U19. საქართველო VS უელსი - ჯერ ვითამაშოთ და მერე ვილაპარაკოთ!

AutoSharing Option
დღეს, 12 ნოემბერს, თბილისში 19-წლამდელთა შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები იწყება. საქართველოს ნაკრები VIII შესარჩევი ჯგუფიდან გასვლას უელსის, ავსტრიისა და ალბანეთის გუნდებთან პაექრობაში შეეცდება. თამაშები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება.

დღეს ქართველი ჭაბუკები უელსს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 14:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს, დასწრება კი უფასოა.

* * *
მატჩის წინა დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა პრესკონფერენცია გამართეს.

Sportall.Ge
ვასილ მაისურაძე:
"შეკრება 7
ნოემბერს გამართული ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ოთხი დღე მოსამზადებლად ცოტაა, თუმცა ამ პერიოდში შევეცადეთ, გუნდი თამაშებამდე მაქსიმალურად საუკეთესო მდგომარეობამდე მიგვეყვანა...

ოპტიმალურია თუ არა შემადგენლობა? ბელგიური "გენტის" თავდამსხმელის, გიორგი ბერიძის არყოფნა დიდი დანაკლისია - ის ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა. რაც შეეხება მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, ამ ბიჭმა ნამდვილად დაიმსახურა 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება, რადგან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა.

რამდენჯერმე მკითხეს სათამაშო სქემაზე და ახლაც ვიტყვი: ვცდილობთ, ეროვნული ნაკრების სათამაშო სისტემაზე გადავერთოთ. საამისოდ, კახა ცხადაძესთან მუდმივი კავშირი გვაქვს და მალე ყველა ნაკრები ერთი სქემით ითამაშებს.

ჩვენი ჯგუფის ფავორიტებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან ტურნირების წინ ამას არასდროს ვამბობ და მიზანშეწონილადაც არ მიმაჩნია. უელსთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ის ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და ბევრი რამეც გამოჩნდება. ამის მიხედვით ვილაპარაკებთ, გასვლის რა შანსები გვექნება.

თუმცა იმედიანად ვარ განწყობილი და ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა".

Sportall.Ge
გურამ გოშთელიანი:
"გუნდში კარგი განწყობაა, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მონდომებულები და მობილიზებულები ვართ, ღირსეულად რომ ვითამაშოთ და ელიტრაუნდში გავიდეთ.

...რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, რადგან ხელწამოსაკრავი მეტოქე არ გვყავს - ავსტრიას, ალბანეთსა და უელსს ყოველთვის ბრძოლისუნარიანი გუნდები ჰყავდათ. თუმცა გვსურს და ვფიქრობ, შეგვიძლია კიდეც, 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და შემდეგ ელიტრაუნდის წილისყრისას უკეთეს კალათაში მოვხვდეთ. ესაა ჩვენი მიზანი, რაც მერე ევროპის ჩემპიონატის 8 გუნდს შორის მოხვედრას გაგვიადვილებს.

ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიუხედავად, დაღლილი არ ვარ. თანაც, გუნდის კაპიტნობა ორმაგად საპასუხისმგებლოა და ყველანაირად ვეცდები, იმედები გავამართლო.

"საბურთალოდან" ნაკრებში ბევრნი ვართ გამოძახებულნი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეკრებაზე კარგ ხასიათზე რომ წამოვედით. ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში "მერანთან" კარგად ვითამაშეთ და მეტოქე დამაჯერებლად დავამარცხეთ. ვფიქრობ, ამ მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა მოვახერხეთ. ფეხბურთელების უმრავლესობა ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და იმედია, შეთამაშების პრობლემა არ გვექნება...

ერთსაც ვიტყვი: სამწუხაროდ, ბოლო დროს ასაკობრივი ნაკრებების თამაშებზე ბევრი მაყურებელი არ დადის, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მოვლენ სტადიონზე და გაგვამხნევებენ. მაყურებლის მხარდაჭერა მასპინძელი გუნდის უპირატესობაა და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ამიტომ გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ...

