ჭანტურია იყო დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეკარე, რომელსაც ფეხბურთელები ნახევარ გუნდს ეძახდნენ, რადგან კარნახით მოედანზე მწვრთნელს ცვლიდა და იმხელა ენერგიას ხარჯავდა, მოედნის მოთამაშეები რომ ვერ ახერხებდნენ.
იყო გულახდილი და ზოგჯერ სკანდალური რესპონდენტიც. ყველასათვის ცნობილია მისი დავა "ზესტაფონთან",
განვლილი კარიერის საინტერესო და უცნობ ფაქტებზე გია ჭანტურია გვესაუბრება.
- თითქმის ოცწლიანი კარიერა დაასრულე, ლაბათ, გიმძიმს უფეხბურთოდ.
- ადრე თუ გვიან ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მეგონა, თამაშის დასრულებას ასეთი დიდი სტრესის გამოწვევა თუ შეეძლო. თითქოს ჩვეულებრივად ვცხოვრობ, იგივე სამეგობრო, იგივე წრე, იგივე ყოველდრიურიობაა, მაგრამ ვარჯიშზე წასვლა რომ აღარ მიწევს, ეს რთული გადასატანი აღმოჩნდა. ძალიან მომენატრა ფეხბურთი, ვარჯიში, ბუცების ჩაცმა, გასახდელში შესვლა.
- სტატისტიკას გადავხედე - გორის "დილაში" 18 წლისას გითამაშია.
- 18-ის არა, 17-ის ვიყავი, გუნდში კი საფეხბურთო სკოლიდან 16 წლის ბავშვი ამიყვანეს.
- პატარა ბიჭი უმაღლეს ლიგაში როგორ გათამაშეს?
- ძირითადი მეკარე იყო ჩოჩიევი. იმ დროს დაიწყო სამაჩაბლოში ომი და ეს ბიჭი სამშობლოში წავიდა, გუნდში კი მე დავრჩი და დამაყენეს. მახსოვს, გალის "მზიურთან" 2:0 მოვუგეთ. მერე თითქმის ყველა იმ გუნდში ვითამაშე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული იყო, გამონაკლისი მხოლოდ "დინამოა". გადასვლა კი შემომთავაზეს, მაგრამ მიზეზთა გამო მაშინ მიზანშეუწონლად ჩავთვალე.
"მშრალი" დებიუტის შემდეგ ბევრი "მშრალი სერიაც" ჩამიტარებია. ოთხი წლის წინ "ზესტაფონში" პირველი წრის თორმეტ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გავუშვი და სამივე "ვიტ ჯორჯიასთან". დანარჩენ თერთმეტ შეხვედრაში ჩემი კარის ბადე არ შერხეულა.
- ეროვნულ ჩემპიონატში კი იყავი გამორჩეული, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან სასიამოვნო მოგონებები არ უნდა გაკავშირებდეს.
- ყველაფერი საფრანგეთთან გაშვებული გოლის ბრალია, რომელიც რატომღაც მე დამბრალდა. არადა, ბურთი სამ ფეხბურთელს შორის გაძვრა, მე ვერ ვხედავდი და გავუშვი. მერე კლაუს ტოპმიოლერმა მატჩის ჩანაწერი ნახა და შემდეგ შეხვედრაში უკრაინასთან ამიტომაც დამაყენა.
თუმცა ამ ყველაფერში მთავარი სხვა რამ იყო - გუნდმა ვერ ითამაშა, მაგრამ ჩვენთან მეკარეების დადანაშაულება წესია. სულ კი ნაკრების ოცი შეხვედრის განაცხადში მოვხვდი.
- ჩვენი მეკარეების უმრავლესობა საუკეთესო ფორმას 30 წლის შემდეგ აღწევთ, მანამდე კი არასტაბილურობა გახასიათებთ.
- მეკარესთვის მთავარი გამოცდილება და სიდინჯეა, ეტყობა, ჩვენ გვიან ვღვინდებით. მეც ასე მომივიდა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ 2006 და 2010 წლებში მაღიარეს. ამ დროს მივაღწიე სტაბილურობას, რაც მეკარესთვის მთავარია. მხოლოდ ორიოდე შეხვედრის კარგად ჩატარება შენს ნიჭზე კი მეტყველებს, მაგრამ არასაკმარისია. სეზონში 30 მატჩიდან 25-ს თუ კარგად ითამაშებ, გამოდის, მეკარე ხარ, სეზონი კი ჩავარდნის გარეშე წარმოუდგენელია.
ცუდად მახსენდება "ზესტაფონი"-"ვიტ ჯორჯიას" სამი წლის წინანდელი მატჩი. ბურთი ამომქონდა, ნიკა გელაშვილს ფეხში მოხვდა და ბადეში შეგორდა. კიდევ კარგი, ის მატჩი 3:1 მოვიგეთ და მეც ამოვისუნთქე. მქონია კარგი თამაშებიც, მაგრამ ყველაფერს რას გავიხსენებ.
სხვათა შორის, მეკარე საშუალო გუნდში უფრო ჩანს. მაგალითად, "დილაში" მეტი დატვირთვა მქონდა და ვთვლი, რომ გორში თამაში ძალიან წამადგა. ასე იყო გასულ სეზონში "ლოკომოტივში" მაქსიმე ქვილითაია და უცებ გამოჩნდა. ისეთ გუნდებშიც მითამაშია, სადაც კარში თითქმის არ მირტყამდნენ, "ზესტაფონში", "ოლიმპში". რამდენჯერმე გასახდელში ისე შევსულვარ, ფორმა ახალგარეცხილივით იყო.
- საქართველოში მეკარეების სკოლა არ არის. აბა, რის ხარჯზე თამაშობდი?
- საქართველოში სკოლა კი არა, მეკარეების მიმართ უნდობლობა არის. პეტერ ჩეხმა ჩეხეთის ნაკრები დაღუპა, ინგლისელები - რობინსონმა, ფეხი აუცდა და გაუშვა, ორივე გააკრიტიკეს, მაგრამ ისტერიკა არ აუტეხავთ, რადგან ადამიანს შეცდომა მოსდის.
მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ახლა ძალიან კარგი სამი მეკარე ჰყავს - რევიშვილი, ლორია და კვასხვაძე და მათ მაინც უნდა შევუწყოთ ხელი, ნევროზი არ ავკიდოთ და თავად დარწმუნდებით, მაღალი დონის მეკარეებად ჩამოყალიბდებიან. ქეცბაიამ ნაკრები აათამაშა და მეკარეებიც გამოჩდნენ. ციდან ხომ არ ჩამოვარდნილან, აქამდეც თამაშობდნენ, მაგრამ მათი ნიჭი წარმატებულმა ნაკრებმა წარმოაჩინა. ბულგარეთში 6:2 რომ წავაგეთ, ყველაფერი ლომაიას დაბრალდა. რას ერჩოდნენ, გუნდი რომ გაჩერდა, ათ ბულგარელს მარტო შეაჩერებდა?
- მეკარესთვის რა არის მთავარი?
- ინტუიცია და ბურთის ტრაექტორიის გათვლა. რა თქმა უნდა, სწავლა მნიშვნელოვანია, დამწყებ მეკარეს მიმართულება უნდა მისცე, მაგრამ გათვლას და ინტუიციას ვერ ისწავლი. იძახიან, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, სისულელეა, უტვინო კაცი ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ჭკუა კი მეკარეს განსაკუთრებით სჭირდება, დაცვა რომ დაალაგოს და გუნდი დაამშვიდოს. მეკარე მოედანზე მწვრთნელს უნდა ცვლიდეს.
- თემა, რომელზეც ექსკლუზივი გაგაჩნია - ფეხბურთელისა და კლუბების ურთიერთობა.
- "ზესტაფონთან" ჩემი დავიდანაც ჩანს, რომ ჩვენთან ფეხბურთელთა უფლებები ირღვევა. იმედია, ამ საქმეს საშველი დაადგება. მე ვითხოვ იმას, რის უფლებასაც ფიფა მაძლევს. მიხარია, საფეხბურთო არბიტრაჟი რომ შეიქმნა, რადგან ფეხბურთელთა უფლებების დაცვა ჩვენ ცივილიზებული საფეხბურთო ქვეყნის სახელს დაგვიმკვიდრებს. მის შექმნაში, ვფიქრობ, ჩემმა დავამაც გარკვეული წვლილი შეიტანა. ეს ამბავი რომ არ გამეხმაურებინა, შესაძლოა, არბიტრაჟი დღესაც არ ყოფილიყო. არადა, საჭიროა და ბევრ ფეხბურთელს წაადგება.
- გავლენიანი ჩეხი მენეჯრის, დალიბორ ლაჩინას სიტყვებია - ქართველები 19 წლამდე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები ხართ, შემდეგ კი ფეხბურთს ივიწყებთო. შენი აზრით, რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენთან გაზრდა რთულია. ვინც უცხოეთში დროულად წავიდა, სწორი თამაშიც ისწავლა და დღესაც მაღალ დონეზე თამაშობს. ალბათ, ჩვენთან ფეხბურთელს ვერ ზრდიან და ვერ ასწავლიან. მენტალიტეტი არაფერ შუაშია, მაშინ უცხოეთში ქართველები როგორ თამაშობენ?
- სამ ქვეყანაში გითამაშია და შეფასებას შეძლებ - ქართველი ფეხბურთელი ზარმაცია?
- ალბათ, ბევრია ზარმაცი. მეც ასეთი ვიყავი, დამატებით არასდროს მივარჯიშია. ჩემ თავს არ ვგულისხმობ, მაგრამ სიზარმაცე ნიჭიერების უმრავლესობას ახასიათებს, შრომისმიყვარე კი, უმთავრესად, უნიჭოა.
თუმცა ჩვენთან ისეთი პირობებიც არ არის, ძალიან რომ მოინდომო. პირობების გარეშე კი ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ეს მიზეზები რომ გადაეჯაჭვება, გული უტყდებათ, აღარ ვარჯიშობენ და ნიჭიერი ბავშვები იკარგებიან. ამით ჩვენი ფეხბურთი ბევრს კარგავს. ჩემპიონატი კი უფულობით გვეჩაგრება. აბა შესთავაზონ ჩვენმა კლუბებმა უცხოეთში ასაღები 3 ათასის ნაცვლად 1,5 ათასი, ბევრი ჩამოვა და ნახავთ, მარტო ბელორუსში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში წასულთა ხარჯზე შეიძლება ჩემპიონატის დონის გაზრდა.
ეს ქვეყნები ფულით გვჯობია. არავინ თქვას, რომ ფინანსები არაფერს წყვეტს, ფეხბურთში სწორედ ესაა მთავარი, თორემ გულიტი გროზნოში ჩავიდოდა? არა მგონია, ბომბების აფეთქება მოსწონდეს.
- ნიჭიერი მეკარე კი იყავი, მარამ უცხოეთის სერიოზულ კლუბში ვერ მოხვდი.
- ცუდ დროს დავიწყე თამაში, ჩვენი კლუბები და ნაკრებები იზოლაციაში მოხვდნენ და გზა ჩაგვეკეტა. თავს კიდევ წინა ხაზის ფეხბურთელებმა უშველეს, მეკარის უცხოეთში გასვლა კი თითქმის წარმოუდგენელი იყო.
- მართალია, რომ რეჟიმის დაცვა არ გიყვარდა?
- თუ რეჟიმის დაცვა ოთხ კედელში გამოკეტვაა, ეს რეჟიმი კი არა იდიოტიზმია, ასე ძველებური აზროვნების ხალხი ფიქრობს. ფეხბურთელი ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგჯერ მოთამაშემ გული უნდა გადააყოლოს და დალიოს კიდეც. თამაშის დროს ვეწეოდი, მაგრამ ამაში კრუიფსა და ელკიაერს ვერც შევეჯიბრები.
იტალია მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, ბუფონი "ჰავანას" ეწეოდა. ჩვენი ბევრი ცნობილი ფეხბურთელიც ეწეოდა. მთავარია, საქმე გააკეთო, ჩემთვის კი მოწევას ხელი არ შეუშლია. თუმცა სიგარეტის მოწევას მაინც არავის ვურჩევ.
- საქართველოში ყველა ტიტული მოიპოვე?
- ბოლოს რუსთავის "ოლიმპში" სუპერთასი ავწიე და ქართული ტიტულების სრული კომპლექტი დამიგროვდა.
- სამი თვეა ფეხბურთიდან წახვედი. ყველამ იცის, რომ მოედანზე, ფაქტობრივად, მოთამაშე-მწვრთნელი იყავი. მწვრთნელობას არ აპირებ?
- ვფიქრობ, მაგრამ ლიცენზია არ მაქვს, თორემ მეკარეების მწვრთნელობა შემომთავაზეს. ბევრი რამ მაბრკოლებს, სწავლას ფულიც უნდა...
ადრე ფეხბურთელს აფასებდნენ, უმუშევარს არ დატოვებდნენ, მშიერი რომ არ ყოფილიყო, ახლა კი არავის აინტერესებს, სად ხარ და რას აკეთებ. არადა, ოჯახი გყავს და ელემენტარული პურის ფული გინდა. ოცი წელი ვთამაშობდი, გამოცდილება დამიგროვდა და არ მინდა, ეს გამოცდილება ქარს გავატანო. არ ვტრაბახობ, რამდენიმე მეკარეს თავად უთქვამს, რომ ჩემს გვერდით გაიზარდნენ. სხვადასხვა პერიოდში მივარჯიშია რევიშვილთან, კვასხვაძესთან და "ვიტ ჯორჯიის" მეკარე ძაძამიასთან. სამივე პატარა ძმასავით მყავდა, ვურჩევდი, ვასწავლიდი, ნიჭიერი ბავშვები იყვნენ და შრომა არ ეზარებოდათ.
გული დაგწყდება, 5 წლიდან ფეხბურთზე დავდივარ, თითქმის სულ ამბიციურ გუნდებში ვთამაშობდი, ნაკრების კარში დავმდგარვარ და ბოლოს რა?
- შენი აზრით, წარმატებული კარიერა გქონდა?
- შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, უკვალოდაც არ ჩამივლია.
გია ჭანტურია
დაბადების თარიღი: 25 სექტემბერი, 1973 (ასაკი 37)
დაბადების ადგილი: სამტრედია
სიმაღლე: 1,87 მ
პოზიცია: მეკარე
წელი გუნდი თამაში
1991-1992 "დილა" გორი 49
1992-1993 "სამტრედია" 10
1993-1994 "შევარდენი-1906" 17
1994-1996 "სამტრედია" 49
1997 "ლოკომოტივი" პეტერბურგი 05
1998-2000 ტორპედო ქუთაისი 41
2001-2002 "დინამო" ბათუმი 43
2002-2003 "ტორპედო" ქუთაისი 25
2003-2004 "ტავრია" სიმფეროპოლში 15
2005 "ზაკარპატიე" უჟგოროდი 01
2005 "ლოკომოტივი" თბილისი 14
2006-2008 "ზესტაფონი" 60
2009 "სიონი" ბოლნისი 13
2009-2010 "ოლიმპი" რუსთავი 38
1999-2006 საქართველოს ეროვნული ნაკრები 6.
.