გია ცეცაძე: იცით, რატომ არ სწყალობს თბილისი საქართველოს ჩემპიონატს?

AutoSharing Option
"სამტრედია" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა და სეზონისთვის მზადებას საქართველოში აგრძელებს. ქვეყნის ჩემპიონის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს "ლელო" შეკრებაზე, სატრანსფერო სიახლეებსა და ახალწვეულებზე ელაპარაკა.

როგორც ყოველთვის, სამტრედიელთა დამრიგებელმა ყურადღება მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებზე გაამახვილა...

დრო გვინდა, ბიჭები რომ ათამაშდნენ
- როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა შეკრებამ? რა პრობლემა და დამაიმედებელი ნიუანსები დაინახეთ თურქეთში?
- კმაყოფილი ვარ და თანაც - ძალიან. ეს იყო საუკეთესო შეკრება, რაც კი "სამტრედიაში" მუშაობისას მქონია. თურქებმა გასაოცარი საკურორტო ზოლი მოაწყვეს, ისეთი სასიამოვნო, ლამაზად და კომფორტულად მოწყობილი სავარჯიშო კომპლექსები აქვთ, შეუძლებელია, იგივე
საქართველოში არ ინატრო. კლიმატიც ხელს უწყობთ...

საქმეს რაც შეეხება, სერიოზული სამუშაოც ჩავატარეთ და თავად ბიჭების დამოკიდებულებითაც კმაყოფილი დავრჩი. ბევრი იშრომეს, ისეთ რეჟიმში ვიყავით, რუსები რომ ამბობენ ხოლმე - "ზავოდ-კრავოტ".

- საკონტროლო თამაშებზეც ვილაპარაკოთ...
- მიმაჩნია, რომ ძალიან სასარგებლო სპარინგები გვქონდა. ყველა გუნდი თავისი ქვეყნის უმაღლეს ლიგას წარმოადგენდა. მეორეცაა - ეს თამაშები დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ და ახალწვეულებს თავის გამოჩენისა და გუნდთან შეგუების საშუალებას ვაძლევდით.

- "სამტრედიამ" ზამთარში დიდი ცვლილებები განიცადა. გუნდიდან სამი ლიდერი - არაბული, ზივზივაძე და შერგელაშვილი წავიდა. მათ გარეშე ახალი სათამაშო სქემის აწყობა და გუნდის ხელახლა შეთამაშება თუ შეძელით?
- ეს ადვილი არ არის და მოსამზადებელი ეტაპი სწორედ ამას დავუთმეთ. რამდენიმე ახალი მოთამაშე გვყავს - კასრაძე, სამუშია, სუხომლინოვი, ჩაგელიშვილი და ბერიაშვილი. ცხადია, შესაგუებლად და სათამაშო სქემის ასათვისებლად მათ დრო სჭირდებათ. ზოგს ეს უადვილდება, ზოგსაც უჭირს. მაგრამ მთავარი განწყობაა, რომლითაც ისინი ემზადებოდნენ და შრომობდნენ, თან ეს ყველაფერი თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდებოდა. მაგალითად, ბოლო სპარინგი "ოლექსანდრიასთან" 0:1 წავაგეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტიც შევქმენით და თავად უკრაინელებმაც აღიარეს, რომ ბოლო წუთზე აშკარად გაუმართლათ.

საკონტროლო შეხვედრაში მოგება-წაგება კი არა, სათამაშო სქემის დამუშავება და შეთამაშებაა საჭირო, უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი კი ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. მაგრამ დრო კიდევ გვინდა, ბიჭები რომ გაიხსნან და ათამაშდნენ.

მთავარი მაინც ფსიქოლოგიაა
- საინტერესოა, მომზადების დროს თუ აღრიცხავდით, ვინ რამდენს დარბოდა?
- საბედნიეროდ, ჩვენ გვქონდა საგანგებო ხელსაწყო - პულსომეტრი, რომლის საშუალებითაც თამაშების დროს მოთამაშეთა მონაცემებს ვაფიქსირებდით.

- ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი ვის აღმოაჩნდა?
- მანჯგალაძემ 10 კილომეტრი ირბინა, ხოლო სუხომლინოვმა და მჭედლიშვილმა - 9-9. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დიდი დატვირთვების ფონზე ხდებოდა, მშვენიერი მაჩვენებელია. თუმცა, ცხადია, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ.

- ყველაზე მეტად უკმაყოფილო რომელი საკონტროლო მატჩების შემდეგ დარჩით?
- ვილნიუსის "ჟალგირისთან" მატჩით, მაგრამ ლიტვის ჩემპიონთან დატვირთვების პიკზე ვითამაშეთ. მთლიანობაში, შეკრებით კმაყოფილი ვარ და დრო გამოაჩენს, თურქეთში რა სამუშაო გავწიეთ. მაგრამ ვიმეორებ - მთავარი განწყობაა. დიმიტრი უზნაძე გენიოსი იყო, განწყობის თეორიაზე შემთხვევით არ უმუშავია...

სხვათა შორის, სამწვრთნელო ლიცენზირების კურსებზე შვეიცარიელმა სპეციალისტმა 4 პარამეტრი ჩამოთვალა, რაც გუნდის წარმატებას განაპირობებს - ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური. გვითხრა, რომ ევროპის წამყვანი კლუბების მწვრთნელები გამოჰკითხეს და მათი 70 პროცენტი თურმე მიიჩნევს - გადამწყვეტი მაინც ფიზიკური მომზადებააა. მაგრამ ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტიდან გამომდინარე, აქ განსხვავებული ვითარებაა და არანაკლებ მნიშვნელობას ფსიქოლოგიური მომზადება იძენს. თუ ამაში არ ვარგიხარ და უტეხი ხასიათი არ გაქვს, ის დარჩენილი სამი კრიტერიუმი ვერ დაგეხმარება.

მიზეზთა გამო ჩვენებს ეს პრობლემები აქვთ - ფსიქოლოგიური, შრომისმოყვარეობის, უტეხი ხასიათისა და მიზანმიმართული შრომის. არადა, სწორედ ამით გამოვირჩეოდით, ფეხბურთელებსაც სწორედ ეს რწმენა და განცდა უნდა დავუბრუნოთ.

- და ამას ახერხებთ?
- სულ ამას არ ვცდილობთ?! მიმაჩნია, რომ ნელ-ნელა ვახერხებთ. საერთოდ, საქართველოში ინფრასტრუქტურა რომ გაუმჯობესდეს და მოთამაშეები, უპირველეს ყოვლისა, მენტალურად აღვზარდოთ, მერე ნახავთ, რა დონეზეც ვიქნებით.

სამტრედია და თბილისის წამალი
- ინფრასტრუქტურა ახსენეთ და ამაზეც გკითხავთ: ცოტა ხნის წინათ კახა კალაძემ თქვა, რომ სამტრედიაში ახალი სტადიონი აშენდება...
- ამას ტყუილად არ იტყოდა. მეც ვიცოდი, რომ ეს მშენებლობა იგეგმებოდა. ეს სამტრედიელებისთვის დიდი სიხარული იქნება. სტადიონს სახლში ვერავინ წაიღებს, ქალაქს და ქვეყანას დარჩება და ამის შემდეგ გამორიცხულია, სამტრედიაში საფეხბურთო ცეცხლი ჩაქრეს. ხალხი ახლაც დადის სტადიონზე, მაგრამ კომფორტული და ლამაზი არენა რომ გვექნება, ხომ წარმოგიდგენიათ, მერე რა ბუმი ატყდება?!.

სხვათა შორის, გორის "დილაში" მუშაობისას პორტუგალიურ "მარიტიმუს" რომ შევხვდით, გაოცებული ვიყავი - ისეთ სტადიონზე გვათამაშეს, დაბალჭერიანი გასახდელი ჰქონდა და მეშინოდა, თავი არ ამერტყა. არადა, ევროპის ლიგის პლეი ოფის თამაში იყო. სამტრედიიდან კი 10 კილომეტრში საერთაშორისო აეროპორტია და თანამედროვე სტადიონზე ყველა დონის თამაშის ჩატარება იქნება შესაძლებელი, მათ შორის - ეროვნული ნაკრების მატჩებისაც. მაგრამ შევეშვათ ნაკრებს და ევროტურნირზე გასული გუნდი საკუთარ ქალაქში და კომფორტულ სტადიონზე რომ ითამაშებს, ეს პატარა ამბავია?!

- ევროგათამაშებაში ქართული გუნდები მეტოქეებს საკუთარ ქალაქში რომ მასპინძლობდნენ, ოდნავ უკეთეს შედეგებს მაინც მიაღწევდნენ. თქვენც ასე ფიქრობთ?
- ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს! არადა, გუნდების ნახევარი ამას ვერ ახერხებს. ისიც ტრაგედიაა, რომ სამი გუნდი თამაშობს ქობულეთის სტადიონზე, სადაც ფეხბურთელები ტრავმებს ხშირად იღებენ.

- არადა, ფაქტია, რომ რაიონში მაყურებელი მაინც დადის ფეხბურთზე. მაგრამ თქვენ, თბილისელ კაცს, არ გიფიქრიათ, რატომ არ სწყალობს დედაქალაქი ეროვნულ ჩემპიონატს?
- მიზეზი ბევრია. ჩემი აზრით, არის დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და ეს მაყურებლის მატებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, ლონდონში 15 გუნდია. რეალურად, "არსენალი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი", "კრისტალ პალასი", "ბრენტფორდი", "ქუინზ პარკი" და "უიმბლდონი" უბნებს წარმოადგენენ. გუნდები თბილისშიც ასეთი პრინციპით რომ ჩამოყალიბდნენ, უბნის ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს.

მთაწმინდელი ვარ და გუნდი რომ გავაკეთო, 4-5 ათას მთაწმინდელს ვერ მოვიყვან? ასეთ გუნდს უბანში ბიზნესმენებიც დაეხმარებიან და მის გარშემო სულ სხვა განწყობა იქნება. "ამერი" გლდანელებისთვის უბნის გუნდი გახდა და სტადიონი სულ ივსებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს ვითარებას რადიკალურად შეცვლის, მაგრამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მეტი ფინანსები და სხვა მსგავსი მომენტების შემოტანა აუცილებლად წაგვადგება.

ტორპედო ხელახლა უნდა შევისწავლოთ
- გუნდის დაკომპლექტება დაასრულეთ?
- ჯერ არა და, შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დავიმატოთ ვინმე. მაგრამ ეს თუ არ გამოვა, რაც იქნება, იმითიც კმაყოფილი ვიქნები.

- "სამტრედიას" ერთადერთი ლეგიონერი სუხომლინოვი გუნდს როგორ შეეწყო?
- საკმაოდ კარგად. ის უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო და, სხვათა შორის, წლების წინათ გიორგი დევდარიანის გუნდი უკრაინის იმ 17-წლამდელებს შეხვდა, სადაც სუხომლინოვი კაპიტანი იყო. კიევის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ძალიან საინტერესო მცველია. ეგაა, ადაპტაცია და უკრაინულ სტილზე გაზრდილს ჩვენს სათამაშო სქემაში ჩაჯდომა სჭირდება. მაგრამ კარგი საფუძველი აქვს ჩაყრილი, პროფესიონალია და მისი მჯერა. ეს შეკრებაზეც გამოჩნდა - შრომისუნარიანია, ბევრს მოძრაობს.

- სუპერთასისთვის როგორ ემზადებით?
- საგანგებო მზადება არ დაგვიწყია, მაგრამ სუპერთასის მოგება გვსურს, რადგან სეზონი ამით იწყება და კარგად დაწყება კარგ განწყობას შეგვიქმნის.

- მეტოქედ ქუთაისის "ტორპედო" გყავთ. რას გვეტყვით ამ გუნდზე?
- ნიჭიერი მწვრთნელის ხელში ძლიერი მოთამაშეები არიან და მთლიანობაში, სოლიდური და ამბიციური მეტოქეა. კახა ჩხეტიანმა მოახერხა და თასი მოაგებინა გუნდს - ახლანდელ "ტორპედოზე" ეს ფაქტი ბევრს მეტყველებს. მაგრამ შარშანდელის შემდეგ ქუთაისელთა თამაშმა დიდი ცვლილება განიცადა და მათი სუსტი და ძლიერი მხარეები ხელახლა უნდა შევისწავლოთ.

სადავო არ არის, რომ ურთულესი თამაში გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
kaxa magari da sitkvis kacuri kacia.
stadioni ahendeba samtrediahi uehveli 2030-hi.
TAMAZIKO
18:44 22-02-2017
0
გია ბევრ რამეჰი გეტანხმებიტ მაგრამ იმაჰი ვერავინ დაგეტანხმება რომ უკრაინელს რომ ესე აკებ უბრალოდ ზედმეტია მაგაზე ამდენი საუბარი ჰენ არ გჰვევია ესე და რა ხტება სამტრედიაჰი კიმარა რაგაცის სანაცვლოტ ხუარხტება რაგაცა კარტველების მეტი რაა მაგ პოზიციაზე დაილია ლეგიონერს რომ მოიკვან 1ტავიტ მაგლა უნდა იდგეს და ეგ 1ტავიტ დაბლაა მეტი ტუარა ჰენ არუნდა გჰირდებოდეს მაგის ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰეხსენება
saba
17:54 22-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული