თამაშის წინ, ალბათ, უპრიანია, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე. ჰოლანდიის ნაკრები III ჯგუფის ფავორიტად ითვლება, რომელშიც მის გარდა, თავი ქართველებმა, ბელგიელებმა და ჩრდილოირლანდიელებმა მოიყარეს.
აქვე ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საკმარისია მეორე ადგილზე გასვლაც. ერთი გამონაკლისის გარდა - კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ
17-წლამდელებს შორის ევროპის პირველობა 6-22 მაისს ბულგარეთში გაიმართება. ამ ასაკში "ბებერი კონტინენტის" მთავარი საფეხბურთო ფორუმი პირველად იქნება 16-გუნდიანი. თითოეული ჯგუფის საუკეთესო ნაკრები და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი (პლუს, მასპინძელი ბულგარეთი) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს დააკომპლექტებენ.
სანამ ჰოლანდიაზე დაწვრილებით ვიტყოდეთ, გავიხსენოთ ელიტრაუნდის ჯგუფების შემადგენლობა.
U17. ევროპის 2014/15 წლების ჩემპიონატი. ელიტრაუნდი
I ჯგუფი: ესპანეთი, საფრანგეთი, შვედეთი, ისრაელი
II ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, სერბეთი, აზერბაიჯანი
III ჯგუფი: ჰოლანდია, ბელგია, საქართველო, ჩრ. ირლანდია
IV ჯგუფი: პოლონეთი, ირლანდია, ბელორუსი, საბერძნეთი
V ჯგუფი: ავსტრია, რუსეთი, ისლანდია, უელსი
VI ჯგუფი: ინგლისი, რუმინეთი, ნორვეგია, სლოვენია
VII ჯგუფი: ჩეხეთი, შოტლანდია, უნგრეთი, ბოსნია
VIII ჯგუფი: გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, უკრაინა
მეტოქე
ახლა, რაც შეეხება პირველ მეტოქეს. ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებს 42 წლის სპეციალისტი მაარტენ სტეკელენბურგი ("მონაკოს" მეკარეში არ აგერიოთ) წვრთნის. სტეკელენბურგი ცოტა ხნით სამხრეთ აფრიკაში მუშაობდა, სადაც ქეიფ თაუნის "აიაქსს" ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, 2013 წლიდან, ის ჰოლანდიის 17- წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
მისმა გუნდმა დამაჯერებლად გადალახა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი. მინი-ტურნირი მალტაში გაიმართა. ჰოლანდიელებმა დაამარცხეს სერბეთი (1:0), მასპინძელი ნაკრები (1:0) და ფინეთი (2:0). "ნარინჯებმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ამ რაუნდში სტეკელენბურგს ეს შემადგენლობა ჰყავდა:
მეკარეები: ჯასტინ ბილოვი (ფეიენოორდი), ჯეფრი დე ლანჟი (აიაქსი);
მცველები: დარენ სიდოლი (აიაქსი), იელე დე ლანჟი (უტრეხტი), ტიმოტი ფოსუ-მენსა (მანჩესტერ იუნაიტედი), მატს კნოსტერი (ფეიენოორდი), რიკ ვან დრონგელენი, შერალ ფლორანიუსი (ორივე - სპარტა);
ნახევარმცველები: რედა ბულტამი, კარელ ეიტინგი, დანი დე ვიტი (ყველა - აიაქსი), ტეუნ კომპიერენსი, ტეუნ ბილველდი (ორივე - ალკმაარი);
თავდამსხმელები: ჟავარო დელროსუნი (მანჩესტერ სიტი), რაშაან ფერნანდესი, ნაიჯელ რობერტა, შურენდო იანგა (ყველა - ფეიენოორდი), ჯეი როი გროტი (ნაიმეგენი), დონილ მალენი (აიაქსი).
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს საქმის დაჭერა მოუწევს უძლიერეს გუნდთან. ევროპულ ფეხბურთში ხომ საქვეყნოდაა ცნობილი "აიაქსის", "ფეიენოორდისა" და სხვა ჰოლანდიური კლუბების აკადემიათა აღზრდილების ძალა. თანაც, ამ ნაკრების ლიდერები ინგლისშიც თამაშობენ.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბოლო დროს სამჯერ შეხვდა ჰოლანდიელ თანატოლებს და სამივე შეხვედრა წააგო - 2010 წელს 1:2, 2012 წელს 0:2 და 2013 წელს 0:1.
განსაკუთრებით მწარე იყო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხი 2012 წლის მაისში. ამ შეხვედრის გახსენებისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მსაჯის არაობიექტურობა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ და მხოლოდ ის შეგვიძლია, რევანშზე ვიფიქროთ.
ჩვენ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი თბილისში ჩაატარა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა - მხოლოდ პოლონეთის ნაკრებს ჩამორჩა. ამ შედეგმა გოჩა ტყებუჩავას გუნდს საშუალება მისცა, ასპარეზობა გაეგრძელებინა ელიტრაუნდში.ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მოუგო ლიხტენშტაინსა (3:0) და ესტონეთს (2:0), რასაც მოჰყვა პოლონეთთან მინიმალური ანგარიშით მარცხი (0:1).
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ჩვენს ჭაბუკებს თბილისში შედარებით სუსტი ჯგუფი შეხვდათ.
შესარჩევი ციკლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ყველა პირობა ჰქონდა საიმისოდ, რომ ელიტრაუნდისთვის კარგად მომზადებულიყო. იანვარში ტყებუჩავას კრებულმა ბელორუსის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა, მერე კი, სულ ცოტა ხნის წინათ, ორ ამხანაგურ მატჩში ისტუმრა სლოვაკეთი, რომელსაც ერთი მატჩი მოუგო, ხოლო მეორეში ფრეს დასჯერდა.
მერე იყო გერმანული შეკრება, რის შემდეგაც ტყებუჩავამ შემადგენლობა გაცხრილა. თბილისში დაბრუნება მოუხდათ თორნიკე მუზაშვილსა და ერეკლე მალაზონიას.
ასე რომ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), ლევან ისიანი (დინამო, თბ);
მცველები: - ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - დინამო, თბ), გიორგი ბერძენაძე (ტორპედო), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), თორნიკე ჭურაძე (ზესტაფონი);
ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა - საბურთალო), ვატო არველაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი (დინამო, თბ), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (დინამო, თბ), გიორგი გვასალია (ვიტ ჯორჯია).
საქართველოს ამ ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი გიორგი არაბიძეა, რომელსაც კონტრაქტს სთავაზობს დონეცკის "შახტარი". ის თავისი თაობის უდავოდ გამორჩეული მოთამაშეა და ცხადია, ელიტრაუნდში მისი განსაკუთრებით გვეიმედება.
ზოგადად კი, საქართველოს ნაკრები გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და ამ თაობაში არ ჩანს არაბიძისდარი გამორჩეული ჭაბუკი, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება, კარგიც იყოს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"