გოჩა ავსაჯანიშვილი: მთელი საქართველო ორჯერ მოვიარე...

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანთან და ორივე მოიგო - 2:0 და 2:1.

ჩვენი გუნდი 16 ივნისს ყაზახეთში გაფრინდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს "პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში.

გამგზავრების წინ "ლელო" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გოჩა ავსაჯანიშვილს გაესაუბრა:

- ბატონო გოჩა, თავდაპირველად აზერბაიჯანთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი შევაფასოთ...
- აზერბაიჯანის ამ ფორმაციის ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობდით. მათ უკვე ვეთამაშეთ საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც საბერძნეთი და ყაზახეთიც მონაწილეობდნენ. ჩვენ იქ მეორე ადგილი დავიკავეთ. ფინალური შეხვედრა სწორედ აზერბაიჯანელებთან წავაგეთ. იმ თამაშის გახსენება აღარც
მინდა. რბილად რომ ვთქვათ, არ იყო იდეალური მსაჯობა...

რაც შეეხება თბილისში გამართულ ორ ამხანაგურ შეხვედრას, ამაზე თანამიმდევრობით მოგიყვებით.

პირველ შეხვედრაში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. ორი ბურთი გავიტანეთ და, სულ მცირე, კიდევ ხუთი უნდა გაგვეტანა. ძალიან ხშირად ისე ხდებოდა, რომ მეტოქე მცველებს ცარიელი კარიდან გამოჰქონდათ ბურთი.

მეორე მატჩის შემდეგ კი ჩვენ 4 ფეხბურთელი უნდა გაგვეცხრილა ყაზახეთში გამგზავრების წინ. ამიტომ, ძირითადი შემადგენლობის თერთმეტივე მოთამაშე შევცვალეთ. ამის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს მაინც ვაჯობეთ. ვაგებდით, მაგრამ 2:1 მოვიგეთ.

- როგორი განწყობით მიემგზავრებით ყაზახეთში?
- განწყობა საბრძოლოა. ჩვენს ჯგუფში არიან რუსეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი. მეორე ჯგუფი შედარებით სუსტია, მაგრამ მე ამ საკითხს ასე ვუყურებ - რაც უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს საქმის დაჭერა, მით უფრო კარგია ჩვენი გუნდისთვის. სწორედ ასეთ მოწინააღმდეგეებთან თამაშში უფრო ჩანს ფეხბურთელის ძლიერი და სუსტი მხარეები.

- ტურნირზე რუსეთთან მოგიწევთ ძალების მოსინჯვა. რაც უნდა იყოს, მაინც განსაკუთრებული მატჩი გვექნება...
- კი, ასე იქნება...

- როგორ მიდიოდა სელექცია? აითვისეთ თუ არა მთელი საქართველოს რესურსი? ხომ არ არის ეს მხოლოდ თბილისის ნაკრები?
- ამ ნაკრებში თამაშობენ 1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები. შემიძლია, ხატზე დავიფიცო - რაც ამ გუნდის მწვრთნელად დავინიშნე, ორჯერ დავარტყი წრე მთელ საქართველოს. ყველა რეგიონში ვიყავი და ჩავატარე შერჩევები. ამას დამიმოწმებს ყველა რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი.

სხვა საქმეა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები სხვადასხვა რეგიონიდან მაინც თბილისისკენ მოდიან. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ვერ შევაჩერებთ.

- თუ არიან გამორჩეული ფეხბურთელები ამ ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ყველა გუნდს ჰყავს თავისი ლიდერები, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ და ვიტყვი ასე - ჩემს გუნდში ყველა კარგი ფეხბურთელია. ამ ეტაპზე, ვერ დავიწყებ ბიჭების დახარისხებას. ეს ხომ საქართველოა - თავისებური ხასიათის ხალხი ვართ. თქვენს გაზეთს უამრავი მკითხველი ჰყავს. წაიკითხავს ის ბავშვი ამას და შეიძლება, ცუდად იმოქმედოს მის განვითარებაზე.

- ყაზახეთის მერე რა გეგმები აქვს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს?
- გადაწყვეტილია, რომ აგვისტოს დასაწყისში პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში ვითამაშებთ. აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ძალიან უნდა, რომ ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშოთ ბაქოში. ამბობს, ოღონდ თქვენ ჩამოდით და ყველა ხარჯს ჩვენი მხარე აიღებს თავის თავზეო...

- ამის შემდეგ კი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯერი დადგება...
- უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. შესარჩევი ციკლი 26 ოქტომბერს დაიწყება უნგრეთში. ელიტრაუნდში ჯგუფის ორი მოწინავე გუნდი გადის და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც სწორედ გამორჩეულ დუეტში მოხვედრაა.

- ამ ასაკში თუ არიან ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ?
- გვყავს ერთი ფეხბურთელი შუა აზიაში. ის თავისი გუნდის კაპიტანია. დავურეკეთ, შევთავაზეთ, მაგრამ თავი შორს დაიჭირა.

- ცხადია, ამ ასაკში ლეგიონერები გვეყოლება რუსეთში, უკრაინაში, პოსტსაბჭოეთის სხვადასხვა ქვეყანაში...
- დაწერეთ პირდაპირ: სადაც უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელი, მაცნობეთ და გოჩა ავსაჯანიშვილი გაძლევთ პირობას, რომ თუნდაც ფეხით ჩავა იქ და ყველა ფეხბურთელს ნახავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინ ხარ შე .. ასე რომ იცავ ამ კასც ...
avsanj
16:06 19-06-2015
0
წარმატებები მინდა გისურვო ბატონო გოჩა.სულ წინ გამარჯვებული გევლოთ თქვენ ბიჭებთან ერტათ
ნინო
15:48 20-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული