გუშინ ჩატარებული მატჩების შედეგს სატურნირო ცხრილში არანაირი ცვლილება არ შეუტანია; სამაგიეროდ, მართლაც აღნიშვნის ღირსია "ვეტერინართა" ზედიზედ მესამე გამარჯვებაც და, რაღა თქმა უნდა, მეორე ეტაპზე "დინამოს" პირველი მოგებაც. თუმცა ამ ყველაფერზე (ისე, როგორც "დინამოს" სერბი ლეგიონერის პეტარ ელიჩის პირველ ქართულ გოლზე) ტურის მიმოხილვაში ვისაუბრებთ; მანამდე კი დღევანდელი მატჩების წინათქმას გავეცნოთ...
ზესტაფონი-ბაია
მეორე ეტაპის დაწყებიდან ორად ორი გუნდია, თამაში როამ არ წაუგია და დღეს სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაა. "ზესტაფონი" ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და გია გეგუჩაძის გუნდის წარმატებული ასპარეზობა არავის უნდა
...დღევანდელი მეტოქეები ამ სეზონში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი... ზუგდიდში ჩატარდა; ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ოქტომბრის ბოლოს ზესტაფონის სტადიონზე ბალახის საფარი იცვლებოდა და ორივე გუნდის ურთიერთშეთანხებით მეორე წრის შეხვედრაში სტუმარ-მასპინძელი შეიცვალა. ის მატჩი "ზესტაფონის" გამარჯვების (3:1) დასრულდა და ასე შეძლო გია გეგუჩაძის გუნდმა პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება. ჰო, ის შეხვედრა, 11 სექტემბერს რომ ჩატარდა, შემთხვევით არ გაგვიხსენებია: იმ დროისათვის "ბაიას" შემადგენლობაში მოასპარეზე გიორგი მეგრელაძემ "ზესტაფონის" კარში ერთი-მეორეზე უკეთესი და ულამაზესი ორი გოლი გაიტანა!
სამტრედია-ტორპედო
20 ნოემბერი იყო, "სამტრედიამ" სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია რომ შემოგვთავაზა და თბილისის "დინამო" დაამარცხა; თუმცა, იმის მერე შვიდი ტური ჩატარდა და "სამტრედიამ" მხოლოდ ორი ქულა მოაგროვა. ჰოდა, ყოველივე ეს ცხრილზეც აისახა — "სამტრედია" ბოლო ადგილამდე დაქვეითდა და, ალბათ, ამ გუნდის მხოლოდ განსაკუთრებულ და ოპტიმისტ ქომაგებს თუ სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება. თავად განსაჯეთ: ფინანსურად გაჭირვებული გუნდი დღეს თავისზე ბევრად ძლიერ (ყველა ასპექტში) "ტორპედოს" უნდა შეხვდეს, შემდეგ კი ზედიზედ სამი მატჩი ელოდება ჩემპიონატის ყველაზე გამორჩეულ გუნდებთან ("დინამოსთან", "ზესტაფონთან", "ოლიმპთან"). სხვათა შორის, ფინანსურად დალხენილი ცხოვრება "სამტრედიას" არც პირველ-მეორე წრეში ჰქონდა, მაგრამ მონდომების ხარჯზე პრინციპულ მეტოქესთან პაექრობაში ოთხი ქულა მოაგროვა. მოკლედ, იმის გარდა, რომ სატურნირო მდგომარეობა აქვს გასაუმჯობესებელი, "ტორპედო" ამ "იმერულ დერბიში" პირველ გამარჯვებასაც შეეცდება. ერთი საინტერესო დეტალიც: უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი "სამტრედიას" აქვს გაშვებული, "ტორპედო" კი მეტოქეთა კარში გატანილი ყველაზე ნაკლები ბურთით "გამოირჩევა"; თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია — ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება...
ოლიმპი-სპარტაკი
წინა ტურში "ოლიმპის" თორმეტმატჩიანი წაუგებელი სერია დამთავრდა და "ზესტაფონთან" მარცხი რუსთავის გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებისათვის ორმაგად მტკივნეული იყო; ჰო, იმის გარდა, რომ უშუალო კონკურენტთან წაგებით ასეთი წარმატებული სერია შეწყდა, ეს მარცხი "ოლიმპს" ლიდერობის დაკარგვადაც დაუჯდა. ახლა კი, ვიდრე მეოთხე წრე დაიწყება (ანუ, უშუალო კონკურენტებთან შეხვედრებამდე), თორნიკე მაისურაძის გუნდს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს, თანაც, იმის იმედზეც უნდა იყოს, "ზესტაფონმა" სადმე რომ წაიფორხილოს. "ოლიმპი" დღევანდელ მატჩშიც, ერთი შეხედვით, უპირობო ფავორიტად უნდა მიგვეჩნია: ბოლოს და ბოლოს, საკუთარ მოედანზე მსგავსი ჩინებული მაჩვენებლით (10 გამარჯვება და 2 ფრე) ვერც ერთი გუნდი დაიკვეხნის; ეგაც რომ არ იყოს, ჩემპიონისა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე მებრძოლი გუნდის პაექრობაში, რაღა თქმა უნდა, "ოლიმპის" შანსები ბევრად უფრო მეტად უნდა ფასობდეს; თუმცა, ამ ბოლო დროს "სპარტაკი" ისეა "მოფერიანებული", ამ გუნდისგან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მეტოქესთან მატჩში ნურაფერს გამოვრიცხავთ; არადა, არცთუ დიდი ხნის წინ "სპარტაკი" უიმედო აუტსაიდერად იყო მიჩნეული და ვეჭვობთ, ვინმეს თუ ეგონა ამ გუნდის მიერ სიტუაციის გამოსწორებისა. და აი, სიტუაცია მართლაც რადიკალურად შეიცვალა და პირველად სეზონის დასაწყისიდან, "სპარტაკმა" ცხრილის ფსკერს თავი დააღწია და უკვე მერვე ადგილამდეც აღზევდა. თანაც, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ "სპარტაკის" ერთობ ეფექტიანი სასელექციო მუშაობა: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დამატებულმა ფეხბურთელებმა გუნდი აშკარად გააძლიერეს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ზვიად მეტრეველზე ითქმის, დღეს... მშობლიურ ქალაქს მეტოქის რანგში რომ ესტუმრება. დიდი ინტერესით ველოდებით აგრეთვე... მოგვარეების "დუელსაც": გამოცდილი დავით ბოლქვაძე ("ოლიმპი") და ახალგაზრდა ვალერი ბოლქვაძე ერთი ამპლუის ფეხბურთელები (ორივე გამთამაშებელია) არიან და მათ ასპარეზობაზეც დიდად არის დამოკიდებული ამა თუ იმ კონკრეტული მატჩის შედეგი. სხვათა შორის, ამ გუნდების მეორე წრის შეხვედრაში ("ოლიმპმა" მხოლოდ მატჩის მიწურულს რომ შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა), ორივე ბოლქვაძემ შეძლო თავის გამოჩენა და მეტოქეთა კარში თითო-თითო გოლი გაიტანეს.