ალეკო კოშკაძე: ექიმმა კინაღამ ფეხბურთიდან გამისტუმრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე დარწმუნებულია, რომ მეორე ეტაპის დასაწყისის ჩავარდნა დროებითი მოვლენა იყო და მეტი არაფერი.

კოშკაძე მედიის ხშირი სტუმარი არ არის და დამკვიდრდა აზრი, რომ ჟურნალისტებთან საუბარს ერიდება, მაგრამ ასე არ ყოფილა და ვფიქრობ, საინტერესო მოსაუბრე აღმოვაჩინეთ. თანაც "დინამოს" კაპიტანი - რაც არ უნდა ცუდ დღეში იყოს, ეს კლუბი მაინც გამორჩეული მღელვარებისა და სიხარულის საბაბია და მის კაპიტნობაც ყველა დროში საპატიო იყო.

- გასული წელს ტრავმის გამო ბევრი გაგიც
და. ახლა თავს როგორ გრძნობ?
- ახლა უკვე ჯანმრთელად ვარ და არაფერი მაწუხებს. წელი მტკიოდა, მაგრამ ვისთან არ ვიყავი და ზუსტი პასუხი ვერავინ გამცა, რა იყო ტკივილის მიზეზი. ერთმა ექიმმა გადამრია, ტკივილით მოედანს არ გაეკაროო და ფეხბურთს უნდა შეეშვაო. 2 თვე ვერაფერს ვაკეთებდი, ისიც არ ვიცოდი, ვისთან მემკურნალა და შარშან ბევრი დრო დავკარგე. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერაფერს იგებენ. იმედს ეძებ, რომ ვინმე დაგელაპარაკება და გეტყვის, ორ ან სამ თვეში მოედანს დაუბრუნდებიო, მაგრამ ვერაფერს იგებდნენ.

ბოლოს ავლაბარში ვნახე ექიმი და დამიდგინა, რომ ელემენტარული რამ იყო სამკურნალო, ნეკნთან ნერვის ანთება. ისეთი მადლიანი ხელი ჰქონდა, უცებ მიშველა და დავისვენე. ახლა სრულად გამოჯანმრთელდი, საბედნიეროდ, არაფერი მაწუხებს. მთელი მოსამზადებელი ეტაპი არაფერი მტკენია და ვგრძნობ, ფორმაში შევდივარ.

- თბილისის "დინამოს" კაპიტნობა ყოველთვის საპატიო იყო.
- საპატიოც არის და ძალიან დიდი ტვირთიც, ნაკლები უნდ აილაპარაკო და მეტი გააკეთო. "დინამოს" კაპიტნად რომ ამირჩიეს, ძალიან ვინერვიულე. მეგონა, რომ ამხელა გუნდის კაპიტნობას თავს ვერ გავართმევდი. სიმართლე გითხრათ, ახლაც ასე მგონია.

მიხარია, რომ ეტყობა, ჩემი ეიმედებათ და უარის თქმა არ გამოდიოდა. არადა, ასეთ პატივს ვერც წარმოვიდგენდი. "დინამოში" სამკლავურით ისეთი ხალხი თამაშობდა, რომელთა სახელებიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- რომან ფიფიას მოსვლის შემდეგ, გუნდში შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა. ახალ ფეხბურთელებზე რას იტყვი?
- კარგი ბიჭები არიან, მაგრამ გუნდთან შეთამაშება სჭირდებათ. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 11 ახალი ფეხბურთელი გვყავდა და როდესაც ჩემპიონატი დაიწყო, ბევრ მათგანს ნორმალურად არც ვიცნობდით. ახლა ყველას დავუახლოვდით, პიროვნულადაც გავიცანით და ერთმანეთის უკეთ გვესმის.

- თებერვალში წარუმატებლობების შემდეგ, ფოთში მოგება "დინამოზე" დადებით გავლენას მოახდენდა.
- დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ეს ერთი მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა, რადგან წელს ოფიციალური შეხვედრა არ მოგვეგო. ეს ტალღა უნდა დავიჭიროთ და "სამტრედიასთანაც" ასევე ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელზე ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში და ამაში გულშემატკივარს მალე დავარწმუნებთ. "კოლხეთთან" მოგებამ, ბევრი რამ განაპირობა და მჯერა, რომ ჩემპიონობა მიუღწეველი მიზანი არ არის.

- ლიდერს შვიდი ქულით ჩამორჩებით და როგორ?
- დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი თამაში "დავიჭირეთ", ვერავინ შეგვაჩერებს. გაჩერების უფლება არც გვაქვს.

- ცუდი სტარტი ბევრ გუნდს ჰქონია, მაგრამ დინამოელობა სულ სხვა სტრესია. სხვა კლუბებთან შედარებით მეტია ყურადღება, კრიტიკაც და დაფასებაც.
- რა თქმა უნდა. ფეხბურთელმა "დინამოში" ყველა შეხვედრაზე უნდა დაამტკიცოს, რომ თამაშს იმსახურებს. ერთიც რომ ჩააგდო, მერე იტყვიან, ამას "დინამოში" რა ესაქმებაო. ამიტომ არის სტრესი და ნერვიულობა, მეტი ნებისყოფა და მონდომება გჭირდება.
ბევრგან მითამაშია, ქუთაისის "ტორპედოში", რომელიც მეორე ადგილზე ოთარ გაბელიას ხელმღვანელობით გავიდა, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბოლნისის "სიონში" და "ამერში", რომელიც ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებდა და სულ თასის ფინალში ხვდებოდა. სამივე სოლიდური კლუბი იყო, მაგრამ "დინამო" სხვა სიმაღლეა და ამაზე კამათიც არ ღირს. შეცდომის კი არა, მოდუნების უფლება არ გაგაჩნია. ეს ჩემთვის დღემდე ისეთივე საოცნებო კლუბია, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ძველებურად ძლიერი არ არის, მაგრამ პოტენციალი აშკარად აქვს.

- ადრე "დინამოს" ფორმაც კი იგებდა. ახლა?
- ახლაც იგებს. ეროვნულ სტადიონზე გასვლის დროსაც სხვაგვარ ძალას ვგრძნობთ. წლევანდელი სტარტის ჩაგდების შემდეგ, შესაძლოა, ასეთი ლაპარაკი დამაჯერებლად არ ჟღერს, მაგრამ დინამოელი უფრო ამაყი და თავდაჯერებული ხარ. ეროვნულ სტადიონზე ყველაზე მდიდარ გუნდთანაც უფრო თავდაჯერებული ხარ, რადგან "დინამოს" ფორმით თამაშობ. ამ ყველაფერს არავის დასაკნინებლად არ ვამბობ, მაგრამ ჩვენი ფორმის, ტრადიციისა და სულისკვეთების უპირატესობას მეტოქეც გრძნობს.

გემახსოვრებათ "ცრვენა ზვეზდასთან" შეხვედრა, 3:1 რომ მოვიგეთ. სერბებს თამაშითაც მოვუგეთ, მაგრამ უფრო სწორედ დინამოელობის გამო სტადიონმა, ფორმამ, გუნდის სახელმა ძალა მოგვცა და ჩვენი სულისკვეთება "დავიჭირეთ". ეს სიამაყე დიდმა დინამოელებმა დაგვიტოვეს და ამიტომაც მინდა, კლუბის სახელს და ღირსებას სხვაგვარად გავუფრთხილე და ნდობა გავამართლო. ეს სულისკვეთება კი არ ჩამკვდარა და მალე ნახავთ, გუნდი თამაშს გამოასწორებს. საწყენია, რომ სერბებთან ნათამაშები შემადგენლობიდან ბევრი წავიდა, კაშია, მერებაშვილი, ოვონო, აკირემი, თორემ "დინამო" დღესაც ბევრად ძლიერი იქნებოდა.

- გუნდის ყველა ლიდერი უცხოეთში წავიდა, შენ ეს რატომ ვერ მოახერხე?
- ჯერ ერთი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ უფრო იმის გამოც, რომ ახლა არსად წასვლა არ მინდა.

- უცხოეთში წასვლა არ უნდოდეს, ასეთი ქართველი ფეხბურთელი არსებობს? ამას გულახდილად ამბობ?

- რატომ უნდა წავიდე, როდესაც "დინამოდან" შეიძლება ქვეყანას და ჩვენს ფეხბურთს გამოვადგე. ნაღდად ვერ ვიტყვი, ფული მომცენ და ყველგან წავალო. არის რაღაც, რაც ფულზე არ იცვლება.

- ნაკრების ბოლო შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ აღარ გამოგიძახა. სანაკრებო კარიერა წარსულია?
- მწვრთნელის გადასაწყვეტია, როდის მიგიწვიოს და როდის არა, მაგრამ ფეხბურთელი გამოძახებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. სამწუხაროდ, გასულ წელს ოპტიმალურ ფორმაში არ ვიყავი და ეს ნაკრებშიც დამეტყო.

- მე კი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლებლობას ზედმეტი ნერვიულობის გამო ვერ ავლენდი.
- რაღა დროს ჩემი ნერვიულობაა. მიზეზი სხვა რამ იყო - მეტისმეტად მონდომებული ვიყავი და ესეც ცუდად მოქმედებს.

- დაბოლოს, ჩვენს მოედნებზე შენნაირ ტექნიკურ ფეხბურთელს თამაში უნდა უჭირდეს.
- მიჭირს კი არა, ჩვენს მოედნებზე თამაში საშინელებაა. ბურთის გაჩერება და დამუშავება ჭირს, ამას რომ ვერ აკეთებ, იძაბები და რომელ ლამაზ ფეხბურთზეა ლაპარაკი?





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული