გოლების სეტყვა წვიმაში

AutoSharing Option
"ბაია" მიმდინარე ჩემპიონატში არაერთი სიურპრიზის ავტორად მოგვევლინა, მაგრამ გათამაშების ლიდერთან ზუგდიდური გუნდის შანსები მაინც ერთობ მოკრძალებული ჩანდა. ზესტაფონელებს დასახული მიზნისკენ ისეთი ტემპი აქვთ აკრეფილი, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, საკუთარ მოედანზე დაუგეგმავი ქულები დაეკარგათ. თუნდაც, ისეთ მებრძოლ გუნდთან, როგორიც ელგუჯა ქომეთიანის კრებულია. მართლაცდა, ზუგდიდელებმა მხოლოდ პირველი ტაიმის შუაწელამდე შეძლეს ფეროელებისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა. შემდეგ კი მცირეოდენი წვიმის თანხლებით მიმდინარე მატჩში სტუმართა კარში გოლების სეტყვა წამოვიდა...

გია გეგუჩაძის შეგირდებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და სტუმრებს "მისალმებაც არ აცადეს": პირველივე წუთზე დვალმა გორგიაშვილი
გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მისი დარტყმა სომხიშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გრიგალაშვილმა იმარჯვა და სწრაფი გოლით ზესტაფონელები დააწინაურა-1:0. ამის შემდეგ იყო პერიოდი, როცა "ბაია" მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდა. ზუგდიდელები მოკლე პასებით, სწრაფად გადადიოდნენ ზესტაფონელთა ნახევარზე და სახიფათოდაც უტევდნენ. ანგარიშიც მალე გაათანაბრეს.

გოლი ცოტა არ იყოს კურიოზული გამოვიდა. მე-13 წუთზე შოთა ლომიამ ირაკლი ეხვაიას მისამართით ჩააწოდა, მაგრამ ბურთი კარისკენ მოიჭრა და ძელს მოხვდა, ეხვაიას დარტყმა კვასხვაძემ ფეხით მოიგერია, ბურთს გიორგი ონიანი დაეუფლა და თითქოს ხიფათიც განიმუხტა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ქობალიას მოხვდა და ზესტაფონელთა კარში შევარდა - 1:1. გაშვებულმა გოლმა მასპინძლები ცოტათი დააბნია და სტუმრებს მალევე ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ: ზუგდიდელების სწრაფი კონტრშეტევისას ქობალიას გამოზომილი პასის შემდეგ რიგვავას ბურთზე ფეხი რომ არ აეცილებინა, დიდი შანსი იყო კვასხვაძის კარში მეორე ბურთიც გასულიყო.

ეს იყო და ეს, მასპინძლებმა ზუგდიდელებს მეტის საშუალება აღარ მისცეს. 25-ე წუთზე გრიგალაშვილის ფლანგური ჩაწოდება გელაშვილის თავური გოლით დასრულდა და აქედან მოყოლებული ზესტაფონელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. თუ რა სცენარით მიმდინარეობდა მატჩი, ამას ანგარიშიდანაც კარგად მიხვდებით. ფეროელებს ყველაფერი გამოსდიოდათ: კომბინირებული თამაში, სწრაფი და მწვავე შეტევები. გოლიდან ერთ წუთში დვალმა კარგი მომენტი გააცუდა, მაგრამ შეცდომა მალევე გამოასწორა და შესვენებამდე დუბლიც გაიფორმა. ჯერ გორგიაშვილის დარტყმულის შემდეგ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა, ტაიმის ბოლოს კი გელაშვილის ზუსტი პასი შეიშნო და მეკარესთან პირისპირ გასულმა სომხიშვილს შანსი არ დაუტოვა. ამ ეპიზოდამდე გრიგალაშვილმა ზუგდიდელთა კარის ძელიც შეაზანზარა.

მატჩის სცენარი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა. გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ გრიგალაშვილი, დვალი და გორგიაშვილი. პირველმა ორმა ხელსაყრელი პოზიციებიდან ააცილა, გორგიაშვილის ურთულესი დარტყმა კი სომხიშვილმა მოიგერია. ზუგდიდელები გოლებს მაინც ვერ გადაურჩნენ. 72-ე წუთზე აფციაურმა ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მცველების გარემოცვაში მოჭრა ბურთი და ზუგდიდელთა კარის ცხრიანში მოათავსა. ორიოდე წუთში მოედანზე დანიური "ვიბორგის" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე გამოჩნდა, რომელსაც "ზესტაფონის" რიგებში გუშინ დებიუტი ჰქონდა. 82-ე წუთზე სწორედ მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ, მეკარისგან მოგერიებულ ბურთს, გიორგი ონიანმა დაამატა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:1

ზესტაფონი-ბაია 6:1

ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 2500 მაყურებელი
გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (1), 1:1 ქობალია (13), 2:1 გელაშვილი (25. გრიგალაშვილის პასით), 3:1 დვალი (34), 4:1 დვალი (45. გელაშვილის პასით), 5:1 აფციაური (72), 6:1 გ. ონიანი (82)

ზესტაფონი ბაია
4-4-2 4-5-1
რ. კვასხვაძე სომხიშვილი
ალადაშვილი სვირავა
კობახიძე აქუბარდია
გ. ონიანი აფაქიძე
ელიავა რ. ონიანი
აფციაური რიგვავა
დაუშვილი სიხარულია
გორგიაშვილი ვართაგავა
გრიგალაშვილი შ. ლომია
დვალი ეხვაია
გელაშვილი ქობალია

მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გეგუჩაძე ე. ქომეთიანი

ზესტაფონი
60. დვალი-ბაბუნაშვილი
68. კობახიძე-ხიდეშელი
74. დაუშვილი-გ.ფოფხაძე
სათადარიგოები: მეშველიანი, ძარია, ს. ლომია, გრუიცა.

ბაია
46. ვართაგავა-შონია
60. ეხვაია-წურწუმია
66. რიგვავა-სამუშია
სათადარიგოები: მაქაცარია, ქვარცხავა, ჩანგელია, გამრეკლიძე

არბიტრი: ლ.სილაგავა (თბილისი)



დავით კოხრეიძე ზესტაფონიდან







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული