სანდრო იაშვილი: საქართველოში ფეხბურთელის თანადგომა არ ეხერხებათ

AutoSharing Option
ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელი, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები სანდრო იაშვილი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში ისევ რუსთავის "ოლიმპში" დააბრუნეს, სადაც ბოლოს თამაშობდა.

სანდრო არ არის რიგითი ფეხბურთელი, აქვს პრინციპული პოზიცია და პიროვნული ხედვა. წაიკითხეთ ინტერვიუ და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. ამიტომაც ვთხოვეთ ჩვენი რუბრიკის, "1001-ე სევდის" სტუმრობა. სანდრომ ისეთი პრობლემა წამოჭრა, რაც ბევრ ფეხბურთელს აწუხებს და ვფიქრობ, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

- ჯერ ბოლო ამბებით დავიწყოთ, "ოლიმპში" კონტრაქტი რა ხნით გააფორმე?
- 6 თვით, აგვისტომდე ვითამაშებ და
შემდეგ ხელახლა დავილაპარაკებთ.

- რამდენი ხანია, რაც "ოლიმპში" ვარჯიშობ?
- ორი კვირაა, მეტი არა. მანამდე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და, ცხადია, ფორმაში ჯერ ვერ ვიქნები, რადგან პრაქტიკა მაკლდა. პირველ შეხვედრაში გამიჭირდა, ჯერ ვერ ვარ ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ თამაშით ფორმას აუცილებლად აღვიდგენ. თანაც ახლა ისე მინდა თამაში, როგორც არასდროს.

- რუმინულ "გაზ-მეთანში" ვარჯიშობდი და მერე "დაიკარგე". რუსთავში დაბრუნებამდე სად ვარჯიშობდი?
- ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ზოგჯერ ავთო ბერიძესთანაც, ფორმიდან საერთოდ რომ არ ამოვვარდნილიყავი.

- და ამ პერიოდში "ოლიმპის" გარდა შენით სხვა კლუბი არ დაინტერესებულა?
- საერთოდ არავის ვახსოვდი, არც კლუბის ხელმძღვანელებს, არც მწვრთნელებს. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ალბათ, იმიტომ არავინ ინტერესდება, საქართველოს ჩემპიონატი გაძლიერდა და კარგია-მეთქი. მაგრამ რობერტო კარლოსი საქართველოში ჯერ არ ჩამოუყვანიათ... მოკლედ, არავის ვახსოვდი, ან არ მენდობოდნენ.
ასეთ დროს გამოჩნდა რუსთავის "ოლიმპი" და არც ვიცი, თორნიკე მაისურაძეს მადლობა როგორ გადავუხადო. მენდობა და ფაქტობრივად, თამაში თავიდან დამაწყებინა.

- მოსამზადებელი ეტაპის გაუვლელად ჩემპიონატში ჩართვა რთული იქნება.
- სულ უვარჯიშებელიც არ ვყოფილვარ. "გაზ-მეთანში" ორი კვირა შეკრებაზე ვიყავი და ვგრძნობდი, ფორმაში შევდიოდი, მაგრამ იქიდან წამოსვლა მომიხდა. მერე კი უკვე გითხარით, თბილისში რასაც ვაკეთებდი.

- რუმინულ კლუბში რატომ ვერ დარჩი?
- დღემდე არ ვიცი. ჩემი საკითხი გადაწყვეტილი მეგონა, რადგან ასე მითხრა მთავარმა მწვრთნელმა, წელიწადნახევრიან კონტრაქტზეც შევთანხმდით, მაგრამ შემდეგ მითხრა, ვეღარ გტოვებთო. მიზეზი აღარ მიკითხავს, ან რა აზრი ჰქონდა, ვაჭრობას ხომ არ დავუწყებდი. ფეხბურთში ასეც ხდება. ქართველებს არ ვახსოვდი და რუმინელების უარი რა საწყენი იყო. საქართველოში ერთი წელი არ დამკავშირებიან და არ დაინტერესებულან, ცოცხალი ვიყავი თუ არა და რას ვაკეთებდი. სინჯებზეც არავის მივუწვევივარ.

- უცხოეთიდან საქართველოში ბევრ ფეხბურთელს იწვევენ. იგნორირება ამის ფონზე უფრო გეწყინა?
- მე უცხოელების ჩამოყვანაზე გული არასდროს დამწყდება, ვისაც ვინ უნდა, ის მიიწვიოს, რა ჩემი საქმეა. მე სხვა რამ მაოცებს: ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში ძალიან ძნელად რომ ხვდებიან, უცხოელები ჩვენთან იოლად როგორ ჩამოჰყავთ? მე მათი ჩამოსვლა კი არ მაღიზიანებს, პირიქით, კარგიც არის, მაღალი დონის რაც შეიძლება მეტ ევროპელ თუ აფრიკელ ფეხბურთელს თუ მოვიწვევთ, ჩემპიონატის დონე აიწევს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ცუდი ისაა, რომ ჩვენივე ფეხბურთელებს ვაკლებთ ყურადღებას და იოლად გადავუსვამთ ხაზს.

- ხაზი იოლად შენც გადაგისვეს.
- ასე გამოვიდა. ყველგან ერთი და იგივე ლაპარაკი მესმის, სანდრო იაშვილი უხასიათო არისო, სად ნახეს ჩემი უხასიათობა? მატჩის დროს რომ ემოციური ვარ, ეს არის უხასიათობა? რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?

- ჩვენი მწვრთნელებს რთულ, ან არაორდინალურ ფეხბურთელებთან ურთიერთობა უჭირთ?
- ჯერ იმით დავიწყოთ, რატომ ვარ რთული? ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება აქვს და ეს ხასიათის სირთულეს არ ნიშნავს. ევროპაში ფეხბურთელებს სხვა კრიტერიუმით უდგებიან. არასდროს მითქვამს ის, რაც მოხდა შვეიცარიაში: "თუნში" რომ ვთამაშობდი, მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ასეთ კარგ ადამიანთან ურთიერთობა არასდროს მქონიაო. უჰრინმა და შუშაკმა გამიგეს და არ ვიცი, ქართველებს ასე რატომ გაუჭირდათ. ვინც მიცნობს, ყველას ეცინება, ჩემს უხასიათობაზე რომ ლაპარაკობენ.

მე ვინც გამიგო, თორნიკე მაისურაძეა, რადგან ადამიანია და სხვისი შეცნობა შეუძლია. მართალია, გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ მონდომებული და წესიერი კაცია. ბევრი მწვრთნელია, თავი აქვს აწეული და სწავლა არ უნდა, მერე შედეგი არ აქვს და ფეხბურთელებს აბრალებს. რამდენი ხანია მაისურაძესთან ვვარჯიშობ და მისგან სხვაზე ცუდი არ გამიგია, ფეხბურთელებს არ აგინებს და ცდილობს გაუგოს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და იმიტომ არ ვამბობ, რომ მიმიწვია, ასეთები ნაღდად არ მახასიათებს.

საერთოდ, ჩვენში ასეთი ტენდენცია არის: ქართველ ფეხბურთელებს არ აფასებენ და სწორედ ამის გამო ბევრმა ფეხბურთს თავი დაანება. სხვა არაფერია, როდესაც აქაურებს შანსს არ აძლევ და უცხოელს იოლად იწვევ. მერე ეს ხალხი ავრცელებს ხმებს, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაფრად ვარგიან, რომ ბებრები თამაშობენ და ხალისი არ აქვთ. მერე უკვირთ, სტადიონზე ხალხი არ დადისო. შენს გუნდს ასე რომ აგინებ და ანტირეკლამას უკეთებ, ვის გაუჩნდება თამაშზე მოსვლის სურვილი?

- გულახდილად ვილაპარაკოთ, შენს მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება იმანაც განაპირობა, რომ "ოლიმპში" თამაშის პერიოდში ბოლოს ვარჯიშებს აცდენდი.
- ჯერ თუ მართლა ასე იყო, ეს გუნდიდან არ უნდა გასულიყო. მეც ბევრი რამ არ მომწონდა, ბევრი მინახავს და გამიგია, მაგრამ ჭორაობა კი არ დამიწყია. და მეორეც – მქონდა მიზეზი, რის გამოც ვარჯიშებს ვაცდენდი. ეს კი სიზარმაცის გამო არ მომსვლია, ასეთები ნაღდად არ მახასიათებს, მიზეზებზე კი არ ვილაპარაკებ. მერე, როდესაც დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი, ვერ შევთანხმდით. მე ერთი ვიცი, თუ მენდობი, ბოლომე მენდე და არასდროს გიღალატებ. თუ ვგრძნობ, რომ არ მენდობი, გვერდში არ დაგიდგები.

ეს ნდობა თორნიკე მაისურაძისგან ვიგრძენი და მას ყოვეთვის გვერდში დავუდგები, უპირველესად, როგორც კაცი. მასში, იცით რა მომეწონა? ამბობს, რომ ბევრი აქვს სასწავლი, ასეთისგან შენიშვნასაც მივიღებ და რჩევასაც. კაცი თავში ნაკლს რომ ვერ ხედავს და სწავლა არ უნდა, იმას ვერ მოვუსმენ.

- სხვათა შორის, შენმა ლაპარაკმა მოურინიოს სიტყვები გამახსენა...
- აუ, მაგარი კაცია და დარწმუნებული ვარ, ჭკვიანურს იტყოდა.

- ...ფეხბურთელის ხასიათი არ მაინტერესებს, მისი გოლი მჭირდებაო.
- ნეტავ ქართველად დაბადებულიყო, რამდენ აქაურ ფეხბურთელს გადაარჩენდა? მისნაირად საქართველოში ორიოდე კაცი თუ ფიქრობს. შეხედეთ ბალოტელის, როდესმე იცინის? ის მართლა უხასიათოა, სულ ჩხუბობს, მაგრამ ჯერ "ინტერში" მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ახლა "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს. ამ ემოციური ხასიათის გამო ფეხბურთელად არ ვარგა? რა, მარადონა იყო ანგელოზი თუ ზიდანი? მაგრამ ფეხბურთელზე რომ არის ლაპარაკი, იქ უნდა ვისაუბროთ მის კლასზე და არა იმაზე, რა ხასიათები აქვს. ეს ბევრს არ ესმის.

- საქართველოში ფეხბურთელის თანადგომა არ ეხერხებათ?
- ყველას ნაღდად არ ვგულისხმობ, მაგრამ ბევრს ნაღდად არ ეხერხება. მერე უკვირთ, ფეხბურთელი ვერ იხსნებაო. ეჭვებით გულს გამომიჭამ, ნერვებს მიშლი, არ მენდობი და როგორ გავიხსნები? აიღეთ მიშა ბობოხიძის მაგალითი. ძალიან მაინტერესებს, რომელ გუნდს ჰყავს ასეთი თავდამსხმელი? ახლა უგუნდოდ არის და მიკვირს, რომ მისი აყვანა მაინც არავის სურს. ამბობენ, გუნდს გვირევდაო, ერთი დალაგებული გუნდი მითხარით და მერე თქვი, რომ აგირიეს.

კარგით, რა, სირცხვილია, კომუნისტების ეპოქაში ხომ არ ვართ. ეს ძველებური მენტალიტეტი და მიდგომა თუ არ შევიცვალეთ, არაფერი გვეშველება. უმცროსი ვიტალი დარასელია 28 წლის ჩამოწერეს, კაცი რომელიც თამაშის საკუთარ თავზე აღებას და შეხვედრის ბედის შემოტრიალებას ახერხებდა. ასეთი ბევრი გვყავს საქართველოში? არა, დარასელიაც უხასიათო ყოფილა. არადა, მასეთი გულიანი და გამგები ბევრი ადამიანი არ მინახავს. ასეა, ჩვენი ვეტერანები გავაგდეთ და სხვისი გაგდებულები ავიყვანეთ. ასე შეიძლება, საკუთარ რესურსს რომ არ ვუფრთხილდებით?

დააკვირდით, ვიღაცას უხასიათობის გამო იწუნებენ, ვიღაცაზე ამბობენ, ჩემს ტაქტიკაში არ ჯდება, გუნდს მირევსო და შემდეგ ამ მიზეზით ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს გზას უკეტავენ. ასე მგონია, თამაშის კი არა, ფეხბურთელის დაწუნების ტაქტიკა უფრო აქვთ დახვეწილი და ფეხბურთელებს უნებლიედ სახელს უტეხენ. ახალი ფრაზები მაინც მოიგონონ, ან მშობელთა კრება ჩაატარონ, ან კუთხეში დააყენონ. გეცინებათ, მაგრამ უბედურებაა, რომ ჩვენში ფეხბურთელის ჩაკვლის სისტემაა აწყობილი და არა მისი წარმოჩენის, ამ ყველაფრის გამართლება კი ისეთივე აბსურდამდეა მისული, როგორიც შეიძლება ფეხბურთელის კუთხეში დაყენება იყოს. თორემ ძველი ფანდები უკვე გაშიფრული გვაქვს. ფეხბურთელი დასაჯონ მაინც, რას ერჩიან, ცხოვრებას რატომ უნგრევენ?

დავიღალე ამ სისულელეებით, მე ფეხბურთის თამაში მინდა. გულგატეხილობის პერიოდი მაისურაძემ გადამატანინა და ახლა მეორე სუნთქვა გამეხსნა. ვისაც ჰგონია, რომ ფეხბურთს თავი დავანებე, იმედი უნდა გავუცრუო - კიდევ ათი წელი მაინც ვითამაშებ!..






.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სანდრო - ასეთი მებრძოლი ხასიათით ყველაფერს მიაღწევ. ჩემი ფიზმომზადების მწვრთნელი ბ-ნი გუჯა ფეხბურთელს პირველ ვარჯიშზევე აფრთხილებს:"თუ დავალებას ვერ შეასრულებ ჩემი ბრალი იქნება, ე.ი.კარგად ვერ გასწავლეო".დარწმუნებული ვარ ფორმაში მალე ჩადგები და კარგი თამაშით გაგვახარებ.წარმატებებს გისურვებ.
puma
11:36 10-03-2011
0
მიდი სანდრო ძმაო შენნაირი ნიჭიერი ფორვარდი ბევრი არ გვყავს იმედია ათამაშდები და ნაკრებშიც გამოგვადგები
dato
12:05 10-03-2011
0

სიახლეები პოპულარული