”სამტრედია” ქომაგებს არ მიუტოვებიათ

AutoSharing Option
თავიდანვე გეტყვით, რომ ”სამტრედია”-”ტორპედოს” თამაში ლამაზი სანახავი არ გამოდგა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მთელი მატჩის მანძილზე სულ რამდენჯერმე იყო ისეთი მომენტი, "ქართულ კვალობაზე" საგოლეს რომ ვეძახით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გუნდებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი იღონეს და თუ სანახაობრივი მხარე მოიკოჭლებდა, ამაში თავისი წვლილი ამინდმაც შეიტანა - სველ მინდორზე ფეხბურთელებს არათუ პასის გაკეთება, გადაადგილებაც უჭირდათ.

ზემოთ ვთქვით, რომ მობურთალებს ცდა არ დაუკლიათ და 90 წუთის მანძილზე მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ფიცხელი ბრძოლა იყო გაჩაღებული. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგანაც ორივე გუნდს მოგება
ჰაერივით სჭირდებოდა. თუმცა განსხვავება ამაშიც იყო - თუ ქუთათურებს მორიგი წაფორხილება სატურნირო მდგომარეობას ცოტათი გაურთულებდა და მაქსიმუმ სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილების შესაძლებლობა "წამოიწევდა", მასპინძლებისთვის ქულებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა - გამარჯვების შემთხვევაში, სამტრედიელები ცხრილის ფსკერს თავს დააღწევდნენ და ლიგაში დარჩენის რწმენას მაინც განიმტკიცებდნენ.

მატჩის ინტერესს ისიც მატებდა, რომ საქმე იმერულ დერბთან გვქონდა, თანაც დამატებითი ინტრიგაც ახლდა ამ მატჩს - წინა ორ შეხვედრაში ფინანსურად ძლიერმა "ტორპედომ" ერთხელაც ვერ მოუგო ლამის ყველასგან მიტოვებულ და რბილად რომ ვთქვათ, მშიერ "სამტრედიას".

თუმცა კლუბი არ მიუტოვებია სამტრედიელ ქომაგს და ამ კლუბის გავარდნა საცოდაობა მხოლოდ იმის გამოც იქნება, რომ, გვაპატიონ სხვა კლუბების ქომაგებმა, მაგრამ გაჭირვების დროს და განწირულ სიტუაციაში ასეთ ერთგულებაში მათ ვერავინ შეეცილებათ.

მატჩის პირველი წუთიდან ბოლომდე ისინი თავიანთ გუნდს მხურვალედ ქომაგობდნენ (აქვე აღსანიშნავია, რომ მათთვის ტოლი არც სტუმარ ქომაგებს დაუდიათ) და ყველა ის ადამიანი "მოიხსენიეს", რომელთაც კლუბის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ. ქომაგები სფფ-ის თავკაც ზვიად სიჭინავასა და ადგილობრივი მთავრობის საწინააღმდეგო ფრაზებსაც სკანდირებდნენ.

თუმცა მათ აშკარად "აჯობეს" მსაჯებმა - ლევან კვარაცხელიას პირველი ჩასტვენაც არ გაეკეთებინა, აშკარად გამოჩნდა, რომ ქომაგებისგან თემიდის მსახურთ ფსიქოლოგიური ზეწოლა "განაღდებული" ჰქონდათ. აქვე გეტყვით, რომ არბიტრმა ამ ზეწოლას გაუძლო და თამაშის სადავეები ხელიდან არ გაქცევია, თუმცა მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ გაშვებულ გოლში მსაჯები რამდენჯერმე შეცდნენ.

არადა, საგოლე და გოლამდე ეპიზოდები სადავო კატეგორიას ნამდვილად განეკუთვნებოდა. ყველაფერი კი ასე მოხდა: მეორე ნახევარი წუთების განახლებული იყო, როცა ქუთათურთა საჯარიმოსთან ერთ-ერთი მასპინძელი დაეცა. ტრიბუნიდან ისე ჩანდა, ჯარიმას მცველის "გაყვითლება" მოჰყვებოდა, თუმცა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ბრძანა. თქმა არ უნდა, არბიტრი ეპიზოდთან უფრო ახლოს იდგა და ყველაფერს ჩვენზე უკეთ ხედავდა, ამიტომაც მის გადაწვეტილებაში ეჭვის შეტანა თავხედობა იქნებოდა, მაგრამ მსაჯის ქმედება უფრო "მყარი" იქნებოდა, დაცემული მობურთალი სიმულიაციისთვის რომ გაეფრთხილებინა.

თუმცა ამის დრო და საშუალება მას არ მისცემია - კონტრშეტევაზე დათუნაიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, გამოვარდნილი ბურთი კარისკენ უკვე მარჯვნიდან სეთურიძემ დაატრიალა, რომელიც გოლად გიორგი მეგრელაძემ აქცია და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, თავის ამჟამინდელ გუნდს ყოფილთან ("ბაია") დაწევაში დაეხმარა

მასპინძლების უკმაყოფილება გოლის ჩათვლამაც გამოიწვია - ისინი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ამის გარდა კიდევ რამდენიმე მომენტი ჩავინიშნეთ, აქედან პირველი - მხოლოდ 36-ე წუთზე, როცა მასპინძელთა მეკარის შეცდომით ქუთათურებმა ვერ იხეირეს; გატანილი გოლიდან 3 წუთში კი შანსი ისევ მეგრელაძეს მიეცა, მაგრამ "დუბლის" შესრულებაში მას ხელი ჯინჭარაძემ შეუშალა; იქვე მეტად აქტიური სეთურიძე გამოირჩა, თუმცა მისი გადაცემისას შორეულ ძელთან კუთხე ქებაძემ საგოლედ ვერ ჩაკეტა; აქედან ათიოდ წუთში კი სეთურიძის კარგად დარტყმული უკვე სამტრედიელთა მეკარემ უკუაგდო.

იმის მიუხედავად, რომ მასპინძლებს აშკარა საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, საერთო ჯამში მეტოქეს დიდად არ ჩამოუვარდებოდნენ და ცოტა იღბალი რომ ჰქონოდათ, იქნებ ქულა მაინც გადაერჩინათ. მათგან ლომაშვილი და ცხადაია გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი - გიორგი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ახალგაზრდა მობურთალმა სასიამოვნოდ გაგვაოცა - დაცვასაც ძალიან ეხმარებოდა, შეტევაშიც გონივრულად ერთვებოდა, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო და პასებიც უზუსტესი ჰქონდა. თუმცა ეს მისი გუნდისთვის საკმარისი არ გამოდგა და "სამტრედიამ" მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა.

სულ ბოლოს კი... მსაჯები, "ტრადიციულად", გამაყრუებელი სტვენის თანხლებით გააცილეს მოედნიდან.


სამტრედია - ტორპედო 0:1
07.03. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 1600 მაყურებელი
0:1 მეგრელაძე (53. სეთურიძის პასით).

სამტრედია ტორპედო
4-2-3-1 4-4-2
ჯინჭარაძე მიგინეიშვილი
გოგია ფოფხაძე
თ. შალიკაშვილი ს. თოდუა
ხუმარაშვილი ფარულავა
კირთაძე ჩიკვილაძე
ცხადაია სეთურიძე
ლომაშვილი ლ. ქებაძე
ჩხიკვაძე დიღმელაშვილი
გ. მიქაბერიძე დათუნაიშვილი
ბურჯანაძე მეგრელაძე
ალავერდაშვილი ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი მწვრთნელი
ლ. ანჯაფარიძე გ. გიგატაძე

სამტრედია
69. ბურჯანაძე - ხვადაგიანი
71. მიქაბერიძე - გოგიშვილი
80. კირთაძე - რუხაია
სათადარიგოები: კეკელიძე, ნინუა, ენდელაძე, დვალიშვილი

ტორპედო
61. კვარაცხელია - დ. კირკიტაძე
82. მეგრელაძე - გოცირიძე
88. ქებაძე - დოლიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, თარხნიშვილი, გუგუჩია, მაჭავარიანი

გაფრთხილება: ცხადაია (30), ფარულავა (33), ალავერდაშვილი (38), მიქაბერიძე (68)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი).

მამუკა ქანთარია
სამტრედიიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული