გიორგი დევდარიანი: იტალიასთან თამაში მეც მარგებს და ფეხბურთელებსაც

AutoSharing Option
19-წლამდელთა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრამ საქართველო პირველ ჯგუფში მოახვედრა, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან - ესპანეთთან, პორტუგალიასა და თურქეთთან მოუწევს დაპირისპირება.

თუმცა ჩვენს გუნდს უპირატესობაც აქვს - 29 მაისიდან 3 ივნისამდე ელიტრაუნდს თბილისი უმასპინძლებს. თუმცა ეგ არის, რომ ასეთ ძლიერ ჯგუფში აპრიორი პირველი ადგილის დაკავებას (რაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფლებას იძლევა) ვერც გუნდს და ვერც მწვრთნელს ვერავინ მოსთხოვს.

ამ აზრს გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანიც იზიარებს.

"ძალიან ძლიერი ჯგუფია, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე უეჭველად მოხვედრას ესპანელი და პორტუგალიელი გულშემატკივრებიც ვერ მოითხოვენ.
ცხადია, ჩვენზეც იმავეს ვიტყვი. მესამე მეტოქეც არ დაგვავიწყდეს - ორი აზრი არ არის, რომ თურქეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი არ იქნება.

მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ჩვენი ფეხბურთელების იმედი მაქვს.

ბევრი ნიჭიერი და საკმაოდ მაღალი კლასის მოთამაშეა გუნდში და მგონია, რომ იოლად არავის არ დავნებდებით. დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება", - ამბობს დევდარიანი.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ელიტრაუნდისთვის მზადების გეგმა მზად აქვს. პლუს ამას, გარკვეულია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებსაც მოსამზადებელ ეტაპზე შევხვდებით:

"ჩვენი ფეხბურთელები გუნდებში ემზადებიან, ერთად კი 18 თებერვალს შევიკრიბებით.

სავარაუდოდ, მოთამაშეთა ნაწილს გუნდები არ გამოუშვებენ, რადგან საქართველოს ჩემპიონატის ტური 21 თებერვალსაა დაგეგმილი და წესით, ძირითადის ფეხბურთელები 22-ში შემოგვიერთდებიან. ანუ თბილისში მხოლოდ ერთი დღე თუ ვივარჯიშებთ, 23 თებერვალს კი იტალიაში გავემგზავრებით, სადაც ამ ქვეყნის 19-წლამდელებთან ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ.

თამაში 25 თებერვალს, რომთან ახლოს, პატარა ქალაქ გენზანოშია დაგეგმილი და ვეცდებით, პატარა რეპეტიცია გავიაროთ.

შეკრება და სპარინგი ამის შემდეგაც დავგეგმეთ: 23-31 მარტს თურქეთში გავემგზავრებით და პოლონეთთან ორ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ.

ხანმოკლე შეკრება აპრილის ბოლოსაც დაიგეგმა, რომლის შემდეგაც კიევში გავემგზავრებით, სადაც 28 და 30 აპრილს უკრაინის 19-წლამდელებთან გავმართავთ ამხანაგურ შეხვედრებს", - ესეც დევდარიანის სიტყვებია.

ზოგადად, ოფიციალურ მატჩებამდე, გუნდები სპარინგებში ისეთი მეტოქის შერჩევას ცდილობენ, რომელიც მომავალი მოწინააღმდეგის სტილში თამაშობს. დევდარიანი ამაზეც გველაპარაკა:

"იტალია, პოლონეთი და უკრაინა სულ სხვა სტილის მიმდევრები არიან, ვიდრე ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი, მაგრამ იტალიასთან თამაში ნებისმიერ შემთხვევაში დიდ გამოცდილებას შეგვმატებს - ფეხბურთელებსაც და მეც, როგორც მწვრთნელს.

სეზონის მსვლელობის დროს არც არის საშუალება, მოთამაშეებს შეკრებაზე დავუძახო და ერთი კვირა ვავარჯიშო. ამიტომ ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ უეფას მიერ სანაკრებო მატჩებისთვის გამოყოფილი დღეები. იქ უკვე კლუბს არ აქვს უფლება, მოთამაშე არ გამოუშვას.

ასეთია ჩვენი მოსამზადებელი გეგმები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგ ნაკრებებთან უწევთ მომზადება, ეროვნულ ნაკრებთან კი მალტასა და ფარერების გარდა ვინ მოინდომებს მომზადებას.......
ზურა
12:37 14-02-2015
0
მზადების მშვენიერი გეგმაა. მწვრთნელი და ფეხბურთელები გადასარევი. გავდივართ. ჩვენ გვჯერა თქვენი.
geronti
12:08 14-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული