სეზონის დაწყებიდან ერთ მატჩში 8 გოლი გუშინ პირველად ვიხილეთ. თუმცა "დინამოს" თავისუფლად შეეძლო ბევრად უფრო დიდი სხვაობითაც დაემარცხებინა მართლაც ყველასაგან მიტოვებული და ბედის ანაბარა დარჩენილი მეტოქე. თავად განსაჯეთ: დინამოელებმა გუშინ, სულ მცირე, შვიდი-რვა ისეთი მომენტი ვერ გამოიყენეს, აი, საგოლეს რომ ვუწოდებთ-ხოლმე. ეგ კი არა, "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან გულშემატკივარს, ერთი პერიოდი, ალბათ, ისიც "მოეჩვენა", რომ დინამოელები
არადა, დავით კეკელიძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ისე ჩაატარა, ვერც ერთ გოლში რომ ვერავინ დაადანაშაულებდა და ამას გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი კარიც არაერთხელ იხსნა. თუმცა, მეორე ტაიმში სტუმართათვის მართლაც კოშმარულ ათწუთიან მონაკვეთში "დინამომ" კვლავაც "აიწყვიტა" და სრულიად დემორალიზებული მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანა.
თუმცა, ეს ყველაფერი შეხვედრის მეორე ნახევარში იყო, რბევა კი მატჩის დასაწყისშივე დაიწყო: ალექსანდრე კოშკაძისა და გიორგი კახელიშვილის ეფექტური კომბინაცია პეტარ ელიჩის ზუსტი დარტყმით დამთავრდა. პირველი ტაიმის ბოლომდე კახელიშვილსა და რობერტინიოს თითქმის ასპროცენტიან მომენტები შეექმნათ, მაგრამ კეკელიძეს ვერ აჯობეს; თუმცა, შესვენებამდე "დინამომ" მაინც შეძლო თვალსაჩინო უპირატესობის ანგარიშში ასახვა და ორივე გოლში ლომის წილი გუნდის ახალწვეულმა ზურაბ არზიანმა შეიტანა. ახალგაზრდა ნახევარმცველის ჯარიმას მოჰყვა კიდეც ლევან ხმალაძის გოლი, შემდეგ კი არზიანის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სტუმართა ცენტრალურ მცველს გიორგი ხუმარაშვილს ბურთი საკუთარ კარში აეჭრა.
პირველ ტაიმში სტუმრებმა მხოლოდ ერთადერთხელ შეძლეს "დინამოს" კარში დარტყმა, მაგრამ გიორგი ლორიამ პოზიცია სწორად შეარჩია და ვაჟა ლომაშვილს გოლის გატანის შანსი მოუსპო.
მეორე ტაიმის დასაწყისი კი ვარჯიშს უფრო წააგავდა, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრას: მასპინძლები უპრობლემოდ გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზეც და საერთოდაც, სტუმართა საჯარიმოშიც, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ისე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორ ვერ შეძლო "დინამომ" მეორე ტაიმის საწყის 19 წუთში უამრავი მომენტიდან თუნდაც ერთის გამოყენება - არადა, ელიჩსა (ორჯერ) და კახელიშვილს ამის ჩინებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ "სამტრედიას" დებიუტანტი მეკარე კვლავაც ჩინებულად თამაშობდა. თუმცა, სულ მალე ის ზემოთნახსენები ათწუთიანი მონაკვეთის დროც დადგა, როცა "დინამომ" გაილაღა და ამ შემთხვევაში, ალბათ, უადგილოც არის თითოეული გოლის ჩამოთვლა თუ აღწერა. უბრალოდ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ "დუბლით" გამოირჩა შეცვლაზე შემოსული დონალდ ჯუისი, ამ მატჩში, თავისი მეორე გოლი გაიტანა ლევან ხმალაძემაც, ხოლო ზურაბ არზიანი მხოლოდ ასისტენტობას არ დასჯერდა და საქართველოს ჩემპიონატში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.
ისე, რახან, ასისტენტები ვახსენეთ, ალექსანდრე კოშკაძეზეც უნდა ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა - "დინამოს" კაპიტანს ამჯერად გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და ამის გარდა, ორი საგოლე პასიც მიითვალა.
უჩვეულოდ კორექტული შეხვედრა (მატჩის არბიტრს ხვიჩა გაგნიძეს არც ერთი ყვითელი ბარათი არ უჩვენებია ფეხბურთელებისათვის), დასასრულს უახლოვდებოდა, სტუმრებმა პირველად რომ შეუტიეს "დინამოს" კარს და ეს "გააქტიურებაც" დაუფასდათ! სხვათა შორის, ჯუისის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა იყოჩაღეს: 19 წლის ტარიელ რუხაიას პასით პრესტიჟის გოლი 18 წლის მურად გოგიშვილმა გაიტანა.
P.S. როცა გუნდი ექვსბურთიანი სხვაობით მარცხდება და 90 წუთის განმავლობაში მეტოქის საჯარიმოში ერთადერთხელ (!) შეაღწევს, მართლაც ძნელია ამ გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსებზე საუბარი. თანაც, დღესდღეობით "სამტრედია" ასეთ მდგომარეობაში ვინც მიიყვანა, გუნდის კატასტროფულად წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხი იმათ უნდა მოეთხოვოთ, თორემ ყველასგან მიტოვებულ-მივიწყებულ ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებზე ენა როგორ უნდა მოგვიბრუნდეს...
11.03. რუსთავი. ფოლადი. 200 მაყურებელი
დინამო-სამტრედია 7:1
1:0 ელიჩი (3, კახელიშვილის პასით), 2:0 ხმალაძე (11), 3:0 ხუმარაშვილი (24. საკუთარ კარში), 4:0 ჯუისი (64. კოშკაძის პასით), 5:0 არზიანი (71, ხმალაძის პასით), 6:0 ხმალაძე (73, კოშკაძის პასით), 7:0 ჯუისი (74, კვეკვესკირის პასით), 7:1 გოგიშვილი (89, რუხაიას პასით)
დინამო სამტრედია
4-2-3-1 4-4-2
ლორია კეკელიძე
ღონღაძე ენდელაძე
კაკუბავა ხუმარაშვილი
ჰომოლა გოგია
ხმალაძე კირთაძე
ჰაჯიბულიჩი ჩხიკვაძე
არზიანი ლომაშვილი
რობერტინიო ნინუა
კოშკაძე ბურჯანაძე
კახელიშვილი იმედაძე
ელიჩი ალავერდაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
კახი კაჭარავა ლევან ანჯაფარიძე
დინამო
62. ელიჩი-ტატანაშვილი
62. კახელიშვილი-ჯუისი
70. რობერტინიო-კვეკვესკირი
სათადარიგოები: ზარქუა, ციმაკურიძე, მაროვიჩი, ფირცხალავა
სამტრედია
46. ჩხიკვაძე-ხვადაგიანი
46. იმედაძე-რუხაია
68. ალავერდაშვილი-გოგიშვილი
სათადარიგოები: ბანძავა, თევზაძე, დვალიშვილი
არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)