საინტერესოა, რომ ჩვენების მონაწილეობით გამართული ყველა თამაშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა...
ჩვენი გუნდის თამაშზე ინტერვიუ ვთხოვეთ ნაკრების თავკაცს.
- უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ პოლონეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი...
- როგორც იცით, ამ შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობდა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი დონე იყო - იმდენად მაღალი, სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი დავრჩი.
ახლა ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ თამაშებზეც ვთქვათ. პირველ მატჩში დავუპირისპირდით ბელგიას. როგორც იცით, 11-მეტრიანების სერიაში გავიმარჯვეთ.
- რა დაგანახათ პოლონურმა ტურნირმა?
- ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გავამახვილებდი საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილებზე.
- და რომელი იყო ეს სუსტი წერტილები?
- მაგალითად, ფლანგები. აქ აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ თამაში.
- მთლიანობაში საქართველოს ნაკრების თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- იყო ასპექტები, რაშიც კმაყოფილი დავრჩი, თუმცა აშკარაა, რომ კიდევ უნდა მოვუმატოთ.
- საქართველოს ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ მოინიშნეს სელექციონერებმა?
- როგორც იცით, ჩვენი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს. არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი, მაგრამ ახლა ვიტყვი - გუგეშაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა და მისით რამდენიმე ევროპული გუნდი დაინტერესდა კიდეც.
- ხომ არ იცით, რომელი გუნდებია?
- არა, როგორც ვიცი, მენეჯერს აქვს მათი სია.
- მაინც რა დონეზე ვართ, რაში უნდა დავეწიოთ ევროპის საუკეთესო გუნდებს?
- ტექნიკის თვალსაზრისით ჩვენ არავის ჩამოვრჩებით და ამას დარწმუნებით გეუბნებით! რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, ამ მხრივ, ჩვენი მეტოქეები ძალიან ძლიერები არიან. ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.
- ოქტომბერში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ელის...
- ჩვენი მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.
- ევროშესარჩევ ციკლამდე კიდევ ითამაშებთ?
- დიდი ალბათობით, ერთ თამაშს ჩავატარებთ ავსტრიაში. გვექნება შეკრებაც...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"