გიორგი ბერიაშვილი: ზივზივაძის შემცვლელი ვარ და ვიცი, სულ მას შემადარებენ

AutoSharing Option
ამ ზამთარს "სამტრედიაში" საგრძნობი საკადრო ცვლილებები მოხდა - გუნდი სამმა ლიდერმა დატოვა და მათ გარეშე გია ცეცაძის კრებულს ხელახლა დასჭირდა შეთამაშება. ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი ამბობდა, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა და რომ ახალწვეულებს გუნდთან შესაგუებლად დრო დასჭირდებოდათ...

ერთმა მათგანმა, გიორგი ბერიაშვილმა, ახალ გუნდში პირველივე ოფიციალური თამაში გოლით აღნიშნა - "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" სუპერთასზე სწორედ "უბიიცას" (ანუ, "მკვლელი" - ბერიაშვილის მეტსახელი) მიერ გატანილი მეორე, გადამწყვეტი გოლით მოუგო. გამოცდილ თავდამსხმელს ბოლო წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი ძელს მოარტყა.

-fekhburthi/thasi/101632-samtredia-torpedo-21-pirveli-superthasi-da-pirveli-dubli-videogalerea.html" target="_blank">- სამტრედია-ტორპედო 2:1 - პირველი სუპერთასი და პირველი დუბლი! [VIDEO]

"ლელომ" იღბლიან დებიუტანტს ინტერვიუ ჩამოართვა...

- ჯერ სუპერთასით დავიწყოთ. ახალ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარეთ და... უცებ სუპერთასის მფლობელი გახდით. მშვენიერი დასაწყისია...
- ყველა გოლი სასიამოვნოა, მით უფრო, ახალ გუნდში და თანაც - პირველივე შეხვედრაში. იმედია, გაგრძელებაც არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება. გინდა თუ არა, ასეა - პირველი თამაში ან კარგ განწყობას გიქმნის ან საფიქრალს და პრობლემებს გიჩენს.

- მეორე გოლის გატანაც შეგეძლოთ. რამ შეგიშალათ ხელი?
- წარმოდგენა არ მაქვს. თითქოს, გატანა იოლი იყო, მაგრამ ბურთი ისეთი უცნაური ტრაექტორიით წავიდა...

იცით, მთელი დღე წვიმდა, მოედანი დამძიმებული იყო და ფეხიც კარგად ვერ დავარტყი, ეტყობა, ვერ მოვზომე. არადა, ლამაზი გოლი იქნებოდა.

- გია ცეცაძე ამბობდა, რომ ახალი სათამაშო სქემის აწყობა და გუნდის ხელახლა შეთამაშება დასჭირდებოდა, ახალწვეულებს კი - გუნდთან შეგუება. შეგიძლია თქვა, რომ "სამტრედიას" უკვე გაუშინაურდი?
- ადამიანურად არანაირად არ გამჭირვებია, იმიტომ, რომ ბიჭების 90 პროცენტს ვიცნობდი. საერთოდ, მეგობრული გუნდია. აი, ჩემთვის უცხო სქემასთან შეგუება კი თავიდან გამიჭირდა. მაგრამ ცეცაძის ფეხბურთი და სტილი ძალიან მომწონდა და მსიამოვნებს, როგორ ფეხბურთსაც ვთამაშობთ.

საერთოდ, ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი ჩემი თამაში იქნება. რადგან სუპერთასზე გავიტანე, მიმაჩნია, რომ ახალ გუნდს მეტ-ნაკლებად შევეგუე. ვგრძნობ, "სამტრედიაში" თამაში მიადვილდება და მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი.

თუმცა, მეორე მხარესაც ვითვალისწინებ - გუნდში ბუდუ ზივზივაძის ადგილზე მიმიყვანეს, რომელიც გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი თამაშით გუნდს მისი არყოფნა არ დაეტყოს, საუკეთესო შემთხვევაში კი, იქნებ, უკეთაც ვითამაშო. თუმცა, ეს ურთულესი საქმე იქნება, რადგან ზივზივაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია.

- თავად ახსენეთ ის თემა, რაზეც უნდა მეკითხა. ზივზივაძის შეცვლა მართლაც რთული იქნება. რაც მთავარია, ახლა სამტრედიელი გულშემატკივრები მას შეგადარებენ. ეს დამთრგუნველი არ იქნება?
- გარკვეულ დისკომფორტს ნამდვილად მიქმნის. გულშემატკივარი ერთ შეცდომასაც არ მაპატიებს. მაგრამ სულ ამაზე ფიქრი სისულელე იქნება.

- რატომ?
- იმიტომ, რომ უფრო მეტ დისკომფორტს ვიგრძნობ. აჯობებს, კარგად ვივარჯიშო და საქმე კარგად გავაკეთო. იმედი მაქვს, ავთამაშდები და გუნდს დავეხმარები.

- ბოლოს ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდით. იქიდან საკუთარი სურვილით წამოხვედით თუ გამოგიშვეს?
- ქობულეთელებს ჩემი დატოვება კიდევ წელიწადნახევრით სურდათ. მათი მადლიერიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან თამაში მსურდა და თავად წამოვედი.

გამოშვება მანამდე იყო, როდესაც ბათუმის "დინამომ" კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა, რაც მოულოდნელიც იყო. საკმაოდ კარგი სეზონი ჩავატარე, ჩემზე მეტი დღემდე ვერავინ გაიტანა, მაგრამ მაინც დავემშვიდობეთ ერთმანეთს. როგორც მერე მითხრეს, მიზეზი ხშირი ტრავმიანობა აღმოჩნდა...

მაგრამ ასევე მოხდა მეკარე მიშა ალავიძის შემთხვევაში, რომელმაც წინა სეზონში "იფრინა"... მაგრამ ესაა ფეხბურთი, ყველაფერი ხდება, მაინც ფეხზე უნდა წამოდგე. "სამტრედიამ" სწორედ ამის შანსი მომცა.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რეალურად, კარიერაში დაღმასვლა გეწყებოდათ. ასეთ დროს გია ცეცაძისგან მიწვევა არ გაგიკვირდათ?
- თან გამიკვირდა და თან - გამიხარდა კიდეც. უფრო იმიტომ, რომ აუტსაიდერი გუნდიდან ჩემპიონში მიმიწვია.

რამდენიმე გუნდში მითამაშია და ერთი-ორის გამოკლებით, ჩემით უკმაყოფილო არსად ყოფილან, ყველგან გამქონდა გოლები და ბომბარდირებშიც ხშირად ვიყავი. იმედია, "სამტრედიაშიც" ისე ვითამაშებ, რომ მაყურებელი უკმაყოფილო არ დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