შუქურა-ტორპედო 1:1 - ფავორიტების პრობლემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ტურითაც გამოჩნდა, რომ წლევანდელ სეზონში ქობულეთის "შუქურა", შესაძლოა, ლიდერებსა თუ ფავორიტებს პრობლემად ექცეთ. პირველ ტურში გია გურულის გუნდმა მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" სტუმრად აართვა ქულა, პარასკევს კი, იმავე არენაზე, თასის მფლობელ ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და აქაც ქულას გამორჩა.

ნომინალურ მასპინძლებს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, ბრაზილიელი ლეგიონერი ჟეფინიო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდათ, ქუთაისელებს კი, ამავე მიზეზით, დავით ხურცილავა და შალვა ფურცხვანიძე ვერ ეხმარებოდნენ.

"შუქურამ" მეტოქეს ძალიან მჭიდრო, ხისტი თამაში დაუპირისპირა და პირველივე წუთებიდან უფრო აზრიანად შეუტია, ხოლო მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნა - ლევან
კუტალიამ არაფრიდან შექმნა გოლი: გიორგი გურულს ბურთი საჯარიმოსთან აართვა და კარის წინ სწრაფადვე მოძებნა კობა შალამბერიძე, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

ამ გოლის შემდეგ ქუთაისელები გამოფხიზლდნენ და მე-9 წუთზე წონასწორობის აღდგენაც შეეძლოთ - გიორგი კუხიანიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა გრიგოლ დოლიძე, მაგრამ ამ უკანასკნელმა მიზანს ააცილა!

ქუთაისელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს. დოლიძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, აზამატ ჯიოევი კარიდან დაუკვირვებლად გამოვიდა და ბექა ტუღუშმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - 1:1.

მე-11 წუთზე "შუქურამ" ისევ გაიბრძოლა: კობა შალამბერიძემ საჯარიმოსთან გურამ ადამაძეს აართვა ბურთი და ახლოდან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ტრავმის გამო მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. ეს გამოცდილი მოთამაშე მეტოქის დაცვას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა და ლოგიკურია, მისი შეცვლის შემდეგ ქობულეთელთა შეტევებს სიმწვავე რომ დააკლდა. გია გურულმა თავდასხმაში კუტალია წასწია, ხოლო მარჯვენა შემტევად შეცვლაზე შესული გიგა მამულაშვილი დააყენა.

ქუთაისელები ნელ-ნელა დაეუფლნენ უპირატესობას და 31-ე წუთზე დაწინაურების რეალური შანსიც ჰქონდათ - თორნიკე კაპანაძემ საჯარიმოში შეტევა დოლიძეს გაუგრძელა, რომელიც კარის წინ მარტო იყო დარჩენილი, მაგრამ მის დარტყმულზე ჯიოევმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ქობულეთელები გადაარჩინა. დოლიძეს გატანა კიდევ შეეძლო - მეორე შემთხვევაში კარის წინ ვაჟა ტაბატაძემ უპასა და ჯიოევმა "შუქურა" ისევ იხსნა.

41-ე წუთზე "ტორპედომ" კიდევ ერთი მშვენიერი შეტევა განახორციელა. ტუღუშმა შორეული გადაცემით კარგ პოზიციაზე გაიყვანა გიორგი ქიმაძე, რომელმაც გიორგი კალანდია ჩამოიცილა და კარში დაარტყა - ბურთი კარიდან ლაშა ჯაფარიძემ გამოიტანა.

მეორე ნახევარში ტემპი ოდნავ დაეცა და მეტოქეები დაცვაში მეტი ყურადღებით თამაშობდნენ. თუმცა, მომენტები მაინც იქმნებოდა. პირველად შეტევის გამწვავება ქუთაისელებმა მოახერხეს - კუხიანიძის ჯარიმის შემდეგ კარის წინ ადამაძე გაიხსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.

მერე კუტალიამ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მცველისგან ასხლეტილი ბურთი კარისკენ წავიდა და "ტორპედო" ბედზე გადარჩა. შემდეგ მასპინძელთა კართან კვლავ დაინიშნა ჯარიმა, რომელიც შოთა ბაბუნაშვილმა ზუსტად კი შეასრულა, თუმცა ჯიოევი ისევ შეუვალი იყო.

კახა ჩხეტიანმა შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე მეორე თავდამსხმელი - ნიკა საბანაძე შეიყვანა, მაგრამ ქობულეთელები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ და ქუთაისელებს გასაქანს არ აძლევდნენ. "ტორპედომ" კი საკმარისი სიჩქარეები ვერ განავითარა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა - 1:1.

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. II ტური
10.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
შუქურა-ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 შალამბერიძე (6. კუტალიას პასით), 1:1 ტუღუში (14. დოლიძის პასით)
შუქურა (4-2-3-1): ჯიოევი - ჩაჩუა, კალანდია, ბ. მახარაძე, ლ. ჯაფარიძე - კლიმიაშვილი, ჭეჟია (46. ართმელაძე) - ს. გურული, კუტალია, საბაძე (86. დაგარგულია) - კ. შალამბერიძე (21. მამულაშვილი).
სათადარიგოები: ი. სტურუა, არქანია, ჭანუყვაძე, მალაზონია
მწვრთნელი: გია გურული
ტორპედო: რ. კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გ. გურული, ქიმაძე - კუხიანიძე, გიგაური - დოლიძე (72. მახარობლიძე), ბაბუნაშვილი (62. საბანაძე), ტუღუში - კაპანაძე.
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ჭიჭინაძე, მამასახლისი, საღრიშვილი, ბურჯანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილებები: მამულაშვილი (38), კუხიანიძე (75), ჩაჩუა (80), ჯიოევი (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები:
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 2
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული