XXIX სტარტი - როგორ ხვდებიან გუნდები ჩემპიონატს, "ლელოს" პროგნოზი

AutoSharing Option
შაბათს, 4 მარტს სტარტს აიღებს საქართველოს XXIX ჩემპიონატი! როგორც ყოველთვის, ახალი სეზონის დაწყებას ახლაც ოპტიმისტურად ვხვდებით და ამჯერადაც დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოახლოებულმა ჩემპიონატმა დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიაროს, მით უფრო, რომ ახალ სეზონში ქართულ საკლუბო ფეხბურთში უამრავი სიახლე გველოდება!

უპირველეს ყოვლისა, უმაღლეს და პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირება უნდა აღვნიშნოთ: რანგით პირველ და რანგით მეორე ლიგებში 10-10-გუნდიანი ჩემპიონატი გველოდება; არანაკლები სიახლეა ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა: ყველა ლიგაში სეზონი მარტში დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება; თუმცა, უმთავრეს სიახლედ, რაღა თქმა უნდა, მატერიალური
წახალისება უნდა მივიჩნიოთ: ამიერიდან, ყველა ქულას მართლაც ფასი ექნება და ყოველი მოგებული (ან - ფრედ დამთავრებული) მატჩი ყველა გუნდის ბიუჯეტს გვარიანად შეავსებს!

...როგორც უმაღლეს, ასევე პირველ ლიგაშიც 10 გუნდი ოთხ წრედ იასპარეზებს (24 ივნისიდან 22 ივლისამდე დაახლოებით ერთთვიანი შესვენება იქნება); ჩემპიონი გუნდი 2018 წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, მეორე-მესამე ადგილებზე გასული გუნდები და თასის მფლობელი კი - ევროპის ლიგაზე;

აი, რაც შეეხება დაქვეითებას, უმაღლესი ლიგიდან ბოლოადგილოსანი ავტომატურად ვარდება პირველ ლიგაში, ხოლო VIII-IX ადგილებზე გასულ გუნდებს პირველი ლიგის I-II ადგილებზე გასულ გუნდებთან მოუწევთ პლეი ოფის მატჩების გამართვა.

მოკლედ, სიახლე ბევრია და ოპტიმიზმის საფუძველს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ("შუქურასა" და "კოლხეთის" გარდა) ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი უცხოეთში, მართლაც მშვენიერ პირობებში გაიარა! ანუ, წესითა და რიგით, აღარ უნდა გვესმოდეს წამდაუწუმ ამა თუ იმ გუნდის მესვეურთაგან თუ მწვრთნელებისგან, რომ მოუმზადებელი და მშიერი გუნდისგან აბა, რა შედეგს ითხოვთო...

...თუმცა, ისეც არ გვინდა ვინმემ გაიგოს, თითქოსდა, მთლად იდეალური სეზონის მოლოდინი გვაქვს; ანუ ქართულ საკლუბო ფეხბურთში, სამწუხაროდ, კვლავაც არაერთი პრობლემაა და ბევრად უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ამ პრობლემათაგან რამდენიმე უკვე მართლაც ქრონიკულია!

ჰო, ნამდვილად ასეა და ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, საქართველოს ჩემპიონატის დონე აშკარად უფრო უკეთესის სურვილს რომ უნდა ტოვებდეს. ანუ თითოეული ჩვენგანი მხოლოდ იმით ვკმაყოფილდებოდით, რომ ამა თუ იმ სეზონში ინტრიგა მატულობდა, აი, საფეხბურთო დონეს რაც შეეხება, ამ მხრივ, ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავდით; აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ და უკვე წლების განმავლობაში მართლაც ქრონიკულ პრობლემად ქცეულ სტადიონების თემაზე!

რაც უნდა ვცვალოთ ჩემპიონატის ფორმატი, რაც უნდა ვამციროთ გუნდების რაოდენობა და ყოველი მოგებული მატჩის მერე რაც უნდა მატერიალურად წავახალისოთ გუნდები, კეთილმოწყობილი სტადიონების კატასტროფულად მცირე რაოდენობა კვლავაც ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება ქართულ საკლუბო ფეხბურთში!.. აბა, რამდენად "ნორმალურია", რომ უმაღლესი და პირველი ლიგის 20 გუნდიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთეულებს თუ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ბუნებრივსაფარიან მოედანზე ივარჯიშონ თუ ითამაშონ...

სამტრედია
Sportall.Ge

მზადება
ქვეყნის ჩემპიონმა უკვე "მოასწრო" ახალ სეზონში პირველი ტიტულის მოპოვება: გია ცეცაძის გუნდმა თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს სუპერთასი!

"სამტრედიამ" ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში, სადაც არცთუ სუსტ სპარინგ-პარტნიორებთან ჩაატარა რამდენიმე საკონტროლო მატჩი. ეს სპარინგები კი საქართველოს ჩემპიონისათვის არა მხოლოდ ახალი სეზონისათვის მზადების ეტაპად განიხილებოდა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა დატვირთვაც ჰქონდა; კერძოდ, ახალწვეულთა ერთმანეთთან შეთამაშებას ემსახურებოდა და ახალი ტაქტიკური სქემის დამუშავებასაც.

რა თქმა უნდა, ერთი (სუპერთასის) მატჩით ძნელია გადაჭრით იმის მტკიცება, რომ "სამტრედიას" ახალწვეულებმა ახალ გუნდში ადაპტაცია უპრობლემოდ გაიარეს, თუმცა, ფაქტი სახეზეა: იმერულმა კლუბმა ახალი სეზონი ტიტულის მოპოვებით დაიწყო!

...წინა სეზონის დასრულების შემდეგ "სამტრედიიდან" 7 ფეხბურთელი წავიდა; თუმცა, ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ განსაკუთრებულ დანაკლისად სამი ლიდერის წასვლა უნდა მივიჩნიოთ: ბუდუ ზივზივაძეს, ბაჩანა არაბულსა და ლაშა შერგელაშვილს ხომ ლომის წილი მიუძღოდათ ამ გუნდის პირველ საჩემპიონო ტრიუმფში!

თუმცა, თურქეთში ჩატარებულმა სპარინგებმაც და საქართველოს სუპერთასის მატჩმაც დაგვანახვა, რომ ჩემპიონის ახალწვეულებს რეალურად ხელეწიფებათ გუნდის აწ უკვე ყოფილი ლიდერების ღირსეულად შეცვლა; მით უფრო, რომ ახალწვეულთა უმრავლესობას (გიორგი ბერიაშვილი, ლაშა კასრაძე, დავით ჩაგელიშვილი, გურამ სამუშია) არც გამოცდილება დაეწუნებათ და არც - ოსტატობა.

საინტერესო ტრანსფერი უნდა გამოდგეს უკრაინელი მარცხენა მცველის, რუდოლფ სუხომლინოვის გუნდში მოყვანაც...

"ლელოს" პროგნოზი
არახალი ამბავია, რომ ჩემპიონობაზე ძნელი ამ ტიტულის შენარჩუნებაა და იმაშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენზე უკეთ იცის "სამტრედიის" თავკაცმა გია ცეცაძემ (წინა ორი სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა გაზეთ "ლელოსა" და კომპანია "ლიდერბეთის" ვერსიით); თუმცა, "სამტრედია" ამ ახალ სეზონშიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ; ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, ევროტურნირების საგზურის მოპოვება გუნდს რეალურად შეუძლია.

ჩიხურა
Sportall.Ge

მზადება

ბოლო წლების ერთ-ერთი კი არა, ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი (მეხუთე ადგილს ქვემოთ რომ არ ჩამოსულა ბოლო 5 სეზონის განმავლობაში) თავის ზესტაბილურ და უკვე მართლაც "მარადიულ" მთავარ მწვრთნელთან, სოსო ფრუიძესთან ერთად მინიმალური დანახარჯებით აღწევს შედეგს და "ჩიხურას" სატრანსფერო აქტივობაც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არ იყო თვალში საცემი.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ უცხოურ შეკრებამოვლილმა "ჩიხურამ" ამჯერად უფრო მეტი ფეხბურთელი დაიმატა, ვიდრე გაუშვა; თანაც, ამ ოთხივე ახალწვეულმა (ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან გეგეჭკორი, ნიკა გელაშვილი), "ჩიხურაში" ისედაც არსებული კონკურენცია კიდევ უნდა გაზარდონ.

რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება გამოცდილი ცენტრალური მცველისა და ახალგაზრდა, ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის (წინა სეზონში გუნდის ლიდერის და საერთოდ, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის) წასვლა.

თუმცა, უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელთა შორის ყველაზე გამოცდილ სპეციალისტს, სოსო ფრუიძეს მათი სრულფასოვნად ჩანაცვლება არ უნდა გაუჭირდეს.

"ლელოს" პროგნოზი
გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურა" ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ საჩემპიონო პლეი ოფში დამარცხდა "სამტრედიასთან"; თუმცა, II ადგილიც, უდავოდ, დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ საჩხერელთა გუნდისათვის: "ჩიხურა" ხომ თავის ისტორიაში პირველად მოხვდა პრიზიორთა შორის!

აი, რაც შეეხება ახალ სეზონს, გავკადნიერდებით და ხმამაღლა ვიტყვით: კიდევ ორ-სამ გუნდს ხომ უნდა ჰქონდეს დიდი ამბიცია, ამის მიუხედავად, მაინც "ჩიხურა" მიგვაჩნია ჩემპიონობის ნომერ პირველ ფავორიტად!

აბა, ვნახოთ, რამდენად გამართლდება ჩვენი პროგნოზი...

დინამო (ბთ)
Sportall.Ge

მზადება

გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი (და - სასიამოვნო) მოულოდნელობა ბათუმის "დინამოს" წარმატებული ასპარეზობა იყო: ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ლევან ხომერიკის დამოძღვრილმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე იასპარეზებს!

სხვა გუნდების მსგავსად, ბათუმის "დინამომაც" თურქეთში გაიარა მოსამზადებელი ეტაპი და სასარგებლო სპარინგ-მატჩებიც ჩაატარა. აი, რაც შეეხება სატრანსფერო ამბებს, "ჩიხურას" მსგავსად, ბათუმის "დინამოსაც" დიდად არ უაქტიურია სატრანსფერო "ბაზარზე" (სხვათა შორის, ამ შემთხვევაშიც მსგავსებაა საჩხერელთა გუნდთან); რა თქმა უნდა, დანაკლისად უნდა მივიჩნიოთ უნივერსალი მარჯვენაფლანგელის, ლევან გეგეჭკორისა და ტანმაღალი ცენტრფორვარდის, ელგუჯა ლობჯანიძის სხვა გუნდებში გადასვლა, თუმცა ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩა.

ამასთან, დიდი ინტერესით ველოდებით ორი ლეგიონერი ახალწვეულის გამოჩენასაც: ბრაზილიელმა ჟევინიომ და ტანმაღალმა უკრაინელმა ცენტრფორვარდმა კვასოვმა ბათუმის "დინამოს" შეტევის ხაზი საგრძნობლად უნდა გააძლიერონ.

"ლელოს" პროგნოზი
...უკვე წლებია, ბათუმის "დინამო" საშინაო მატჩებს სხვადასხვა ადგილზე ატარებს;"თუმცა, ახალ ჩემპიონატში ლევან ხომერიკის გუნდი საკუთარ ქალაქში (ოღონდ - სარაგბო სტადიონზე) უმასპინძლებს მეტოქეებს და ეს ფაქტორი ნამდვილად არ უნდა იყოს უმნიშვნელო.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის "დინამომ" თითქმის ყველა ლიდერი (თეიმურაზ შონია, თორნიკე თარხნიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ქავთარაძე, ანატოლი ტიმოფეევი) შეინარჩუნა და შარშანდელი შედეგის გამეორებაც არავის უნდა გაუკვირდეს; თუმცა, ბათუმელთა გუნდს არცთუ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და შესაძლოა, ამ ფაქტორმაც გარკვეული კორექტივები შეიტანოს სეზონის მსვლელობაში...

დინამო (თბ)
Sportall.Ge
მზადება

ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი რაც მალე დაივიწყებს წინა სეზონს, მით უკეთესი: დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ხომ მხოლოდ მეორედ მოხდა, თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი ზედა სამეულს მიღმა რომ დაასრულა!

აღარ დავუბრუნდებით იმ მიზეზების ჩამოთვლას, თუ რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი; თუმცა ერთ ფაქტორზე მაინც გავამახვილებთ ყურადღებას: როცა გუნდის შემადგენლობა (თავის მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად), ფაქტობრივად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ იცვლება, ასეთ დროს აღარაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს. ისე, როგორც არ უნდა გაჰკვირვებოდა ის ფაქტი არავის, რომ ახალი სეზონისათვის მზადება "დინამომ" ერთი მწვრთნელით დაიწყო, ხოლო მეორით - დაასრულა!

ანუ პირველ თურქულ შეკრებაზე (იანვარში) "დინამოს" თუ უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი მოძღვრავდა (უფრო ზუსტად, დღეში სამჯერად (!) ვარჯიშებს უტარებდა), აი, მეორე შეკრების დასაწყისში დინამოელებს უკვე ახალი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა: კახა კაჭარავა!

...თუ ბოლო საკონტროლო მატჩს (ყირგიზულ გუნდთან) არ ჩავთვლით, ყველა დანარჩენი სპარინგები "დინამოს" საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ჰქონდა; თუმცა, "დინამოს" ძველ-ახალი მწვრთნელი კახა კაჭარავა დღესდღეობით სხვა პრობლემის წინაშე უნდა იდგეს: გუნდის დაკომპლექტება ხომ მის მისვლამდე მოხდა და მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რამდენად მალე აითვისებენ "დინამოს" ახალი მწვრთნელის საფეხბურთო იდეებს.

არადა, "დინამომ" ამ სატრანსფერო პერიოდის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა (ქართული მასშტაბით, რა თქმა უნდა): 11 ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან და ბევრად უფრო მეტი (!) კი - მოვიდა! თანაც, ცვლილებები შეეხო ყველა რგოლს და ძალიან ძნელი სათქმელია, ამ უამრავი ახალწვეულიდან რამდენი დაიმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

ახალწვეული გუნდში მართლაც ბევრია, თუმცა ზოგიერთი გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდში: ლაშა სალუქვაძე, ლაშა თოთაძე, გიორგი გველესიანი, ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე...

"ლელოს" პროგნოზი
რა მიზეზებიც (ობიექტურიც და სუბიექტურიც) უნდა მოვიშველიოთ, თბილისის "დინამოს" მიზნები არასდროს იცვლება და გამონაკლისი არც ახალი სეზონი უნდა იყოს!

ანუ აშკარად წარუმატებელი წინა სეზონის შემდეგ "დინამოს" სრული რეაბილიტაცია სჭირდება საკუთარი ქომაგების (რომელთა რიცხვიც ტურიდან-ტურამდე კლებულობდა) წინაშე; ეს "რეაბილიტაცია" კი, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთ შედეგს გულისხმობს: ჩემპიონობას!

თანაც, "დინამოში" ექვსწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ კახა კაჭარავასაც დამატებითი მოტივაცია უნდა ჰქონდეს: მთავარი მწვრთნელის რანგში მას ხომ ყველა აქაური ტიტული აქვს მოგებული... ჩემპიონობის გარდა!..

ტორპედო
Sportall.Ge
მზადება

საქართველოს სამგზის ჩემპიონი ბოლო წლებში რომ ვერ აღწევდა სასურველ შედეგს, ამის ერთ-ერთი მიზეზი, ჩვენი აზრით, მწვრთნელების ხშირი ცვლა იყო; აღარაფერს ვამბობთ კლუბის ხელმძღვანელებისა და ფეხბურთელების ასევე გაუთავებელ ცვლილებებზე და ასეთი არასტაბილური გარემოს ბრალიც არის ის ფაქტი, რომ "ტორპედო" ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე "ამოუცნობ" გუნდად რჩება.

ჰო, რამდენჯერ ყოფილა, როცა ეს გუნდი ბევრს სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად მიუჩნევია, მაგრამ მერე და მერე სიტუაცია ისე შეცვლილა, რომ ქუთაისელთა საყვარელ გუნდს მხოლოდ მოკრძალებული მიზნებით უწევდა დაკმაყოფილება.

გამონაკლისი არც წინა სეზონი იყო, როცა სიტუაცია ისე წარიმართა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ "ტორპედო" იმყოფებოდა თავის ჯგუფში ბოლო ადგილზე. თუმცა, გუნდში მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ "ტორპედომ" ჩემპიონატიც "მშვიდობიანად" დაამთავრა და, რაც მთავარია, საქართველოს თასიც მოიპოვა!

... ახალ სეზონს რაც შეეხება, მიგვაჩნია, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე სოლიდური შევსება სწორედ "ტორპედომ" მიიღო და, რაც მთავარია, თითქმის ყველა რგოლი ერთმანეთზე გამოცდილი ფეხბურთელებით გააძლიერა: მცველები - გურამ ადამაძე, დავით ხურცილავა, ნახევარმცველები - მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, თავდამსხმელი - ნიკა საბანაძე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამათგან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (მახარობლიძის გარდა) გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა "ტორპედოში". აქვე ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტორპედომ" ერთობ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და საკმაოდ ძლიერ სპარინგპარტნიორებსაც გაეჯიბრა.

"ლელოს" პროგნოზი
ზემოთაც აღვნიშნეთ და ახლაც ვიტყვით, რომ ამ გუნდისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს! ეგ კი არა, ჩვენი აზრით, უმაღლეს ლიგაში დღესდღეობით ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა "ჩიხურას", "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" ჰყავს.

ზემოთ აღნიშნული ახალწვეულების ფაქტორის გარდა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ კახა ჩხეტიანის გუნდში მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, საქართველოს ნაკრების წევრებად (როინ კვასხვაძე) თუ კანდიდატებად (გიორგი ქიმაძე, ბექა ტუღუში, ოლეგ მამასახლისი) რომ მიიჩნევიან; დავუმატოთ ამათ გამოცდილზე გამოცდილი შოთა ბაბუნაშვილი და გრიგოლ დოლიძე, პლუს, ერთმანეთზე პერსპექტიული ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთელები და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რატომაც არ უნდა ჰქონდეს "ტორპედოს" საჩემპიონო ამბიცია?

თუმცა, ბოლო წლების მართლაც ერთ-ერთ ყველაზე უცნაური გუნდისგან უსიამოვნო სიურპრიზებსაც ნუ გამოვრიცხავთ...

ლოკომოტივი
Sportall.Ge
მზადება

ამ შემთხვევაშიც სტაბილურ გარემოზე გვინდა ყურადღების გამახვილება; უფრო ზუსტად, არასტაბილურობაზე, რომელიც "ლოკომოტივს" თან სდევდა და, ალბათ, ამის მიზეზიც იყო ის ფაქტი, რომ გუნდმა მხოლოდ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში გაინაღდა "მშვიდი ფინიში"; არადა, გარდამავალი ჩემპიონატის დაწყების წინ ამ გუნდს ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევდით და შემადგენლობიდან გამომდინარე, სულ მცირე, ევროტურნირების საგზურსაც ვუწინასწარმეტყველებდით.

თუმცა, შემადგენლობის გაუთავებელმა როტაციამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და სიტუაცია შედარებით მაშინ დასტაბილურდა, გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი დევდარიანი რომ დაინიშნა.

...ახალი სეზონის დაწყებამდე "ლოკომოტივში" ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა და, ერთი შეხედვით, გუნდს შეთამაშების პრობლემაც უნდა შექმნოდა; თუმცა, "ლოკომოტივის" თურქულ შეკრებაზე საპირისპირო სიტუაცია შეიქმნა: ერთმანეთზე ძლიერ სპარინგ-პარტნიორებთან გამართული საკონტროლო მატჩებიდან "ლოკომოტივმა" მხოლოდ ერთი წააგო!

ახალწვეულებს რაც შეეხება, მათი უმრავლესობა გამოცდილია და იმავე თეიმურაზ ღონღაძის, გიორგი რეხვიაშვილის, გულვერდ თომაშვილისა თუ ირაკლი სიხარულიძის დამატებით "ლოკომოტივი" საგრძნობლად გაძლიერდა.

"ლელოს" პროგნოზი
"ჩიხურა", "ტორპედო", "ლოკომოტივი", - აი, ის სამი გუნდი, ჩვენი აზრით, ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა რომ ჰყავთ უმაღლეს ლიგაში; ანუ ამ სამივე გუნდში, ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობაა და "ლოკომოტივისგან" რატომაც არ უნდა ველოდოთ საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას?

მით უფრო, რომ გუნდში კვლავაც დარჩნენ ის ფეხბურთელები, "ლოკომოტივის" ლიდერებად რომ მივიჩნევთ: რევაზ თევდორაძე, გეგა დიასამიძე, ნიკა ჭანტურია, დავით უბილავა, გიორგი ხიდეშელი.

აღარაფერს ვამბობთ "ლოკომოტივის" ახალგაზრდობაზეც: ამ კლუბში ხომ ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭები ისედაც იყვნენ და ახლა მათ ირაკლი კომახიძეც (ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი) დაემატა.

დილა
Sportall.Ge
მზადება

გასული სეზონის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ორ გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და ერთ-ერთი "დილა" იყო: გორელთა გუნდში ახალი, ებრაელი ინვესტორების მოსვლას მათი თანამემამულე მწვრთნელის, 45 წლის ზივ არიეს ჩამოყვანაც მოჰყვა.

ზივ არიე ბოლოს სამშობლოში, იერუსალიმის "ბეითარის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 5 მარტს კი საქართველოს ჩემპიონატში ექნება დებიუტი.

აღსანიშნავია, რომ XXIX ჩემპიონატში ზივ არიე ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი იქნება უმაღლეს ლიგაში (ერთი უცხოელიც პირველ ლიგაში გვეყოლება - უკრაინელი ანატოლი პისკოვეცი).

სხვა გუნდების მსგავსად, "დილამ" მზადება თურქეთში გაიარა, სადაც, ფაქტობრივად, უნდა მომხდარიყო კიდეც ახალი მწვრთნელისა და ფეხბურთელების "ახლოს გაცნობა"! თანაც, მწვრთნელის გარდა, "დილაში" ისედაც უამრავი ცვლილება მოხდა: როგორც - საკლუბო სტრუქტურაში, ასევე - გუნდში. თანაც, აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, "დილას" საჩემპიონო ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, უჩა სოსიაშვილის გარდა, გუნდიდან წავიდნენ როგორც გამოცდილი ფეხბურთელები (თეიმურაზ ღონღაძე, ლაშა სალუქვაძე), ასევე - პერსპექტიული ახალგაზრდებიც (გიორგი ერისთავი, გიგა სამხარაძე, ალეკო გამცემლიძე).

თუმცა, სელექციის პროცესი "დილაში", ფაქტობრივად, დღემდე მიმდინარეობს და ახალი მწვრთნელიც, ალბათ, საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა ძირითადი ბირთვის შერჩევაში.

დიდ ინტერესს იწვევს "დილას" ბრაზილიელ ახალწვეულთა "ტრიოს" ასპარეზობა: დერეტი საყრდენი ნახევარმცველი გახლავთ, ლეანდრო რიბეირო - გარემარბი, ტანმაღალი ჟოზე ლეონარდო კი - ცენტრფორვარდი; "დილამ" ქართულ სატრანსფერო "ბაზარზეც" იაქტიურა და გუნდში რამდენიმე გამოცდილი ახალწვეულიც გამოჩნდა: გიორგი ფოფხაძე, დავით კირკიტაძე, ირაკლი ძარია და სხვები.

"ლელოს" პროგნოზი
გარდამავალი ჩემპიონატი "დილას" აქტივში ნამდვილად ვერ ჩაითვლება, რამეთუ გუნდს პლეი აუტში მოუწია ასპარეზობა და ასე შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. აი, ამ სეზონში კი რა იქნება "დილას" კონკრეტული მიზანი, ძალიან ძნელი სათქმელია.

ის კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუნდის ახალ, უცხოელ ინვესტორებს ამბიციური გეგმები აქვთ და, აქედან გამომდინარე, ძალიან გვეეჭვება, რომ "დილას" ამ ჩემპიონატშიც დასარჩენად ჰქონდეს საქმე. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ, ფაქტობრივად, ახალი გუნდია და ვიდრე უამრავი ახალწვეული და ასევე ახალი მწვრთნელი ერთმანეთს "უსიტყვოდ" გაუგებენ, ამასობაში, შესაძლოა, ძალიან დიდი დროც გავიდეს.

ასეა თუ ისე, ახალი ჩემპიონატის დაწყების წინ სწორედ "დილას" ასპარეზობა მიგვაჩნია ყველაზე დიდ გამოცანად...

საბურთალო
Sportall.Ge
მზადება

ყველაზე ახალგაზრდა გუნდი (დაარსების თარიღიდან გამომდინარე) თავის მესამე სეზონს იწყებს უმაღლეს ლიგაში და უნდა ვივარაუდოთ, რომ წინა ორ ჩემპიონატთან შედარებით უკეთესი შედეგის მისაღწევად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ თავის სადებიუტო სეზონში "საბურთალომ" 16-გუნდიან ჩემპიონატში IX ადგილი დაიკავა, გარდამავალ ჩემპიონატში კი ცოტა დააკლდა, რომ "ბრინჯაოს პლეი ოფი" ეთამაშა. XXIX ჩემპიონატისათვის კი "საბურთალო" მართლაც სერიოზულად მოემზადა: თბილისის "დინამოს" მსგავსად, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმაც თურქეთში შეკრება ორჯერ გაიარა!

ამ ორივე შეკრების დროს არცთუ სუსტ მეტოქეებთან საკონტროლო მატჩებიც ჩაატარა გუნდმა, სადაც მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილისათვის ნათლად გამოჩნდებოდა, თუ რომელი კომპონენტის გაუმჯობესება იყო პრიორიტეტული.

ამას გარდა, ახალწვეულების შეთამაშების ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო: "საბურთალომ" ხომ ყველა რგოლში თითო გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა! თანაც, ამ ახალწვეულებმა, წესითა და რიგით, უფრო მეტი სარგებელი უნდა მოუტანონ გუნდს, ვიდრე გარდამავალი ჩემპიონატის დროს მოხდა ესპანელი ლეგიონერების შემთხვევაში; ცენტრალური მცველი (საყრდენადაც რომ შეუძლია თამაში) დაჩი ცნობილაძე, გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, მეტად საინტერესო და არაორდინარული სტილის გარემარბი ლაშა შინდაგორიძე (ცენტრფორვარდის პოზიციაზეც რომ უთამაშია) - ამ სამეულს რეალურად შეუძლია "საბურთალოს" გაძლიერება.

"ლელოს" პროგნოზი
"საბურთალომ", ფაქტობრივად, ყველა წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი ხარაიშვილი, ოთო გოშაძე, ელვინ ტერა, ნოდარ იაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი ფანცულაია) შეინარჩუნა;

იმედია, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მალე აღიდგენს ოპტიმალურ ფორმას ახალგაზრდა ფორვარდი გურამ გოშთელიანი, რომელსაც გარდამავალი ჩემპიონატი მთლიანად გაუცდა; ანუ ყველა პირობაა იმისათვის, რომ ამ გუნდისგან კვლავაც ევროტურნირების საგზურისათვის ბრძოლას ველოდოთ.

თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი "საბურთალოა" და მართლაც მარათონულ, ოთხწრიან ჩემპიონატში ამ ფაქტორმა, შესაძლოა, გარკვეული კორექტივებიც შეიტანოს გუნდის მიზნებში.

კოლხეთი
Sportall.Ge
მზადება

...გარდამავალი ჩემპიონატის დაწყების წინ, როცა გუნდების შანსებს ვაფასებდით, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის კანდიდატებს შორის "კოლხეთს" მთლად "პირველობას" არ ვანიჭებდით, თუმცა, კი გვეგონა, რომ მოკრძალებული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის პირობებში, ფოთელთა გუნდს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებოდა.

თუმცა, სწორედ "კოლხეთის" წარმატებული ასპარეზობა იყო გარდამავალ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სასიამოვნო მოულოდნელობა! ეგ კი არა, გელა სანაიას დამოძღვრილი გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროტურნირების საგზურისათვისაც აცხადებდა პრეტენზიას! ...გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ფოთელთა გუნდისათვის პატარა სასწაულის ტოლფასი იყო;

სამწუხაროდ, "კოლხეთის" ფინანსური მდგომარეობა არაფრით გაუმჯობესებულა და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ სწორედ "კოლხეთი" იყო ორიდან ერთ-ერთი გუნდი, ამ ზამთარს უცხოეთის ნაცვლად საქართველოში რომ მოემზადა...

"კოლხეთში" გარკვეული ცვლილებები მოხდა, თუმცა, რაც სერიოზულ დანაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ, აზერბაიჯანელი ცენტრალური მცველის, რასიმ რამალდანოვის სამშობლოში დაბრუნებაა.

აი, შევსება კი "კოლხეთმა" მეტ-ნაკლებად ნორმალური მიიღო და თითქმის ყველა რგოლში დაიმატა ახალწვეულები როგორც უცხოეთიდან, ასევე - სხვადასხვა ქართული გუნდიდან. უცხოელ ახალწვეულთა სახელ-გვარები ჯერჯერობით არაფერს გვეუბნება, აი, ქართველები კი გუნდს უდავოდ გააძლიერებენ: გიორგი ჯანელიძე, ავთანდილ ენდელაძე, ვარლამ კილასონია (უმცროსი), გიორგი ბუხაიძე და სხვები...

"ლელოს" პროგნოზი
სამწუხაროდ, გარდამავალი ჩემპიონატის მსგავსად, "კოლხეთის" ქომაგთათვის ამჯერადაც უსიამოვნო პროგნოზი უნდა გამოვთქვათ: XXIX ჩემპიონატში ფოთელთა გუნდის პროგრამა-მაქსიმუმიცა და პროგრამა-მინიმუმიც, ჩვენი აზრით, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს!

გავანებოთ იმას თავი, რომ "კოლხეთს" არავინ სპონსორობს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ დიდი ტრადიციების მქონე გუნდს უკვე მერამდენე წელიწადია სხვა ქალაქ (ებ)ში უხდება "საშინაო" მატჩების გამართვა...

...თუმცა, ვინ იცის: იქნებ ამჯერადაც შეძლოს ახალგაზრდა და პერსპექტიულმა სპეციალისტმა გელა სანაიამ და კვლავაც მოკრძალებული რესურსების მქონე გუნდით ამჯერადაც შემოგვთავაზოს სასიამოვნო სიურპრიზი?!.

შუქურა
Sportall.Ge
მზადება

"კოლხეთის" მსგავსად, ქობულეთელებმაც ვერ შეძლეს ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის უცხოეთში გავლა და მხოლოდ აქაურ სპარინგ-პარტნიორებთან ჩატარებული საკონტროლო მატჩებით მოუწიათ დაკმაყოფილება. ყოველივე ეს კი, რაღა თქმა უნდა, გუნდის არცთუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება და, აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ და ხანგრძლივ სეზონში "შუქურას" ძალიან მძიმე მატჩები მოელის.

თუმცა, ქობულეთელთა გუნდმა უკვე იცის, სირთულეები როგორ გადალახოს: გარდამავალ ჩემპიონატში "შუქურამ" ხომ ერთმანეთზე ურთულეს და ერთმანეთზე დრამატულ ორმატჩიან პაექრობაში შეძლო "სიონის" ძლევა და ასე შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში!

ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი, ფეხბურთელებთან ერთად, რაღა თქმა უნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გურული გახლდათ, რომელიც თავის კლუბში "შუქურას" მართლაც მარადიულმა პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ უშუალოდ გარდამავალი ჩემპიონატის მსვლელობის დროს მოიწვია.

აი, სეზონის დასრულების შემდეგ კი "შუქურაში" გვარიანი ცვლილებები მოხდა და სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდიდან ბევრი წამყვანი ფეხბურთელიც წავიდა: მცველები - გურამ ადამაძე, ბაქარ მირცხულავა, ირაკლი კომახიძე, ნახევარმცველი - ზურაბ არზიანი, ცენტრფორვარდი - გიორგი ბერიაშვილი; თუმცა, მოკრძალებული რესურსის მიუხედავად, გუნდში რამდენიმე საინტერესო ახალწვეულია და ამათგან, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური მცველი ბორის მახარაძე და გამოცდილი ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი უნდა ვახსენოთ.

"ლელოს" პროგნოზი
...ერთი შეხედვით, "შუქურა" აუტსაიდერად უნდა მივიჩნიოთ და "კოლხეთის" მსგავსად, ამ გუნდის უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს; თუმცა, გია გურულის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა რომ არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზოს, არც ეს უნდა გაუკვირდეს ვინმეს.

"შუქურაში" ხომ ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე რამდენიმე მართლაც კვალიფიციური ფეხბურთელია და ეს ეხება ქართველებსაც (სანდრო გურული, კობა შალამბერიძე, ლევან კუტალია), ასევე - ლეგიონერებსაც (ჯეფინიო, ირაკლი ჭეჟია).

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "შუქურას" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი აზამატ ჯიოევი - 26 წლის ეს მეკარე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიგვაჩნია საქართველოს ჩემპიონატის მეკარეებს შორის.

ამას გარდა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული "შუქურას" კაპიტანზე, უდავოდ, საინტერესო შემტევ გიორგი ჩელებაძეზე, რომელსაც ტრავმის გამო, ფაქტობრივად, მთლიანად გაუცდა გარდამავალი ჩემპიონატი...

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური
04.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
სამტრედია-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +4 =1 -1, 12:6
დისკვალიფიკაცია
გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია) - კობა შალამბერიძე (შუქურა)

05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =7 -7, 38:28

05.03. თბილისი. "დინამო არენა". 15:00
დინამო (თბ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
55: +37 =11 -7, 123:40
დისკვალიფიკაცია
დავით ბოლქვაძე, ომარ გოგონაია, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)

05.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 18:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
12: +3 =3 -6, 12:22
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)

05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 4:9
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საზოგადოებრივი არხი აჩვენებს შაბათობით,ასევე იქნება ტურის მიმოხილვები, ერთი სიტყვით კვირაში 1 თამაშს აუცილებლად ანახებენ და დანარჩენი თამაშები ინტერნეტში ფედერაციის საიტზე და კლუბების ვებ-გვერდზე
vashla
21:04 03-03-2017
0
დაწერეთ თქვე კაი ხალხო,რომ იქნება თუ არა ტელე რეპორტაჟები საქ:ჩემპიონატის?ან თუ იქნება რომელი არხი გააშუქებს?!...
მოკლედ რაა
19:42 03-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული