მეტი მოძრაობა, ბიჭებო! იქვე მოახრჩვეთ!.. "ტორპედო" "ტომს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ", რომელსაც 26 თებერვალს, მარტვილში, "სამტრედიასთან" სუპერთასის მატჩი უწევს, თურქული შეკრება დაასრულა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა ბოლო სპარინგი ლარას სასტუმრო "ტიტანიკის" საფეხბურთო კომპლექსში, რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "ტომთან" ("გაზპრომი" სპონსორობს) გამართეს.

სხვადასხვა მიზეზით, ჩხეტიანმა ვერ ათამაშა ნიკა საბანაძე, ვაჟა ტაბატაძე, ნიკა კვასხვაძე, დავით იონანიძე და კახა მეშველიანი. ძლიერი ქარი მეტოქეებს თამაშში ხელს უშლიდა. სასიამოვნოა, რომ ქუთაისელები უბურთოდ ბევრს მოძრაობდნენ. ვიდეორეპორტაჟის დროს ხშირად ისმოდა ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის შეძახილები - "ვარბენინოთ"!.. "მეტი მოძრაობა"!.. "იქვე მოახრჩვე"!..

პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა.
ქუთაისელებმა უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. ჯერ მერაბ გიგაურმა დაარტყა შორიდან ძლიერად, მერე მარჯვენა ფლანგიდან დავით ხურცილავას მიერ ჩაწოდებული ბურთი იმავე გიგაურმა თავით დაუგდო გურამ ადამაძეს, რომელსაც ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მეკარემ ტომსკელები აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში რუსები კიდევ ერთხელ გადარჩნენ: ბიძინა მახარობლიძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც თორნიკე კაპანაძემ პენალტის ნიშნულთან გიორგი კუხიანიძე მოძებნა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

50-ე წუთზე ხურცილავამ სწრაფი კომბინაცია წამოიწყო, მაგრამ კაპანაძის მიერ დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და მიზანს ოდნავ ასცდა.

63-ე წუთზე "ტორპედომ" მაინც გახსნა ანგარიში. მოედნის ცენტრში ბაბუნაშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და შეტევაში ჩართულ გიორგი ქიმაძეს გადააწოდა, რომელიც საჯარიმოს მიუახლოვდა და მძლავრად დასცხო - ბურთი "ცხრიანში" გაეხვია.

მალე ქუთაისელებს რეალურად შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ გოლი იქით მიიღეს - მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე პაველ გოლიშევმა ქუთაისელთა მცველი ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანა არ გასჭირვებია - 1:1.

ტორპედო: რ. კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე (46. გურული), ადამაძე (65. ბურჯანაძე), ქიმაძე, გიგაური, მამასახლისი (46. კუხიანიძე), დოლიძე, ბაბუნაშვილი (65. ფურცხვანიძე), ტუღუში (46. მახარობლიძე), კაპანაძე (69. საღრიშვილი).

დღეს დილით ქუთაისელები ლარაში ერთხელაც ივარჯიშებენ, საღამოს კი საქართველოში გამოემგზავრებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორპედოს ადმინს და ვიდეოინჟენერს მინდა ვკითხო - ბიჭებო, რომელი საუკუნეა რომ ეს იდიოტური "ფიშკა" ელვისებურად კადრის გადიდება -შემცირება ეპიზოდებს შორის,იყენებთ? რაა მართლა ბავშვთა ბაღი ხომ არ არის?სერიოზულ კლუბს ასეთი უმსგავსო ვიდეო მიმოხილვა ეკადრება? ესა რაა, საფრიმო ნიშანი?
QWERTY
16:37 21-02-2017
0
ამ თამაშით ტორპედო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ვერ გავა!
ხალხი
16:05 21-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული