"სამტრედიამ" მაინც გაიბრძოლა

AutoSharing Option

კურიოზული ვითარებაა: საქართველოს ჩემპიონატის საწყისი ტურები ბარში ჩაიშალა და “შატილში” ავიდა. მართალია ეს “შატილი” თბილისში თემქაზეა, მაგრამ სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვანი მაყურებელმა სუსხიანმა ამინდმა მაინც გვარიანად შეაწუხა.


თამაშიც დიდად საქცერი არ გამოდგა, თუმცა, მეორე ტაიმში უფრო გამოცოცხლდა. ცივი ქარი და მადააღძრული “სპარტაკი” დაუხვდა უმაღლესლიგელ აუტსაიდერ ‘სამტრედიას” თბილისში გადატანილ მატჩში, რომელიც გორში უნდა გამართულიყო.

სამტრედიელები უკმაყოფილონი იყვნენ და არ შეიძლება არ დაეთანხმო: ისედაც მწირი ბიუჯეტი აქვთ, თუ შეიძლება სულ რაღაც 44 ათასი ლარს ბიუჯეტი ეწოდოს. ამდენს საქართველოში ზოგიერთი ფეხბურთელიც იღებს. იმერლები თეთრს

თეთრზე აკოწიწებენ, თამაშებზე მაინც რომ გამოცხადდნენ. მათი გაჭირვება ყველამ იცის და ეწყინათ, გორში დიდთოვლობის გამო მატჩის ჩატარება შეუძლებელი თუ იყო, წინასწარ ეთქვათ, გორამდე ჩასვლა და ზედმეტად ფულის ხარჯვა არ მოგვიწევდაო. ლაპარაკია საწვავის თანხაზე, დაახლოებით 400 ლარზე, “სამტრედიისთვის” დღეს ეს მცირე თანხაც პრობლემაა. 

ასეთ დღეში ჩააგდეს გუნდი, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში, ფაქტობრივად, ჩაკლეს. ვინ და რატომ, არ ვიცი და ვეჭვობთ, ეს რომელიმე სამტრედიელის მიზეზით მომხდარიყო, მაგრამ ამით ფაქტი არ იცვლება. გუნდშიც პესიმისტური განწყობაა და როდესაც ფეხბურთელები ხელფას-პრემიებს ვერ იღებენ და უმაღლეს ლიგიდან გავარდნას წინასწარ ეგუებიან, ძნელია მათ რამე მოსთხოვო. ვერც მწვრთნელს მოსთხოვ დემორალიზებული ფეხბურთელების გულიანად ათამაშებას, რაც ამ გუნდის საფირმო ნიშნად იყო ქცეული.

“სპარტაკი” მოედანზე თავდაჯერებული გავიდა, რადგან წინა ტურში ბოლნისის “სიონს” იოლად სძლია (3:0) და გაჭირვებლი “სამტრედია” რას დააკლებდა? თუმცა მასპინძლებს ზედმეტი თავდაჯერება კინაღამ სანანებელი გაუხდათ.

ბადრი კვარაცხელიას შეგირდები ისე ეფექტურად ვერ გამოიყურებოდნენ, როგორც ბოლნისელებთან, რადგან, ქულის მოპოვების იმედად სტუმრები კი დაცვაში ჩაჯდნენ. აღსანიშნავია, რომ ლევან ანჯაფარიძის გუნდს დღემდე ვერ ეხმარებიან კაპიტანი სპარტაკ გოგია და ლიდერი შოთა ჩომახიძე. სამაგიეროდ, დაიმატეს გია იმედაძე, რომელიც ბოლოს უზბეკეთში თამაშობდა. გია აშკარად  მოუმზადებელი და წონაშია, მაგრამ ცხინვალელებს რამდენჯერმე პრობლემა მაინც შეუქმნა.

პირველი ტაიმი “სპარტაკის” უპირატესობით წარიმართა, პირველი საგოლე მომენტი მხოლოდ 22-ე წუთზე შექმნეს და ანგარიშიც გახსნეს: ვალერი ბოლქვაძემ ბურთი საჯარიმოსთან ზვიად მეტრეველს გადააწოდა, მან მკერდით გიორგი მამუჩიშვილს დაუგდო და ახალგაზრდა ნახევარმცველის ძლიერი დარტყმა ზუსტი გამოდგა - 1:0.

მალე თავის გამოჩენა შეეძლო ნიკა მგელაძეს, მაგრამ მისი თავური დარტყმა “სამტრედიას” მეკარე კახა ჯინჭარაძემ მოიგერია. ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა მეტრეველმა, ძელს მოარტყა ბურთი ბესიკ დეკანოიძემ, სამტრედიელები კი რეალურ მომენტს ვერ ქმნიდნენ.

მეორე ტაიმში მშიერ-მწყურვალი სამტრედიელები მოულოდნელად გამოცოცხლდნენ და მოედანზე აბსოლუტურად განსხვავებული განწყობით გავიდნენ. კარგად ათამაშდნენ მათი ნახევარმცველები, რომელებიც სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას ახერხებდნენ, განსაკუთრებით ექს-სპარტაკელი გიგა ბურჯანაძე აქტიურობდა. “სამტრედიის” მარცხენა ნახევარმცველი დაუღალავად მოძრაობდა, რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, ბურთი ძელს მოარტყა, თანაგუნდელებს გადაცემებით დროულად ამარაგებდა... დასამახსოვრებელი იყო პაატა ბაკარანძის, იმედაძის, გიორგი ცხადაიას შეტევები. ანგარიშის გათანაბრება შეეძლო ვაჟა ლომაშვილს, რომელიც ორ მცველს გაცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სოსო გრიშიკაშვილს ვეღარ აჯობა. 

“სამტრედიას” ქულის გადარჩენა სურდა და დაცვა მოაშიშვლა. სპარტაკელები მატჩის ბოლოს გამოფხიზლდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს: ყველა საგოლე მომენტი ვერ გამოყენეს მგელაძემ, ფრიდოლინ მოსე მოიომომ, ბოლო წუთზე კი ბოლქვაძემ ორი თანაგუნდელი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ - ჯერ მერტეველი, შემდეგ ტიერი კლოვისი, მაგრამ შესაძლებლობით ვერც ერთმა ისარგებლა და “სპარტაკი” მინიმალურ გამარჯვებას დასჯერდა.


სპარტაკი-სამტრედია 1:0

03.03. თბილისი. სპორტკომპლექსი "შატილი-ნორჩი დინამო". 400 მაყურებელი
1:0 მამუჩიშვილი (22. მეტრეველის პასით).

4-2-3-1           4-2-3-1
გრიშიკაშვილი  ჯინჭარაძე
ჭაფოძე         ჩხიკვაძე
ტეტუნაშვილი   ხუმარაშვილი
ბოიომო         თ. შალიკაშვილი
ოთარაშვილი    კირთაძე
მამუჩიშვილი    მიქაბერიძე
მგელაძე        ცხადაია
უგრეხელიძე    ბაკარანძე
ვ. ბოლქვაძე    ლომაშვილი
დეკანოიძე      ბურჯანაძე
მეტრეველი     იმედაძე

 

მწვრთნელი       მწვრთნელი
ბ. კვარაცხელია   ლ. ანჯაფარიძე


მკითხველის კომენტარები / 1 /
ისტორიაში ჩაიწერება რა უქნეს სამტრედიას:
''ასეთ დღეში ჩააგდეს გუნდი, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში, ფაქტობრივად, ჩაკლეს. ვინ და რატომ, არ ვიცი და ვეჭვობთ, ეს რომელიმე სამტრედიელის მიზეზით მომხდარიყო, მაგრამ ამით ფაქტი არ იცვლება. გუნდშიც პესიმისტური განწყობაა და როდესაც ფეხბურთელები ხელფას-პრემიებს ვერ იღებენ და უმაღლეს ლიგიდან გავარდნას წინასწარ ეგუებიან, ძნელია მათ რამე მოსთხოვო. ვერც მწვრთნელს მოსთხოვ დემორალიზებული ფეხბურთელების გულიანად ათამაშებას, რაც ამ გუნდის საფირმო ნიშნად იყო ქცეული."
მართალი ბრძანდებით ბატონო მერაბ!
სამტრედის გადასარჩენად თქვენ უფრო იბრძოდით ვიდრე ნებისმიერი ვისაც ეს ევალებოდა, სამტრედიას პრეზიდენტი ირაკლი ახობაძე სპარტაკთან თამაშის დღეს სამტრედიაში იყო და ესე ამბობდა არ მეცალა და იმიტო არ ვახლავარ გუნდსო, დაგვცინიან და სულში გვაფურთხებენ , ხალხი დაატერორეს ყველას ეშინია ყველაფრის ვერ ამბობენ რატო ხდება ეს,
მაგრამ დიდი მადლობა ბატონ დეპუტატს იმიტომ რომ როგორც ჩანს მხოლოდ მას უნდა ფეხბურთი მაგ ადამიანის დამსახურებაა იმ 10 000 ლარის მოძიება და 40 0000 (ეგრეწოდებულ გუბერნატორის დახმარების ფული) მიმიფურთხებია დანარჩენისთვის
samtredieli
16:07 04-03-2011
0

სიახლეები პოპულარული