გოჩა ავსაჯანიშვილი: ევროპას ფიზიკაში უნდა დავეწიოთ!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა.

საინტერესოა, რომ ჩვენების მონაწილეობით გამართული ყველა თამაშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა...

ჩვენი გუნდის თამაშზე ინტერვიუ ვთხოვეთ ნაკრების თავკაცს.

- უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ პოლონეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი...
- როგორც იცით, ამ შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობდა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი დონე იყო - იმდენად მაღალი, სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი დავრჩი.

ახლა ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ თამაშებზეც ვთქვათ. პირველ მატჩში დავუპირისპირდით ბელგიას. როგორც იცით, 11-მეტრიანების სერიაში გავიმარჯვეთ.
მერე იყო შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან. იმ მატჩში 1:1-ზე გოლი გავიტანეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს, არადა, ჩასათვლელი იყო. სხვათა შორის, ეს დამიდასტურეს ტურნირის ორგანიზატორებმაც... რას ვიზამთ, რაც მოხდა, მოხდა... ამის მერე იყო თამაში შვედეთთან, რომელიც ისევ პენალტების სერიაში დავთმეთ.

- რა დაგანახათ პოლონურმა ტურნირმა?
- ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გავამახვილებდი საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილებზე.

- და რომელი იყო ეს სუსტი წერტილები?
- მაგალითად, ფლანგები. აქ აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ თამაში.

- მთლიანობაში საქართველოს ნაკრების თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- იყო ასპექტები, რაშიც კმაყოფილი დავრჩი, თუმცა აშკარაა, რომ კიდევ უნდა მოვუმატოთ.

- საქართველოს ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ მოინიშნეს სელექციონერებმა?
- როგორც იცით, ჩვენი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს. არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი, მაგრამ ახლა ვიტყვი - გუგეშაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა და მისით რამდენიმე ევროპული გუნდი დაინტერესდა კიდეც.

- ხომ არ იცით, რომელი გუნდებია?
- არა, როგორც ვიცი, მენეჯერს აქვს მათი სია.

- მაინც რა დონეზე ვართ, რაში უნდა დავეწიოთ ევროპის საუკეთესო გუნდებს?
- ტექნიკის თვალსაზრისით ჩვენ არავის ჩამოვრჩებით და ამას დარწმუნებით გეუბნებით! რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, ამ მხრივ, ჩვენი მეტოქეები ძალიან ძლიერები არიან. ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

- ოქტომბერში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ელის...
- ჩვენი მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.

- ევროშესარჩევ ციკლამდე კიდევ ითამაშებთ?
- დიდი ალბათობით, ერთ თამაშს ჩავატარებთ ავსტრიაში. გვექნება შეკრებაც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა კომენტარებია მე ვერ ვნახე ამ ორი კომენტარის გარდა.ფინალში გასვლისა რა ვთქვა მაგრამ ჩამოთვლილი გუნდებიდან სუსტი არცერთ არაა.ვუსურვებ წარმატებას ბატონ გოჩას.
Zviad
13:42 14-09-2015
0
გგგ ბიჯო გადახედე ყველა კომენტარებს რას წერენ ავსაჯანიშვილზე. შენ ვერ გამოდგები მაგის ადვოკატი
თეიმურაზი
08:03 12-09-2015
0

სიახლეები პოპულარული