მობილური(ს) გასროლა "ფაზისზე"

AutoSharing Option


06.03. ფოთი. ფაზისი. 1000 მაყურებელი
კოლხეთი – დინამო 0:2
0:1 კოშკაძე (24), 0:2 იელიჩი (40. რობერტინიოს პასით).

კოლხეთი დინამო
4-4-1-1 4-2-3-1
ძაგანია ლორია
მეგრელიშვილი ღონღაძე
ინწკირველი კაკუბავა
მახვილაძე ჰომოლა
ცხვიტარია ხმალაძე
მოისწრაფიშვილი ჰაჯიბულიჩი
გვალია არზიანი
სიჭინავა ჯუსი
გულუა კოშკაძე
კვერენჩხილაძე რობერტინიო
მდივნიშვილი იელიჩი
მწვრთნელი მწვრთნელი
ბ. შეროზია კ. კაჭარავა

კოლხეთი
46. კვერენჩხილაძე-წიქარიშვილი
58. გულუა-სამადაშვილი
72. სიჭინავა-გელაჭეიშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ქორჩილავა, ბარამიძე, საცერაძე

დინამო
56. არზიანი-ფირცხალავა
65. ჯუსი-კახელიშვილი
78. რობერტინიო-კვეკვესკირი
სათადარიგოები: ზარქუა, კაშია, მაროვიჩი, ტატანაშვილი

გაფრთხილება: მოისწრაფიშვილი (3), მახვილაძე (26), ცხვიტარია (34), ჰომოლა (58), ფირცხალავა (74), მეგრელიშვილი (90+2)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

გუშინ, "ფაზისზე" ზურაბ პოლოლიკაშვილს იღბლიანი
საფეხბურთო დებიუტი გამოუვიდა — სამიოდ დღის წინ მისი მმართველობის ქვეშ გადასულმა და წელს აქამდე მოუგებელმა "დინამომ" პირველი სამი ქულა მოიპოვა. ექს-მინისტრმა სიტყვა შეასრულა და შეხვედრას თავადაც დაესწრო — პოლოლიკაშვილი ლოჟაში ძველი ნაცნობის (ოღონდ პოლიტიკური საქმიანობიდან), ფოთის ყოფილი მერისა და ახლა საკრებულოს თავმჯდომარე ვანო საღინაძესთან ერთად იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი "კოლხეთის" თამაშებს არასდროს აცდენს, რაც მისი მხრიდან კლუბისადმი მხარდაჭერის ნიშანია, თუმცა ამავეს ვერ ვიტყვით ფინანსურ მხარეზე — უფულობა მეგრული კლუბის ჯერაც "მოურჩენელ სენს" წარმოადგენს.

როგორც ვთქვით, დედაქალაქელებს აქამდე არ მოეგოთ და გუშინდელი შეხვედრა მათთვის ბევრს ნიშნავდა — ფეხბურთელებს მინიმუმ ახალი მმართველი უნდა გაეხარებინათ და ამასთან, დაემტკიცებინათ, რომ მოგებაც შეუძლიათ. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მართალია, მათ წლევანდელ აქტივში, მეტოქისგან განსხვავებით, ერთი მოგება იყო, მაგრამ კოლხების მდგომარეობა გაცილებით რთული გახლავთ, თუ უკვე კატასტროფული არა. "დინამოსთან" მატჩი, შესაძლოა, "კოლხეთისთვის" ერთ-ერთი ბოლო შანსი გახლდათ, რათა კლუბმა სასწაული მოახდინოს და უფინანსოდ დარჩენილმა მაინც მოახერხოს ლიგაში დარჩენა. აკი, მთელი შეხვედრის მანძილზე იმუქრებოდა ფოთელი ქომაგი — დღეს თუ ვერ მოვიგეთ, აღარაფერი გვშველის და ჩვენი ფეხი "ფაზისზე" არ იქნებაო.

მატჩის დასაწყისი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა — უკვე მე-8 წუთზე რეალური შანსი გიგა კვერენჩხილაძეს მიეცა — მის ძლიერად დარტყმულს, როგორც გამოჩნდა, ხელი გიორგი ლორიამ წაჰკრა და გუნდი აშკარა ხიფათისგან იხსნა. იქვე კუთხურიდან მოწოდების შემდეგ ბურთი სტუმარ მცველებსა და მეკარეს "გაეპარათ", თუმცა დაუცველ კარში დამრტყმელი კოლხთაგან არავინ აღმოჩნდა.
ამის შემდეგაც მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. აშკარა იყო, ფეხბურთელები შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენას ცდილობდნენ, მათ ომახიანად ამხნევებდნენ ქომაგებიც, თუმცა...

უწყინარ სიტუაციაში ბურთი კოშკაძეს მიუვიდა, კაპიტანი მცველს გასცდა და საჯარიმოს გარედან ძაგანიას შორეულ კუთხეში დაურტყა — ტრაექტორიაშეცვლილი და "ცხრიანთან" ჩაშვებული ბურთი მასპინძელთა მეკარისთვის აუღებელი აღმოჩნდა.
ამან თბილისელები გამოაცოცხლა და ათიოდ წუთში მათ ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ — კოშკაძე-იელიჩის წყვილმა მეტოქის საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და "კოლხეთი" მეკარემ და ძელმა ერთად გადაარჩინეს.

თუმცა სტუმრებმა ლეგიონერების დახმარებით მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხეს — რობერტინიომ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა, სადაც ყველას იელიჩმა დაასწრო და თავისიანებს ორბურთიანი ფორა მისცა. ანგარიშის შეცვლა ტაიმის ბოლო წამებზე სიჭინავას შეეძლო, მაგრამ დათას დარტყმულზე ლორიამ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

მართალია, მეორე ნახევარში ფოთელებმა გარდატეხის შეტანა სცადეს, მაგრამ სურვილი რეალობად ვერ აქციეს. მეტიც, "კოლხეთი" უკეთაც ათამაშდა, მაგრამ ხიფათს ძირითადად "დინამო" ქმნიდა: 55-ე წუთზე, მარცხნიდან კარგად გაიჭრა იელიჩი, საჯარიმოში დროული პასიც გააკეთა, კოშკაძემ ბურთი გონივრულად გაატარა, მაგრამ ჯუსის დარტყმა დაუგვიანდა; 79-ე წუთზე, მოედანზე წამების შესულ ნიკა კვეკვესკირს შეეძლო გატანა, მაგრამ ძაგანიას ვერ აჯობა; იქვე კოშკაძეს დუბლის შესრულებს კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

დასასრულ, ერთი საინტერესო ეპიზოდი, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახეთ — მატჩის 58-ე წუთზე, ტრიბუნიდან ისროლეს და მატჩის არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას ფეხებთან დაეცა, არც მეტი, არც ნაკლები... მობილური ტელეფონი! როგორც ჩანს, ფოთელმა ქომაგმა კონკრეტულ ეპიზოდში მსაჯისადმი უკმაყოფილება ასეთი ფორმით გამოხატა. არც ის არის გამორიცხული მობილურის "ადრესატი" ლაინსმენი იყო, რომელიც ეპიზოდთან ახლოს იდგა, ან სულაც რომელიმე "დინამოელი" — კოლხი მობურთალის მიმართ უხეშად თამაშის გამო.

ისე კი, ადრესატი და მიზეზი ვინც ან რაც უნდა იყოს, დაგვეთანხმებით უპრეცედენტო შემთხვევაა — აქამდე მობილურის მოედანზე სროლის ფაქტი ნამდვილად არ გვსმენია და თუ ვთქვათ, გურულებს თავი მოაქვთ — მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩიჩილაკი ჩვენთან იდგმებაო (არადა, ჩიჩილაკს მხოლოდ გურიაში იყენებენ საახალწლოდ), პლუს მოედანზე ნივთების სროლაში ჩვენს "უპირატესობასაც" გავიხსენებთ, ვეჭვობ, გუშინ "ფაზისზე" მსოფლიოს მასშტაბით "უნიკალური" ფაქტი დაფიქსირდა.

მატჩის შემდეგ:
კახა კაჭარავა ("დინამო"): "შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. მეტოქეს დავასწარით გოლის გატანა, რითაც საქმე გავიიოლეთ და ეს საბოლოო გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა. უფრო მეტის გატანა შეგვეძლო და ამ მხრივ უკმაყოფილო დავრჩი, განსაკუთრებით — მეორე ნახევარში, როცა მრავალი მომენტი გავაცუდეთ".
ბესიკ შეროზია ("კოლხეთი"): "ვცდილობდით, მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია, მაგრამ "დინამოსთან" შედეგს რომ მიაღწიო, ეს საკმარისი არ არის. თავიდან უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ პირველი გოლი მეტოქეს, ფაქტობრივად, ჩვენ გავაკეთებინეთ. თუმცა "დინამოს" მოგებას არ ვაკნინებ — მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. არ მინდა ვთქვა, რომ განწირულები ვართ, მაგრამ ცუდ დღეში რომ ვართ, ფაქტია".

მამუკა ქანთარია
ფოთიდან


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული