მალე გაზაფხულიც მოვა

AutoSharing Option
კალენდრის მიხედვით "აშკარად" გაზაფხულია, მაგრამ ამინდის კაპრიზებს ბოლო არ უჩანს; ჰო, "ვიცით", რომ მარტია და, ერთი შეხედვით, ამ თვის ჭირვეულობასაც შეგუებული უნდა ვიყოთ, მაგრამ უამინდობა თუ ამდენ კორექტივს შეიტანდა საქართველოს ჩემპიონატის ყველა ტურნირში (უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, დუბლების პირველობა), ამას მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა.

ჩვენი არ იყოს, გაოცებას ვერ მალავდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსი ნოდარ კაკულია, მოახლოებული ტურის თაობაზე გუშინ რომ შევეხმიანეთ: "ოც წელზე მეტია ამ საქმეს ვემსახურები და უამინდობის გამო მარტის თვეში თამაშების ჩატარებას საფრთხე შექმნოდეს, მსგავსი არასდროს
მომხდარაო..."

ადრეც აღვნიშნეთ, რომ მეორე ეტაპიდან ყველა ტური ერთსა და იმავე დღეს უნდა ჩატარებულიყო (გამონაკლისი მხოლოდ მეორე ეტაპის საწყისი ტური იყო), მაგრამ თებერვალში რამდენიმე მატჩის გადადებას ჩემპიონატის კალენდარში გარკვეული ცვლილებები მოჰყვა; ანუ, XXIII ტურის ხუთივე მატჩი კვირას კი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რამდენიმე გუნდი სხვებთან შედარებით აშკარად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდა და ისევ "გაყოფილი", ანუ "ორდღიანი" ტური გველოდება.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ "სპარტაკმა", "სამტრედიამ", "ზესტაფონმა" და "ტორპედომ" გამოტოვებული მატჩები 3 მარტს ჩაატარეს და ამ გუნდების მონაწილეობით გასამართი შეხვედრებიც, კვირის ნაცვლად, ორშაბათს ჩატარდება. ოღონდ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემთ, XXIII ტურის სრულად ჩატარებაზე: ხვალ, შესაძლოა, დასავლეთში მოთოვოს, ზეგ პირიქით - აღმოსავლეთში გადაათეთროს ჩვენი სტადიონები და აი, ასე უნდა ვიყოთ "ნაღდი გაზაფხულის" მოლოდინში.

ისე კი, ტური თუ სრულად ჩატარდა, სატურნირო ცხრილში სერიოზულ ცვლილება-გადაადგილებებს არც უნდა ველოდოთ; ყოველ შემთხვევაში, ერთის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია: როგორი შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს ამ ტურის მატჩები, ზედა სამეული უცვლელი დარჩება! ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტურის შემდეგაც ლიდერი "ზესტაფონი" იქნება, მეორე ადგილზე "ოლიმპი" დარჩება, მესამეზე კი - "დინამო"; ამას გარდა, ცოტა არ იყოს, ძნელად სავარაუდოა, რომ ცხრილის ქვედა ნაწილშიც სერიოზული ცვლილებები მოხდეს, - ოღონდ, ამ შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობა კი არ გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, არამედ აუტსაიდერი გუნდების თითქმის უშანსოდ ყოფნა წყვილებში ფავორიტებად მიჩნეულ მეტოქეებთან.

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, რომ მოვლენების ასეთი განვითარებაც არავის უნდა გაუკვირდეს: ძალიან დიდი ალბათობით, სატურნირო ცხრილში, შესაძლოა, არც ერთი ცვლილება-გადაადგილება არ მოხდეს! თუმცა, მოვლენებსაც წინასწარ ნუ გავუსწრებთ და ნურც პროგნოზებში "გავთამამდებით"; ბოლოს და ბოლოს, ჯერ ხომ მხოლოდ მეორე ეტაპის დასაწყისია და არა - დასკვნითი ნაწილი, როცა ყველა და ყველაფერი ლოგიკა-კანონზომიერებას "ემორჩილება". თანაც, "ყველამ ყველაფერი" წინასწარ რომ იცოდეს, მაშინ ხომ იმ შემორჩენილ გულშემატკივრებსაც ვეღარაფრით შევიტყუებთ ჩვენს სტადიონებზე.


"კოლხეთი"-"დინამო"
ამ ბოლო დროს ორივე გუნდს არასახარბიელო დროება უდგას: ზედიზედ სამმა მარცხმა "კოლხეთი" მეტისმეტად სახიფათო "ზონაში" ჩააყენა: სეზონის დაწყებიდან პირველად მოხდა, ფოთელთა გუნდი ბოლოსწინა ადგილზე რომ იმყოფება. თანაც, ბესიკ შეროზიას გუნდმა ბოლო სამი მატჩი ისე წააგო, მეტოქის კარში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა; მაგრამ, "კოლხეთის" ქომაგებს, ალბათ, ის ფაქტი უფრო გააღიზიანებდათ, რომ ფოთელთა სამივე მეტოქეთაგან არც ერთი მიეკუთვნებოდა ჩემპიონატის ფავორიტებს.

სამაგიეროდ, ხვალიდან მოყოლებული თერთმეტი დღის განმავლობაში "კოლხეთს" სამი ურთულესი მატჩი ელოდება: ჯერ "დინამოს" უნდა უმასპინძლოს, მერე -"ზესტაფონს" ეწვევა და შემდეგ საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონს "ოლიმპს" შეხვდება. ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი განწყობა იქნება მასპინძელთა გუნდში - მოგეხსენებათ, თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს წარუმატებელი სერია ფეხბურთელებზე.

არადა, სეზონი "კოლხეთმა" მართლაც ჩინებულად დაიწყო და აგვისტოს შემდეგ სულაც ერთადერთი გუნდი იყო, არც ერთი მატჩი რომ არ ჰქონდა წაგებული და საკუთარ კარშიც არც ერთი გოლი არ ჰქონდა მიღებული. ჩემპიონატში პირველი მარცხი კი "კოლხეთმა" ხვალინდელ მეტოქესთან იწვნია: ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ფოთს თბილისის "დინამო" ესტუმრა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა (3:1). ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო "დინამოს" მოგება მეორე წრის შეხვედრაში: 27 ოქტომბერს კახა კაჭარავას გუნდმა "კოლხეთის" კარში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა! თუმცა, იმ დროისათვის ფოთელთა გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძირითად შემადგენლობაშიც, ფაქტობრივად, დუბლების ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.

თუმცა, გარკვეული პერიოდის მერე "დინამოსაც" სერიოზული პრობლემები შეექმნა, ოღონდ, ფინანსები აქ არაფერ შუაშია: ზუსტ "რეცეპტს" ვერავინ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ეტაპის სტარტზე ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ასპარეზობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. ნაყოფიერი ქართულ-უცხოური შეკრება, ათეულობით უცხოელი თუ ქართველი ახალწვეული, ახალი მეპატრონე, კლუბსა თუ გუნდის ხელმძღვანელობაში მომხდარი სერიოზული საკადრო ცვლილებები, - მოკლედ, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, "დინამო" მეორე ეტაპის დასაწყისიდანვე რომ ჩართულიყო "საჩემპიონო რბოლაში"; მაგრამ, მართლაც მოულოდნელზე-მოულოდნელი რამ მოხდა: ჩემპიონობის ერთ-ერთმა ფავორტმა გუნდმა სამ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 2(!) ქულის მოგროვება მოახერხა!

ამასობაში კი, კონკურენტები წინ გაიჭრენ და ამიერიდან "დინამოს" მართლაც ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს: სეზონის ბოლომდე სადმე ქულების დაკარგვის უფლებაც აღარა აქვს და პლუს, იმის იმედზეც უნდა იყოს, "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" გარკვეული ჩავარდნა დაეწყოს.

მოკლედ, ხვალინდელ მატჩს სატურნიროს გარდა, არანაკლები ფსიქოლოგიური დატვირთვაც გააჩნია: სტუმრები ყველა ღონეს იხმარენ, მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება რომ მოიპოვონ, მასპინძლები კი სახელოვან მეტოქესთან მაქსიმალური მოტივაციით რომ გამოვლენ, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ამ წყვილში ფავორიტად უცხოური საბუქმეიქერო კანტორები "დინამოს" მიიჩნევენ და, ალბათ, მართლებიც არიან - სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება კი აკლიათ, მაგრამ სათამაშო კლასით მასპინძლებს აღემატებიან.

ხვალინდელ მატჩში ორივე გუნდი თითო-თითო დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს მოისაკლისებს: მასპინძლებს ომარ გოგონაია (წინა ტურში "ტორპედოსთან" წაგებულ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული რომ იყო "კოლხეთის" შემადგენლობაში) არ ეყოლებათ, "დინამოს" კი პორტუგალიელი ლეგიონერი ედნილსონი არ ეყოლება. ისე, რახან ლეგიონერი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ალბათ, უკვე დროა, "დინამოს" უამრავმა უცხოელმა ახალწვეულმა მათზე გაცემული ავანსები გაამართლოს. და არა მხოლოდ უცხოელებმა - "დინამოსთვის" ფასეული შენაძენიაო, ჯერჯერობით ხომ ვერც ერთ ახალწვეულზე ვერ ვიტყვით.


"სიონი"-"ვიტ ჯორჯია"
წინა წყვილისგან განსხვავებით, "სიონი"-"ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირებაში მართლაც ძნელია რომელიმე გუნდს ფავორტის სტატუსი მივანიჭოთ; ერთი შეხედვით, გარკვეული უპირატესობა "სიონს" უნდა ჰქონდეს - ბოლნისელებმა ჩემპიონატში მოგროვილი ქულების, ფაქტობრივად, 90 პროცენტი ხომ საკუთარ მოედანზე მოაგროვეს; თანაც, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, "სიონმა" უკვე არაერთი ფავორიტის გამწარებაც მოასწრო, მაგრამ, გიორგი ყიფშიძის გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა: ერთი-ორ წარმატებულ შეხვედრას მერე აუცილებლად წაგებათა სერია უნდა მოჰყოლოდა, შემდეგ მეტ-ნაკლები "გამონათებებიც" იყო და ასე გრძელდება დღემდე.

რაღა შორს მივდივართ: იგივე სურათია მეორე ეტაპის სტარტზეც და ასეთ არასტაბილურობას, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელი სატურნირო მდგომარეობაც მოჰყვა. დღესდღეობით "სიონი" გასავარდნ ზონაში არ იმყოფება, მაგრამ მომდევნო ოთხი მატჩი ისეთ გუნდებთან ("ტორპედო", "დინამო", "ზესტაფონი" "ოლიმპი") ელოდება, ვეჭვობთ, ქულათა მარაგი სერიოზულად რომ შეავსოს.

ეგაც რომ არ იყოს, "ვიტ ჯორჯია" ხომ მუდამ იყო ბოლნისელთათვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე და განსაკუთრებით კი ეს ბოლო სეზონებზე ითქმის. თავად განსაჯეთ: ქვემოქართლელებს უკვე ათი მატჩია, "ვეტერინარები" რაც არ დაუმარცხებიათ! არადა, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას თავი რომც დავანებოთ, სხვა ფაქტორიც არანაკლებ აღსანიშნავ-გასათვალისწინებელია: მეტოქისაგან განსხვავებით, "ვიტ ჯორჯია" მართლაც აღმავლობის გზაზეა და მეორე ეტაპის სტარტზე თუ რომელიმე გუნდზე ითქმის, წარმატებული თამაშით დაგვამახსოვრდაო, სწორედ "ვეტერინარები" არიან.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის შემდეგ მერაბ კოჭლაშვილის გუნდს მხოლოდ 3 ქულა აშორებდა გასავარდნ ზონას; ახლა კი, ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ "ვეტერინარებმა" სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუმჯობესეს და გვჯერა, მიღწეულითაც არ დაკმაყოფილდებიან. სხვათა შორის, ხვალინდელ მატჩში ერთმანეთს  უმაღლესი ლიგის ყველაზე ასაკოვანი და ყველაზე ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპირდებიან: მასპინძელთა შემადგენლობაში ერთი-მეორეზე გამოცდილი ათზე მეტი ფეხბურთელია, მაშინ როცა "ვიტ ჯორჯიას" საშუალო ასაკი 22 წელს არ აღემატება.

აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ სტუმრებისგან განსხვავებით, "სიონი" ხვალ ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს; აი, "ვიტ ჯორჯიას" კი, უდავოდ, სერიოზული დანაკლისი აქვს: დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს ტოვებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჯანელიძე. არადა, ამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ისე როგორც "ვიტ ჯორჯიას" ახალმა კაპიტანმა გიგა ბეჭვაიამ, თებერვლის თვეში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული