10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამო" დღეს უმაღლესი ლიგის მატჩს თავის ქალაქში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს. სწორედ ამიტომ, ამჯერად "დინამოს" ფანკლუბ "პირატებს" წარმოგიდგენთ.
ფანკლუბის დაარსებაზე, განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის ლიდერ გივი გაგუას ვესაუბრეთ.
- ფანკლუბი როდის და როგორ დაარსდა?
- ფანკლუბი 2011 წელს დავაარსეთ. 26 მარტს ორგანიზებულად რამდენიმე კაცი საქართველო-ხორვატიის (1:0)
სოციალური ქსელის მეშვეობით "დინამოს" რამდენიმე გულშემატკივარი გავიცანი, რომლებსაც იგივე სურდათ და გავერთიანდით. პირველად ორგანიზებულად "დინამოს" თასზე "მერცხალთან" (3:0) ვუგულშემატკივრეთ, შემდეგ იყო ჩემპიონატის მატჩი "ხარაგაულთან" (2:0) და ა.შ.
ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა, ბათუმის "დინამოს" თამაშებზე კი "ადელის" სტადიონზე მხოლოდ 10-20 კაცი დადიოდა. ეს მაშინ, როცა კლუბი ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ასპარეზობდა. ჩვენი დაარსების შემდეგ ქომაგობა უფრო აქტიური გახდა და მოგვიანებით "დინამოს" თამაშებზე "ადელის" სტადიონი უკვე ივსებოდა კიდეც.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში ხელი შეგვიწყო და ვინც დღემდე ჩვენთანაა.
- გასვლით მატჩებზე სიარულში კლუბი გეხმარებათ თუ თქვენი ხარჯებით მიდიხართ?
- თავდაპირველად, ჩვენი ხარჯებით დავდიოდით, მაგრამ უმაღლესში გადმოსასვლელად ექვსი გუნდი რომ იბრძოდა, მაშინ კლუბმა დაგვაფინანსა და "გურიასთან" გასვლით მატჩზე 1000 გულშემატკივარი წავედით, თბილისში "ცხინვალთან" - 300 და ა.შ.
მართალია, მაშინ უმაღლესში გადმოვედით, თუმცა მერე ისევ გავვარდით და თამაშებზე სიარული ისევ დამოუკიდებლად დავიწყეთ. 2013 წლიდან კი კლუბს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ის მაქსიმალურად გვეხმარება. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყველა გასვლით მატჩს დავესწარით. ცხადია, არც საშინაო მატჩი გამოგვიტოვებია.
- თქვენთან გაწევრიანება როგორ ხდება?
- ფანკლუბში გაწევრიანება შეუძლია ბათუმის "დინამოს" ნებისმიერ გულშემატკივარს, რომელსაც უყვარს კლუბი და სურს, გვერდში დაუდგეს. გაწევრიანება უფასოა და არც ასაკია შეზღუდული. შესაძლოა, 13-14 წლის ბავშვები გასვლაზე თან ვერ წავიყვანოთ, მაგრამ საშინაო მატჩებზე უპრობლემოდ შეუძლიათ ჩვენთან ყოფნა.
- წევრებზე შეღავათები მოქმედებს?
- თუ ბილეთებს გულისხმობთ, გეტყვით, რომ საქართველოში უმაღლესი ლიგის მატჩებზე დასწრება ისედაც უფასოა, ევროტურნირებზე კი გვქონდა შეღავათები.
- რამდენადაა ჩართული ფანკლუბი კლუბის ყოველდღიურობაში?
- არ მინდა, ნათქვამი მთლად ბანალური გამომივიდეს, მაგრამ ჩვენთან მართლა ძალიან კარგი, მეგობრული სიტუაციაა. კლუბის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ისინი გვერდში გვიდგანან და ჩვენც, ასე თუ ისე, გუნდის ცხოვრებაში ჩართულნი ვართ, მის განუყოფელ ნაწილად ვითვლებით, ვესწრებით ვარჯიშებს, ვხვდებით მწვრთნელებს და კითხვებს ვუსვამთ. იგივე ფორმატი გვაქვს ფეხბურთელებთანაც.
ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ყველა აანალიზებს, რომ ამას ერთად დგომის გარეშე ვერ შევძლებთ.
- დიდი ხნის შემდეგ "დინამო" სათამაშოდ ბათუმში ბრუნდება. თქვენი აზრით, ეს ფანკლუბის განვითარებას ხელს შეუწყობს?
- კი, მართლაც, 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ბრუნდება კლუბი. დარწმუნებული ვარ, ყველა ბათუმელისთვის და ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ეს დიდი სიხარულია.
სამწუხაროა, რომ ბათუმში დიდი ტევადობის სტადიონი არ გვაქვს. ამ კლუბს გულშემატკივარი არასდროს აკლდა და იმედი მაქვს, 5 მაისს, თბილისის "ლოკომოტივთან" თამაშზე ბევრი ბათუმელი მოვა, მანამდე კი, 17:30 საათზე, ერას მოედანზე შემოგვიერთდებიან მსვლელობაზე.
ამ მატჩს დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ბათუმში დაბრუნება იმედს გვისახავს, რომ გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრება მატჩს და ეს ფანკლუბის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ქობულეთში ბევრი ვერ ახერხებდა წამოსვლას, ბათუმში კი სხვა სიტუაცია იქნება. ეს ყველაფერი რაოდენობრივად ჩვენც გაგვზრდის.
გვინდა და იმედიც გვაქვს, რომ მალე კლუბს ახალი, დიდი ტევადობის სტადიონი ექნება. ბათუმში 10-15 ათასი კაცი სტაბილურად ივლის თამაშებზე.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- დღეს კონკრეტული გეგმები არ გაგვაჩნია. ვემზადებით "ლოკომოტივთან" მატჩისთვის, ბათუმში დაბრუნება უნდა ვიზეიმოთ. გვერდში დავუდგებით ჩვენს გუნდს და გამარჯვებაში დავეხმარებით.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და "დინამოს" ფეხბურთელებს ვთხოვო, ყურადღებით და მონდომებით მოეკიდონ ამ მატჩს. სტადიონზე ბათუმელი გულშემატკივარი ბრუნდება, მათ შესანარჩუნებლად კი კარგი თამაში და გამარჯვებაა საჭირო.
ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ფანკლუბი ყველა მატჩს დავესწრებით, მაგრამ სავსე სტადიონს არაფერი სჯობს.