 0:2 - მხოლოდ მეხუთეზე
U17. საქართველო-ბელორუსი 2:1 - "ახალი" არველაძე გვეზრდება [VIDEO]
U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
არველაძემ თავის შვილს გაუჩალიჩა 2017 რო ითამაშოს როგორ ახერხებენ ასე ყველაფერს
lado
19:02 04-02-2015
0
რა გარისკეს ლატვიასთან? იგებდნენ და წააგეს,იქიდან გამომდინარე,რომ მომენტი აგარ შეუქმნიათ და ვინც შექმნა იმან მოიგო.იმას ვერ იტყვიან ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდითო,საწყისშივე გაითანეს ჩვენებმა და იქიდანვე დაიწყეს ანგარიშის შენარჩუნება?
zura
14:49 27-01-2015
0

სიახლეები პოპულარული