ლოგიკა და ცხრილი - XXIV ტურის წინათქმა

AutoSharing Option
წინასწარ, მართლაც, ვერაფერს განსაზღვრავ: მეორე ეტაპის დაწყებამდეც განვაცხადეთ, რომ ამიერიდან სეზონის ბოლომდე ყველა ტურის მატჩები ერთსა და იმავე დღეს ჩატარდებოდა (გამონაკლისი, მხოლოდ დასკვნითი ეტაპის საწყისი ტური უნდა ყოფილიყო). თუმცა, სეზონის განახლებიდან ჯერ მხოლოდ თვეა გასული და ამ დროის განმავლობაში უკვე არაერთხელ მოხდა ჩემპიონატის კალენდარში გარკვეული კორექტივების შეტანა.

უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, გაუარესებულ კლიმატურ პირობებს ვგულისხმობთ: დიდთოვლობის გამო ორი მატჩი ("ზესტაფონი"-"ტორპედო", "სპარტაკი"-"სამტრედია") კალენდრით გათვალისწინებულზე გვიან ჩატარდა, ერთი შეხვედრა კი ("დინამო"-"ბაია") ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით არის გადადებული.

ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ მხოლოდ
ერთხელ მოხერხდა "ერთდღიანი და სრული" ტურის ჩატარება, - XXI ტურის ხუთივე მატჩი 23 თებერვალს გაიმართა. მოახლოებული ტურის წინაც გარკვეული ცვლილება მოხდა ჩემპიონატის კალენდარში: "დინამო"-"სამტრედიის" მატჩი, ხვალის ნაცვლად, დღეს ჩატარდება, თანაც... რუსთავში! ოღონდ, ამ შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო: 26 მარტს ეროვნულ სტადონზე ხომ უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა გაიმართოს საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებს შორის, ჰოდა, ჩვენი უპირველესი საფეხბურთო სარბიელიც სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს ამ რიცხვისათვის. თანაც, წვიმამ თუ თოვლმა "თავი რომ არ დაგვანებოს" და სულ მცირე, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ატმოსფერულმა ნალექმაც შეგვაწუხოს, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ეროვნული სტადიონის ბალახის საფარი. მოკლედ, სანაკრებო ინტერესების გათვალისწინებით თბილისის "დინამოს" გარკვეული პერიოდი სხვაგან მოუწევს მეტოქეთათვის მასპინძლობის გაწევა.

რაღა თქმა უნდა, მართლაც კარგი ფაქტია, რუსთავში ხელოვნურსაფარიანი მოედანი რომ არსებობს; თანაც, რაც უნდა ძლიერი წვიმა მოვიდეს, ფეხბურთელებისათვის ხელისშემშლელი არაფერი იქნება (ოღონდ, მთავარია... მოინდომონ) და ორი დღის განმავლობაში ორი ოფიციალური მატჩის ჩატარებაც პრობლემას არ წარმოადგენს. სამწუხაროდ, სხვა პრობლემაზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ და, შესაძლოა, ვინმეს არ ესიამოვნოს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: დედაქალაქში დღესდღეობით "ეროვნულის" გარდა სხვა არც ერთი სტადიონი არა გვაქვს, საერთაშორისო მოთხოვნებს რომ პასუხობდეს.

წინა ტურში განსაკუთრებულად რაც გვენიშნა, აშკარად გაზრდილი შედეგიანობა იყო - ხუთ მატჩში 14 გოლი გავიდა. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ ტურში კიდევ უფრო გაიზრდება; მით უფრო, რომ ხუთიდან სამი ისეთი წყვილია, სადაც ერთი გუნდის მიერ მეორის დიდი ანგარიშით დამარცხება არავის უნდა გაუკვირდეს. საერთოდაც, მეორე ეტაპზე მატჩების უმრავლესობა (საწყისი ტურის გარდა) მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი შედეგებით მთავრდება და გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ტურშიც "ლოგიკურ" ანგარიშებს ველოდებით. ალბათ, ამის გამოც "გავკადნიერდებით" და ვიტყვით, რომ ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მხოლოდ და მხოლოდ ერთ გადაადგილებას ველოდებით.


დინამო-სამტრედია
საქართველოს ჩემპიონატის 21-წლიან ისტორიაში ვერაფრით ვიხსენებთ ისეთ შემთხვევას, როცა თბილისის "დინამო" მეტოქეს რუსთავში მასპინძლობდა (2009 წლის დეკემბერში სუპერთასზე ჩატარებულ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით); არადა, ადრე, კონკრეტულად კი გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისის "დინამოს" რამდენჯერმე ჩაუტარებია საერთაშორისო ამხანაგური მატჩი რუსთავში (უმეტესწილად, სლოვენიურ გუნდთან, ლუბლიანას "ოლიმპიასთან") და "ფოლადის" იმდროინდელ 12 000-იან სტადიონზეც მუდამ ანშლაგი იყო-ხოლმე.

რუსთავის მთავარი საფეხბურთო არენის ტევადობა ამჟამად თითქმის სამჯერ არის შემცირებული, მაგრამ ხუთიწლისწინანდელი რეკონსტრუქციის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, "ფოლადის" სტადიონი ბოლომდე არც ერთხელ გავსებულა! დღესაც რომ არ იქნება ანშლაგი, ამას რა მიხვედრა სჭირდება, მაგრამ ორივე გუნდს ხომ თავისი ერთგული ფანობა ჰყავს და რუსთავის სტადიონის ტრიბუნებზე სიჩუმეს ნამდვილად არ ველოდებით.

ისე, "სამტრედიის" გულშემატკივრების ხსენებისას გარკვეული სიფრთხილეც გვმართებს: მსაჯებისა თუ მეტოქე გუნდის მწვრთნელ-ფებურთელთა მიმართ აგრესიას ხომ ახლა უკვე ჟურნალისტების "მიზანში" ამოღებაც" დაემატა...

ერთი შეხედვით, დღევანდელ წყვილში ფავორიტის (თანაც, უპირობო) გამოცნობას ბევრი ფიქრი არ სჭირდება: წინა ტურში "კოლხეთის" დამარცხებით კახა კაჭარავას გუნდმა, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა; ანუ, "დინამოს" დღესაც რომ მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოპოვება დააკმაყოფილებს, ყველასათვის ცხადია. ოღონდ, მთავარია, რომ მატჩმა "მშვიდად" ჩაიაროს, თორემ ამ გუნდების წინა დაპირისპირებებში ხან ერთი მხარე რჩებოდა მსაჯობით უკმაყოფილო, ხან - მეორე.

აი, თუნდაც ამ ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრაში, როცა გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე უფულო და "მშიერ-მწყურვალმა" "სამტრედიამ" 2000 ერთგული ქომაგის თვალწინ ტიტულიან მეტოქეს სენსაციური მარცხი აგემა. დინამოელებს იმ შეხვედრაში უკმაყოფილების რამდენიმე მიზეზი ჰქონდათ: არჩათვლილი გოლი, მეტოქის კარში დანიშნული და მერე "გადაფიქრებული" პენალტი და ასე შემდეგ...

დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთ "უცნაურობაზეც": დღევანდელ მატჩში ერთმანეთს ხვდება წინა თვის ორი ყველაზე წარუმატებელი გუნდი! ჰო, ნამდვილად ასეა: შეკრებაგაუვლელმა და პრობლემებით კიდევ უფრო "დამძიმებულმა" "სამტრედიამ" ერთი ქულა მოაგროვა, ხოლო თურქეთმოვლილმა და ათეულობით ახალწვეულით გაძლიერებულმა "დინამომ" კი - ორი...


ოლიმპი-ბაია
ფეხბურთის რუსთაველ გულშემატკივრებს ორი დღის განმავლობაში მოსაწყენად საქმე მართლაც არ ექნებათ: პარასკევს თუ "ნეიტრალური" ქომაგის როლში იქნებიან, შაბათს უკვე თავიანთ საყვარელ გუნდს დაუჭერენ მხარს. "დინამო"-"სამტრედიის" წყვილის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც უპირობო ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. თანაც, თორნიკე მაისურაძის გუნდს უფლება აღარა აქვს სადმე გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგოს: ერთპიროვნულ ლიდერს "ზესტაფონსაც" "კუდში" უნდა სდიოს და, პარალელურად, "დინამოსაც" უფრთხოდეს.

წინა ტურში "ოლიმპმა", ცოტა არ იყოს, გაჭირვებით შეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ამ შემთხვევაში თამაშის ხარისხის ჩვენებაზე მეტად ხომ სასურველი შედეგის მიღწევა იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი.

ისე, "სპარტაკთან" ნაჩვენები თამაშის შემხედვარე, "ოლიმპის" შემადგენლობაში გარკვეული საკადრო ცვლილებები რომ ვიხილოთ, არავის გაუკვირდეს. თუმცა, თორნიკე მაისურაძეს ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მაინც მოუწევს: გუნდის წამყვანი ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე დისკვალიფიცირებულია და "ბაიას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

არცთუ სასიამოვნო განწყობით ესტუმრება რუსთავს "ბაიაც" - ელგუჯა ქომეთიანის გუნდი წინა ტურში ხომ სასტიკად განადგურდა ზესტაფონში. თუმცა, გუშინ "ლელოსთან" საუბარში "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ იმ მწარე მარცხისგან ფეხბურთელები სწორ დასკვნას გამოიტანენ და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტსაც უბრძოლველად არაფერს დაუთმობენ.


ზესტაფონი-კოლხეთი
მეორე ეტაპი "ზესტაფონმა" ისე დაიწყო, ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტს რომ შეეფერება: ოთხი მოგება, ერთი ფრე და სატურნირო ცხრილის სათავეში მყარად მოკალათება! ხვალინდელ მატჩშიც, სასწაულზე მეტი სენსაცია რომ ჰქვი, ალბათ ის უნდა მოხდეს, "ზესტაფონმა" "დაგეგმილი" სამი ქულა რომ ვერ მოიპოვოს. ამ შემთხვევაში სულაც არ გვინდა იმერული კლუბის მეტოქის დაკნინება, მაგრამ მწარე რეალობასაც ვერსად გავექცევით: დღესდღეობით "კოლხეთი" მართლაც სავალალო მდგომარეობაშია და უახლოეს პერიოდში სიტუაცია სასიკეთოდ თუ არ შეიცვალა, ფოთელთა გუნდს პირველ ლიგაში დაქვეითებისგან ვერაფერი იხსნის. თანაც, ჩემპიონატის ყველაზე შედეგიან გუნდთან დისკვალიფიკაციის გამო ორ წამყვან მცველს (მიხეილ მახვილაძე, პაატა ცხვიტარია) რომ მოისაკლისებ, მაშინ ხომ, საერთოდ, უშანსოდ რჩება "კოლხეთი"...

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, თავისი გუნდის შემადგენლობაში ხშირი როტაცია მოახდინოს. აქედან გამომდინარე, ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, ხვალინდელ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი "ზესტაფონის" ახალწვეულებს ან კიდევ იმ ფეხბურთელებს მიეცეთ, შედარებით ნაკლებად რომ უწევდათ თამაში.

სხვათა შორის, დიდ ინტერესს იწვევს რატი წინამძღვრიშვილის ასპარეზობაც: ამ გუნდების წინა ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (2:0, 2:0) დასრულდა და ოთხიდან სამი გოლი სწორედ ამ ფორვარდმა გაიტანა; თანაც, სამივე შემთხვევაში... შეცვლაზე შემოსულმა გამოიჩინა თავი!


სპარტაკი-ვიტ ჯორჯია
და აი, როგორც იქნა, "სპარტაკი" თავის საშინაო არენას უბრუნდება: მეორე ეტაპის დაწყებიდან ხვალ პირველად მოხდება, როცა ბადრი კვარაცხელიას გუნდი თავის მეტოქეებს გორში, "ქართლის" სტადიონზე უმასპინძლებს. თუმცა, სარბიელის გამოცვლა "სპარტაკის" შედეგებზე უარყოფითად ნამდვილად არ ასახულა: მეორე ეტაპზე გუნდმა არცთუ სუსტ მეტოქეებთან შვიდი ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის დაწყებიდან პირველად აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად "გადამრჩენელ" მერვე ადგილზე.

ეგ კი არა, "სპარტაკმა" თუ ასე გააგრძელა (პლუს, ერთი-ორი კონკურენტის უნიათო თამაშიდანაც გამომდინარე), გუნდს პლეი-ოფის გარეშეც შეუძლია უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს; თუმცა, ხვალინდელ მატჩში მართლაც ძნელია რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ: "სპარტაკის" მსგავსად, მეორე ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ხომ "ვიტ ჯორჯიაა".

თავად განსაჯეთ: მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ზამთრის პაუზის შემდეგ 10 ქულა მოაგროვა და, ალბათ, სეზონის ბოლომდე შეეცდება, რომ მეოთხე ადგილი არავის დაუთმოს. ეგ კი არა, ზედიზედ სამმა გამარჯვებამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თვითრწმენა შემატა და "ვეტერინარები" ახლა უკვე სამეულში შესვლაზეც ალაპარაკდნენ...

ხვალინდელმა მეტოქეებმა ამ სეზონში ერთმანეთთან უკვე ოთხჯერ ითამაშეს: ჩემპიონატის პირველი წრის მატჩში "ვიტ ჯორჯიამ" ჯაბა ლიპარტიას "დუბლის" წყალობით გაიმარჯვა; მეორე წრის შეხვედრაში "სპარტაკმა" სტუმრად (რუსთავში) ვალერი ბოლქვაძის, ცოტა არ იყოს, კურიოზული გოლის წყალობით რევანში აიღო; მერე იყო სათასო დაპირისპირება, გამარჯვებული "ვიტ ჯორჯია" რომ გამოვიდა, თუმცა ასევე რუსთავში ჩატარებული პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა არცთუ მცირე "მასშტაბის" სკანდალითაც დასრულდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც: ორივე გუნდი, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ტაქტიკური სქემით ასპარეზობს (4-2-3-1) და დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდის ცენტრფორვარდები, ზვიად მეტრეველი ("სპარტაკი") და ბესიკ ჩიმაკაძე ("ვიტ ჯორჯია") ტოვებენ. არადა, მეორე ეტაპზე "სპარტაკმა" მეტოქეთა კარში ექვსი გოლი გაიტანა და აქედან ოთხი მეტრეველის ანგარიშზეა.


ტორპედო-სიონი
ეს ტურის ერთადერთი მატჩია, სხვებთან შედარებით 2 საათით გვიან რომ უნდა დაიწყოს; თუმცა, ამას, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს: ორივე გუნდს ქულები ჰაერივით ესაჭიროება და ქუთაისელი ქომაგებიც იმის იმედად იქნებიან, გოლები ახლა მაინც რომ იხილონ.

ჰო, მართლაც "უცნაური" წყვილია: ჩემპიონატში "ტორპედოსა" და "სიონის" ორივე დაპირისპირება ნულოვანი ფრით ხომ დამთავრდა, თასის მეოთხედფინალში კინაღამ იგივე განმეორდა. შეგახსენებთ, რომ პირველ სათასო მატჩში "ტორპედომ" სტუმრად 1:0 მოუგო "სიონს", განმეორებითი შეხვედრა კი "ტრადიციული" 0:0-ით დამთავრდა...

საერთოდაც, "ტორპედოს" მეტისმეტად დაბალ შედეგიანობაზე მთელი სეზონია ლაპარაკი არ წყდება; აი, ახლაც, ჩემპიონატის ნახევარია ჩავლილი და გუნდს 23 მატჩში მეტოქეთა კარში 12 გოლი აქვს გატანილი. "მრისხანე თავდასხმით" ვერც "სიონი" დაიკვეხნის, მაგრამ "ტორპედოს" მეკარე(ებ)ი და მცველები გამოირჩევიან საიმედოობით და გაშვებული ბურთებით იმერული გუნდი მხოლოდ "დინამოს" ჩამორჩება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ხვალინდელ მატჩში ფავორიტად მაინც გია გიგატაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედო" უნდა მივიჩნიოთ; აი, "სიონს" კი ხვალიდან მართლა "კოშმარული სერია" ეწყება: "ტორპედოს" შემდეგ გიორგი ყიფშიძის გუნდი "დინამოს", "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" უნდა დაუპირისპირდეს. აქედან გამომდინარე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რომელ ადგილზე იქნება ბოლნისური კლუბი მესამე წრის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს 12მარტს 17:00 ტორპედო V სიონი. ყველა სტადიონზე
kutaisiii
01:11 12-03-2011
0

სიახლეები პოპულარული