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი
ტურნირის კალენდარი
12 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 13:00
ავსტრია-ალბანეთი

"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-უელსი

14 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 13:00
ავსტრია-უელსი

"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ალბანეთი

17 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
უელსი-ალბანეთი

"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ავსტრია

საქართველო:
მეკარეები: ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი (დინამო თბ);
მცველები: ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა - საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე (ორივე - დინამო თბ), ირაკლი კომახიძე (შუქურა), გიორგი პაპუაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა - საბურთალო), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე (ორივე - საბურთალო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი).
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ავსტრია:
მეკარეები: პაულ გარტლერი (რაპიდი), ტობიას შუტცენაუერი (შტურმი);
მცველები: ბერნარდ ფილა (რაპიდი), ბენიამინ კაუფმანი (ლაიპციგი, გერმანია), შტეფან პერიჩი (შტუტგარტი, გერმანია), შტეფან პოში (ჰოფენფაიმი, გერმანია), მანუელ მარანდა (ადმირა);
ნახევარმცველები: სანდრო ინგოლიჩი, ქსავიერ შლაგერი (ორივე - ლაიპციგი, გერმანია), ალბინ გაში (რაპიდი), ფაბიან გემაინერი (შტუტგარტი, გერმანია), მარკო კრანცი (აუსტრია ლუშტენაუ), დომინიკ პროკოფი (აუსტრია ვენა), კონრად ლაიმერი (ზალცბურგი);
თავდამსხმელები: არნელ იაკუპოვიჩი (მიდლსბრო, ინგლისი), ლორენც გრაბოვაცი (ლაიპციგი, გერმანია), პეტარ პავლოვიჩი (სენტ გალენი, შვეიცარია), სინან ილმაზი (ადმირა);
მწვრთნელი: მარკო რუპერტი

უელსი:
მეკარეები: ლუის თომასი (სუონსი), ლუკ პილინგი (ტრანმერი, ინგლისი);
მცველები: ქემერონ კოქსი, რაის აბრუზესი (ორივე - კარდიფი), შონ ჰარისი (ქოვენთრი, ინგლისი), ჯეიმს გრემი (ევერტონი, ინგლისი), აარონ დევისი (ფულემი, ინგლისი), რიგან პოლი (მანჩესტერი);
ნახევარმცველები: ჯო მორელი (ბრისტოლი, ინგლისი), დილან თომასი (აბერდინი, შოტლანდია), ლოიდ ჰემფრიზი (კარდიფი), ჯორჯ თომასი (ქოვენთრი, ინგლისი), კონორ ტაიგი (ბრაიტონი, ინგლისი), დენიელ ჯეიმსი (სუონსი);
თავდამსხმელები: ჯეიმი თომასი (ბოლტონი, ინგლისი), მარკ ჰარისი (კარდიფი), ნათან ბროუდჰედი (ევერტონი, ინგლისი), ტეილორ რობერტსი (ვესტ ბრომვიჩი).
მწვრთნელი: ჯერენთ უილიამსი

ალბანეთი:
მეკარეები: ელჰან კასტრატი (პესკარა, იტალია), გენტიან სელმანი (ლაჩი);
მცველები: ადრიან კრასნიკი (ეინდჰოვენი, ჰოლანდია), ადრიტ ჰუმოლო (რაპიდი, ავსტრია), ადრიტ ტოლი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ელის დოკსანი (ბილიში), არის ლალაი (დინამო ტირანა);
ნახევარმცველები: არდიტ დელიუ (სპლიტი, ხორვატია), ნაზმი გრიპში (ტეუტა), მარკო კემა (ინტერი, იტალია), ფერედიკო ზენუნი (ტორინო, იტალია), იუგერს ლიჩკოლარი (პოგრადეჩი), ელვის პულა (პარტიზანი), აგონ ჰუსეინი (შკენდია);
თავდამსხმელები: გლედის დრაქსი (ტეუტა), აჰმეტ ალბი (ტრუა, საფრანგეთი), ბრაიან ტოლა (პარტიზანი), რუბინ ჰებაი (ვლაჟნია).
მწვრთნელი: არიან ბელაი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ვცდილობთ, ეროვნული ნაკრების სათამაშო სისტემაზე გადავერთოთ. საამისოდ, კახა ცხადაძესთან მუდმივი კავშირი გვაქვს და მალე ყველა ნაკრები ერთი სქემით ითამაშებს." -- გეტყობათ თამაშით და ანგარიშით, დანარჩენ ნაკრებებს მაინც მოეშვით - არ გვინდა ეგ სისტემა
soccer
16:02 12-11-2015
0
აყურებინეთ ამ ბავშვებს გუშინდელი თამაში და უთხარით რომ ეგრე არ ითამაშონ რადაც არ უნდა დაუჯდეთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული