U19. თურქეთი-საქართველო 1:2 - ამ მოგებას ის წაგებები მერჩივნაო... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლო ტურის წინ საქართველოსა და თურქეთის 19-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ უმოტივაციო არც ერთ გუნდს არ ეთქმოდა. კარის გაჯახუნებაც საქმე იყო.

მართალია, გიორგი დევდარიანის ბიჭებმა მოიგეს, მაგრამ მწვრთნელი მაინც უკმაყოფილო დარჩა - კარგად ჩატარებული თამაშები წავაგეთ, ყველაზე ცუდად ნათამაშები კი მოვიგეთო...

პირველ ტაიმში თურქები უფრო ორგანიზებულად და მობილიზებულად გამოიყურებოდნენ. ჩვენებს კი ის ენერგიულობა და შემართება აკლდათ, რაც ესპანეთ-პორტუგალიასთან ჰქონდათ.

ცხადია, მიზეზი ისიც იყო, რომ დისკვალიფიკაციის გამო "ჯვაროსნებს" აკაკი შულაია და კაპიტანი ლუკა ზარანდია აკლდათ, გიორგი
თევზაძე
კი თავიდან სათადარიგო იყო. ამის მიუხედავად, პირველი მომენტი სწორედ ჩვენებმა შექმნეს - გურამ გოშთელიანმა მცველს ცენტრთან ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ ტოვებდა გიორგი ბერიძეს, მაგრამ... ბოლო მომენტში თურქებმა სიტუაცია განმუხტეს.

მერე უკვე მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ოკუტანმა სახიფათოდ დაარტყა - რომ არა ოთარ გოშაძის ჩინებული რეაქცია, ანგარიში გაიხსნებოდა.

მალე ფლანგური გარღვევის შემდეგ ჩაწოდება მათე კვირკვიას სურდა, მაგრამ მცველმა ბურთი კარისკენ ჩაჭრა და მეკარე უგურჩანის დროული რეაქციის წყალობით უკვე სტუმრები გადარჩნენ.

ჩვენები გამოუყენებელი მომენტებისა და მოდუნებისთვის დაისაჯნენ: თურქების კაპიტანი დოგან ერდოღანი ორ ქართველს უპრობლემოდ გასცდა და ბურთი ძელს მოარტყა. მანვე, უკუვარდნილზე კიდევ ერთხელ სცადა კარის აღება. ამჯერად ბურთი გოშაძემ მოიგერია, თუმცა ამ დამატებულზე ვეღარ გადავრჩით - 1:0.

მეორე ტაიმში ქართველებმა გაცილებით მობილიზებულად ითამაშეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. ოთარ კიტეიშვილის წამოწყებული შეტევისას, თურქმა მცველმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და შეცვლაზე შესულ გიორგი თევზაძეს მიუგორდა, რომელმაც საჯარიმოს კუთხიდან ცაციათი ტექნიკურად მოსცხო ბურთს და შორეულ კუთხეში ეფექტურად გაიტანა - 1:1.

უნდა ითქვას, რომ ამ ბიჭის სახით ნიჭიერი მარცხენა მცველი გვეზრდება და თუ პროგრესს არ შეაჩერებს, ბევრსაც მიაღწევს...

თურქებს დაწინაურება კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ორჯერ ამ შანსით ვერ ისარგებლეს. 87-ე წუთზე კი დევდარიანის შეგირდებმა ლამაზი კომბინაციითა და გოლით გაგვახარეს - თევზაძემ თურქების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველმა უხეიროდ მოიგერია ბურთი. იქვე მცველს გოშთელიანმა დაასწრო და მოძებნა რომან ჭანტურია, რომელმაც დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა იგივე გოშთელიანი და ანგარიში 2:1 გახდა.

ეს იყო თბილისური ელიტრაუნდის ბოლო გოლი...

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი: "ჩვენი ნაკრების გამოსვლის შესაჯამებლად დრო გვჭირდება. თამაშიდან გამოყოლილი ემოციით კი იმას ვიტყვი, რომ ყველაზე ცუდად ნათამაშები მატჩი მოვიგეთ, ხოლო კარგად ჩატარებულები წავაგეთ. ამ მოგებას ის წაგებული თამაშები მირჩევნია.

ჩვენი მიზანია, გუნდი გრანდებთან აგრესიულ თამაშს მიეჩვიოს და ამას მივაღწიეთ, მაგრამ დღეს ანტიფეხბურთით მოვიგეთ...

გერმანიაში 10-ჯერ მეტი რეგისტრირებული მსაჯია, ფეხბურთელი - მილიონზე მეტი. საქართველოში კი 12 ათასი ფეხბურთელია და ერთ ასაკში 18 სრულფასოვანი ფეხბურთელი არ გვყავს.

თურქებთან ჩვენები დაღლილები იყვნენ, რადგან სეზონის განმავლობაში რა ტემპშიც თამაშობენ, ამ დონეზე ეს საკმარისი არ არის. ისიც იცით, რომ 4 ფეხბურთელი გუნდს 27 მაისს შეუერთდა, ერთი დღე ვარჯიში კი ასეთ დონეზე წარმატებისთვის საკმარისი არ არის".

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. III ტური
03.06. თბილისი. "მიხეილ მესხი"
თურქეთი-საქართველო 1:2
გოლები: 1:0 უნდერი (42), 1:1 თევზაძე (58), 1:2 გოშთელიანი (87. ჭანტურიას პასით)
თურქეთი: უგურჩანი - პოლატი, მეტე, ჩაღლარი, აითემური - ჩამოღლუ (68. ჩიველექი), ერდოღანი - უნდერი, ჰუმეთი, ოკუტანი (65. ილდირიმი) - კოსე (90. თაში).
სათადარიგოები: საპანი, ნიჰათი, ბექაროღლუ, ჩაღლაიანი
მწვრთნელი: ვედათ ინჯეფე
საქართველო: გოშაძე - მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე - კერძევაძე, ხარაიშვილი, მოხევიშვილი (46. ჭანტურია), კვირკვია (54. თევზაძე) - კიტეიშვილი, გოშთელიანი, ბერიძე (75. დუმბაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, ჩაბრაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ჩაღლარი (31), კოსე (47), კერძევაძე (78), პოლატი (65), ილდირიმი (90)
არბიტრი: ბ. ფრანკოვსკი (პოლონეთი)

03.06. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
პორტუგალია-ესპანეთი 0:4
გოლები: 0:1 კარიკოლი (22), 0:2 მაიორალი (28), 0:3 ასენსიო (50), 0:4 პედრასა (80)
პორტუგალია: პერეირა, ჟ. სილვა, რ. დიასი, ჟ. კოშტა, ფ. სილვა (46. სანჩესი), პ. როდრიგეში, ა. სილვა, ლიმა, გომეში, ჰორტა (58. მაჩედო), ენრიკე.
მწვრთნელი: ედგარ ბორგეში
ესპანეთი: სივერა, კარიკოლი, მერე, მერინო, სებალიოსი, მაიორალი (61. ვილალიბრე), ასენსიო (78. კონჩა), პედრასა, ერნანდესი (72. შეიხი), ვალეხო, სან ემეტერიო.
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
გაფრთხილება: ა. სილვა (43), ფ. სილვა (45), გომეში (62), კარიკოლი (70), ლიმა (88), ჟ. კოშტა (89)
არბიტრი: დ. ზიბერტი (გერმანია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 13-1 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 9-7 6
3. საქართველო 3 1 0 2 5-8 3
4. თურქეთი 3 0 0 3 2-13 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ რომელიმე 1 ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება, ეს არის ხარაიშვილი, რომელიც ჩვენი გუნდის მამოძრავებელი იყო ყველა თამაშში. რაც შეეხება თევზაძეს, პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ მარტო მისი გამორჩევა უადგილოა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოლო 2 თამაშში ფლანგიდან ჩაწოდებული ყველა ბურთი გააფუჭა და 1 არ იყო მწვავე. განაპირა ფეხბურთელები პირველ რიგში ამით ფასობენ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული