24 წლის ტანმაღალ თავდამსხმელს (187 სმ) საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს: საფეხბურთო კლუბ "მოდრიჩის" გაზრდილი მის ღირსებას სამი წელი იცავდა, შემდეგ გერმანიაში იენის "კარლ ცაისის" დუბლშემადგენლობიდან ცდილობდა უფრო მაღალ დონეზე მოხვედრას, მაგრამ ცნობილი გერმანული კლუბები რომ ვერ დააინტერესა, "ბელგრადში" გადავიდა. სერბეთის უმაღლეს ლიგაში სამი წელი თამაშობდა, საიდანაც აღმოჩნდა ომარ თეთრაძის გაწვრთნილ და ქართველებით სავსე "ვოლგაში", შემდეგ კი თბილისის "დინამოშიც". სწორედ "ვოლგას" ხელმძღვანელთა
პეტარ ელიჩი "ვოლგაში" პრესტიჟული 10 ნომრით თამაშობდა და ოთარ მარცვალაძის თქმით, ძალიან კარგი თავდამსხმელია, მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე "ვოლგაში" ბევრი ახალი ფეხბურთელი მიიწვიეს და თეთრაძემ მასთან განშორება გადაწყვიტა.
შეიძლება ითქვას, რომ ის "დინამოს" ზამთრის შენაძენებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკის ფეხბურთელია - მან ორჯერ ითამაშა ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში.
- რუსეთის პირველი ლიგიდან საქართველოში ქართველებიც არ ბრუნდებიან. მარცვალაძეს უკვირდა კიდეც, ელიჩი შეიძლება საქართველოში თამაშს არ დათანხმდესო.
- მარცვალაძემ გითხრათ? დიდი მადლობა მას, ასე კარგად თუ დამახასიათა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეთამაშა და სამუშაო მქონოდა.
- "ვოლგადან" რატომ წამოხვედი?
- გუნდში ძალიან ბევრი ლეგიონერი შევგროვდით, მით უფრო, თავდასხმაში და სხვა გზა არ იყო, მწვრთნელს ბევრიც უნდა გავეშვით.
- რუსეთში დარჩენის შანსი არ გქონდა?
- ომარ თეთრაძემ მითხრა, რომ დიდი ტრადიციებისა და სახელის მქონე კლუბი, თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული და ჩამოსვლის იდეა მომეწონა.
- "დინამოს" სახელი გაგონილი გქონდა?
- ფეხბურთი თუ გიყვარს და იცი, წარმოუდგენელია, თბილისის "დინამოზე" არაფერი იცოდე. რა თქმა უნდა, სახელიც ვიცოდი და მცირე წარმოდგენაც მქონდა. მე ის მომეწონა, რომ მდიდარი ტრადიცია ჰქონდა, ევროპაში თასი მოუპოვებია და თეთრაძის თქმით, საჩემპიონო ბრძოლაში უნდა დავხმარებოდი.
- საქართველოში დიდი ხნით აპირებ დარჩენას?
- ეს ჩემზეა დამოკიდებული. ვნახოთ, თავს როგორ გამოვიჩენ.
- როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება "დინამოზე"?
- ახალგაზრდული და სხვათა შორის, ძალიან პერსპექტიული გუნდია. "ვოლგაშიც" ვიცოდი, რომ ქართველები, მარცვალაძე, ხოჯავა, ნავალოვსკი, საჯაია ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც მე მომწონს. ისინი "ვოლგას" სახეს და ძალას წარმოადგენდნენ. ფეხბურთელობაც არ არის მთავარი, ძალიან კარგი ბიჭები არიან, ვმეგობრობდით და სხვათა შორის, ქართველების პიროვნულმა თვისებებმაც გადამაწყვეტინა წამოსვლა. მეც მართლმადიდებელი ვარ და ჩვენს დაახლოებაში ამანაც დიდი როლი შეასრულა. როგორც ვამჩნევ, დაახლოებით მსგავსი მენტალიტეტი გაგვაჩნია.
იცით, ჩემთვის რა იყო მოულოდნელი? ჩავედი რუსეთში, სრულიად უცხო გუნდში, სრულიად უცხო ადამიანებში და იქ ყველაზე მეტად ქართველი ბიჭები დამიდგნენ გვერდში, ყველანაირად მეხმარებოდნენ და უცებ დავმეგობრდით. ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებთ, ყოველდღე ბიჭებს ან მე ვუკავშირდები, ან ისინი, მესიჯს მაინც ვუგზავნი. სულ აინტერესებთ ჩემი ამბები, როგორ ვვარჯიშობდი, როგორ ავეწყვე, როგორ მიმიღეს, მოკლედ, ყველაფერი. ასევე ვარ მეც, ვეცნობი მათ ამბებს და მიხარია, "ვოლგას" ლიდერები რომ არიან.
- ფოთში "დინამოს" ფორმით პირველი გოლი გაიტანე - ახალ გუნდში გოლი ყოველთვის სასიხარულოა.
- როგორ გაიხსნები და რამდენად მოახერხებ ახალ გუნდთან შეგუებას, ეს პირველ გოლზე არის დამოკიდებული. თუ ამას მალე შეძლებ, უფრო თავისუფლად ითამაშებ, თუ არადა, მერე ნერვიულობ. მიხარია, რომ "დინამოს" უკვე დავეხმარე. იმედია, ფორმაში მალე შევალ და უფრო მეტსაც გავიტან.
- საქართველოში იმდენად უხარისხო მოედნებია, გოლების გატანა ძალიან რთულია.
- გეთანხმებით, მოედნები მართლაც არ ვარგა, მაგრამ თავდამსხმელის მოვალეობა გოლების გატანაა, ასეთ მოედნებზეც კი. რაც არის, იმაზე უნდა ვითამაშოთ. მე არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებ, მაგრამ გუნდის იმედები უნდა გავამართლო.
- გუნდელებთან საერთო ენა გამონახე?
- ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრი ახალწვეული ვართ და ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. ასეთ დროს ჭირს გუნდური ფეხბურთის ჩვენება, თავის კარგად გამოვლენა, მაგრამ ნელ-ნელა ერთმანეთს უკეთ ვუგებთ. დრო გვჭირდება და ვფიქრობ, მალე ეს პრობლემაც მოგვარდება. მთავარი ისაა, რომ "დინამოში" ნიჭიერი ფეხბურთელები არიან.
.