[ოთხშაბათის საკითხავი] რისკის ამბავი

AutoSharing Option
აგერ, სულ ახალი ამბავი, რომელიც არაოფიციალურად ადრევე ვიცოდით: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგებისთვის სარგო პრემიები შეუმცირა გუნდებს. რა თქმა უნდა, პრემიის ადრესატებს ეს არ გაახარებდათ, მაგრამ არა მგონია, ეს ტრაგედია იყოს. ბოლოს და ბოლოს, ბევრ ქვეყანაში მოგებისთვის საერთოდ არ იღებენ ფულს და ფეხბურთს მაინც თამაშობენ.

- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

ჩემთვის მთავარი ამ ამბავში ეს არის - ვიღაც, სადღაც, იქნებ "ძალიან ზემოთაც" კი, მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც სხვანაირად უნდა გაკეთდეს, თორემ სახელმწიფოს მართლა ძალიან
დროული და ძალიან დიდი დახმარება შეიძლება ისე ვერ წაადგეს ჩვენს ფეხბურთს, როგორც აქამდე წარმოგვედგინა.

არადა, არ შეიძლება, ასე მოხდეს. არ შეიძლება, რადგან ეს ქართული ფეხბურთის გადასარჩენად მოგონილი ერთგვარი "შოკური თერაპია" იქნებ ერთ-ერთი ბოლო შანსიც კი იყოს ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ხსნისა.

თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ სახელმწიფოს დროულ ინიციატივას ქართული საფეხბურთო თემის მოზრდილი ნაწილი თავის თავზე მოირგებდა და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - რის სპონსორი, რა კერძო მესაკუთრე, წამოსხდნენ ადგილებზე, უკვე თავიანთი სამუდამო კუთვნილება რომ ჰგონიათ და შესაშური სისწრაფითა და მადით ითვისებენ სახელმწიფო სუბსიდიებს.

და თუ ვინმეს სახელმწიფო მართლა მეწველი ძროხა ჰგონია, ძალიან ცდება. ცდება, რადგან იქ, იმ პირამიდის თავში, ნამდვილად არ სხედან ადვილად მოსატყუებელი ადამიანები. ამიტომ, თუ რაღაც არ შეიცვალა, თუ რეალურად არ დაიწყო ქართულ ფეხბურთში საქმის კეთება, ეს პროგრამა შეიძლება შეჩერდეს, ეს კი ჩვენი ფეხბურთის პარალიზებას გამოიწვევს, დღეს რომ ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული.

მე იმდენად მიყვარს ფეხბურთი, ხმის გამღები როგორ ვარ და იქნებ ჩემი ეს სიყვარული ჩემს ოჯახსაც ეყოს. ბევრია ასეთი, მაგრამ ისეთებიც მოიძებნებიან ჩვენს ქვეყანაში, უკმაყოფილოდ რომ ჩაიქნევენ ხელს და დააყოლებენ - სულაც არ მინდა, ჩემი ფული, ის ფული, რომელსაც გადასახადების სახით სახელმწიფოს ვუხდი, ქართულ ფეხბურთში იხარჯებოდესო.

ყველას უნდა ახსოვდეს - ის ფული, რომელსაც დღეს ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სხვები იღებენ, არის სახელმწიფოს ფული. არადა, ისინი სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობენ. ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომლის არსსაც პირადად ჩვენ დროებით კი ვემხრობით, მაგრამ გვერწმუნეთ, სოლიდური გამოკითხვის მაგვარი რომ ჩატარდეს საქართველოში, მომხრეზე ნაკლები მოწინააღმდეგე ნაღდად არ ეყოლება.

რატომ უნდა ვარჩინო მე საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ საკუთარ წვენში იხარშება და საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს აღწევს? - აი, ასეთია იმათი ლოგიკა, ვინც სახელმწიფოს მხრიდან ქართული ფეხბურთის პირდაპირი დაფინანსების მოწინააღმდეგეა და, გინდა თუ არა, უნდა აღიარო, რომ ამ მიდგომაში არის სიმართლის მარცვალი.

კარგი, დღეს ასეთი ვითარებაა, მაგრამ დიდი სიბრძნე და გამჭრიახობა არ უნდა იმას, რომ ქართული ფეხბურთი მუდმივად ვერ დარჩება, გვაპატიეთ და, მათხოვრის როლში. ის ხალხი კი, ვინც ჩვენი ფეხბურთი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა დატოვოს, ჯერჯერობით არ ჩანს...

ერთი სიტყვით - თუ მოკლე ხანში ქართულ ფეხბურთს არ გამოუჩნდა კერძო მესაკუთრეთა ახალი კასტა, დაღუპულია ეს ყველაფერი, ჩაილურის წყალს დალევს სახელმწიფო პროგრამაც და მისი შემოქმედებიც, უნდათ თუ არა მათ ეს, სულ მცირე, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

ფაქტია, გამოსავალია მოსაძებნი. სიტუაცია იმდენად სპეციფიკური და მრავალწახნაგოვანია, რომ დაწერილი წესებით თამაში ჭირს. ახლა ხომ მძიმე მდგომარეობაა და უფრო მძიმე იქნება მომავალში, თუ ვითარება კარდინალურად არ შევცვალეთ.

რა უნდა ქნას ფედერაციამ?
მართლაც და, რა უნდა ქნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ კრიტიკის მთქმელი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. ის პეპლის სიმსუბუქით აფრქვევს იდეებს. პასუხისმგებლობა კი იმისია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.

ძალიან კარგად გვესმის: ქართული ფეხბურთის დღევანდელ ხელმძღვანელობას უმძიმეს დროს მოუწია ჩვენი ფეხბურთის სათავეში ყოფნა, მაგრამ მათ იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. ამდენად, სენტიმენტები და სინანული დაგვიანებულია. ფაქტი ერთია - შექმნილ სიტუაციაში უნდა მოიძებნოს გამოსავალი, თუნდაც - არასქემატური და იქნებ, არაპოპულარულიც.

მე რომ ვუყურებ, დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა. ოღონდ ყველაფერი ძალიან მაგრად და ბოლომდე უნდა იყოს გათვლილი. თავი და ბოლო ამ გამოსავლისა კი ქართულ საკლუბო ფეხბურთში კერძო სექტორის განვითარება და წინ წამოწევა უნდა იყოს.

გამორიცხულია, საკლუბო ფეხბურთს ეშველოს მანამ, სანამ უმაღლეს და პირველ ლიგაში მოთამაშე ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში არ იქნება. პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ ძალიან ნელა მიდის და თუ ამ ტემპებით იარა, დიდი შანსია, სახელმწიფო პროგრამამ მის დასრულებამდე ვერც მიატანოს.

შევთანხმდეთ - არ არსებობს სიტუაცია გამოსავლის გარეშე. ყველგან არის და აქაც უნდა იყოს საშველი. ეგაა, ძალიან დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა (აბა, სხვანაირად შამპანურს როგორ დალევ?!) და საქმე ისე რთული და დახლართულია, შეიძლება სპორტული პრინციპიც კი დაგვერღვეს.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა ამას წინათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ადგილას რომ ვიყო, დავუძახებდი იმ ბიზნესმენებს, ქართულ ფეხბურთში ჯერაც რომ შერჩათ ფულის ჩადების სურვილი და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ იმ კლუბებს ვათამაშებდი, კერძო მესაკუთრე რომ ჰყავთო.

ძალიან, ძალიან არაპოპულარული გამოსავალია და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი გაგვიბრაზდება. ან როგორ გინდა, არ გაგიბრაზდეს - ფეხბურთი ხომ ყველასია? კი ბატონო, მაგრამ საკითხავია ისიც, სჭირდება თუ არა ვინმეს ისეთი ქართული ფეხბურთი, როგორიც დღეს არის?

რისკს კი მაინც ვერ ავცდებით - სხვანაირად უბრალოდ იქვე დავრჩებით, სადაც ვართ. ეს კი კატასტროფის ტოლფასია. კი, დღეს მიმზიდველად მოჩანს ყველაფერი, მაგრამ რა იქნება მერე, სახელმწიფოს დონორობა რომ მოსწყინდება?

მთავარი კი მაინც ესაა - ვერა და ვერ მოვიდა მასობრივად ჩვენს ფეხბურთში საქმის მკეთებელი ხალხი. ძველების გაკეთებულს ვხედავთ - რომ არა იმ საქმეების შედეგები, ვფიქრობთ, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.

ახალი ხალხი, ახალი სისხლი, რისკის კაცები, სუფთა კაცები - ქართული ფეხბურთი ამათ მოლოდინშია. ძნელია? რა თქმა უნდა! იოლი ისაა, დინებას მიჰყვე, როგორც დღეს მივყვებით. ასე კი აღარ შეიძლება, რადგან ეს უეჭველ კატასტროფას გვიქადის.

თავიდან ძალიან მიხაროდა, სახელმწიფოს ფული რომ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში - ბევრი ახალი გუნდი დაეტყო ჩვენს საფეხბურთო რუკას. ახლა რომ ვუყურებ, ნაადრევი ყოფილა ეს სიხარული და იმ ახალ ხალხს, ჩვენს ფეხბურთში რომ გამოჩნდა ახალი გუნდებით, უფრო ფული ნდომებია, ვიდრე ნაღდი საფეხბურთო პროგრესი.

არადა, თუნდაც ჩვენი, გვარიანად გაახალგაზრდავებული უმაღლესი ლიგა საიდანმე ხომ უნდა საზრდოობდეს? მასაზრდოებელი კი არ ჩანს. პირველი ლიგა "დაბერდა", ასევე "დაბერდნენ" დაბალი დივიზიონები, ეზოს ფეხბურთი კი მკვდარია.

მხოლოდ რამდენიმე კლუბის თუნდაც კარგი აკადემია საკმარისი არ არის. კერძო მფლობელი კი თუნდაც მხოლოდ იმით არის კარგი და მისაღები, რომ ხვალინდელი ქათამი ურჩევნია დღევანდელ კვერცხს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ასე პირდაპირ დაწერილი სიმართლე მომწონს! საკანონმდებლო დონეზე დაიდოს!
davit
10 მაისი 2017 17:21
0
კაი სტატიაა, მარა დაგვიანებულია, გვარიანად... როცა სახელმწიფო ამ პროგრამას იწყებდა, მაშინ რატომ არ ჭიკჭიკებდით, კლუბების განკერძოებაზე, ასე?
ვთქვათ, მე ვარ ბიზნესმენი, რომელსაც მაქვს საკმარისი ცოდნა ფეხბურთში, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბო და შემდეგ ეს გუნდი გავაძლიერო ეტაპობრივად, თუ მივიღებდი ხოლმე შემოსავალს ფედერაციიდან თუ ევროტურნირებიდან... რა შემიძლია გავაკეთო მე დღეს? ჩემი რესურსით, მე, მაგალითად ტორპედოს (ქუთაისის მერიას), ბათუმის დინამოს (ბათუმის მერიას) და ა.შ. ვერ ვაჯობებ და დავრჩები ხახა მშრალი... და ასე ხდება ყველა დონეზე (არამარტო უმაღლესი ლიგის დონეზე)... ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ, ამ საქმეში გათქვეფილი მაფიოზების მხრიდან, მსაჯების მოსყიდვებს ხომ საერთოდ... მოკლედ, სანამ იმის ძახილს არ შეეშვებით, რომ თურმე როგორ შეიძლება ტორპედო და ა.შ. კლუბები ქვედა ლიგაში თამაშობდეს და ვთქვათ 'წნორის მილანი' უმაღლესში, მანამდე არაფერი გამოვა... მერიებო და გუბერნიებო, შეწყვიტეთ გუნდების დაფინანსება! ეს უნდა გადაწყდეს სახელმწიფო დონეზე და ასეთი რამ აიკრძალოს მკაცრად!
aba baba
10 მაისი 2017 17:15
0
ალეკო,რასაც თქვენ ახლა წერთ, სიტყვასიტყვით იმეორებთ იმას, რასაც თვეები და წლებია მე და გუადუა ვამბობთ, ამ თემაში დიდი წერილი დაწერა მერაბ მამულაშვილმა და კიდევ 1-2 ადამიანმა იაქტიურა.
მაგრამ თუკი რიგითი კომენტარის დამწერია მას სერიოზულად არც აღიქვამენ, ხშირად კომენტარებს თქვენი "ცენზურის ოსტატი" არც უშვებს. იმედია ახლა მაინც არ დაბლოკავს.
კიდევ ერთხელ გავიაზროთ რომ ეროვნულ პირველ და მეორე ლიგაში არაკერძო კლუბებს 2018 წლიდან ადგილი არ უნდა ჰქონდეთ,ეს უნდა იყოს კანონი და არა სურვილი.სახელმწიფო ფული მათ ბიუჯეტში უნდა იყოს არა უმეეტს 1/3-ისა, კანონით უნდა იყოს კლუბის ბიუჯეტის მინიმუმის მოთხოვნა,როგორც ამას გუადუა ამბობს, ასევე ამ ბიუჯეტში 1 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს სახელმწიფოს წილი, უნდა მოიხსნას გამარჯვების პრემიალურები, შემცირედეს საპრიზოების პრემიალურები :
1,5-1,0 -0.75-0.5 მლნ.ეს პირველი 4 ადგილისათვის ხოლო თასის მფლობელისათვის 500 000 და სუპერთასის კი 250 000.
Jango
10 მაისი 2017 17:04
0
წაიკითხეთ სადაც ჯერ არს!
simartle
10 მაისი 2017 16:58
0
კარგია გული რომ შეგტკია ქართულ ფეხბურთზე, მაგრამ ჩახედულობა და ცოტა ღრმა ანალიზი გაკლია სამწუხაროდ. უმღლეს ლიგაშI მხოლოდ კერძო კლუბებიო რომ წერ, აგერ 10-დან 6 კერძოა, და მომავალ წელს კიდე ორი მინიმუმ ორი შეემატება ეროვნული ლიგა 2-დან. სავარაუდოდ უმაღლესიდან ქობულეთი გავარდება და კიდე რომელიმე და ქვევიდან ამოვა მერანი და გაგრა (ორივე კერძო), ამასობაში ტორპედოც განკერძოვდება და ესეც შენი 10-დან 9 კერძო კლუბი. შესაძლოა ბათუმის დინამოც განკერძოვდეს. ასე რომ არც ისე მუქ ფერებია როგორსაც ხატავთ :)
dave
10 მაისი 2017 16:51
0
გასაგებია,მაგრამ არავის სურს ფულის ჩადება წამგებიან საქმეში
gia
10 მაისი 2017 16:50
0
მე ერთ რაიონში ვცოხოვრობ აქ არსებობს ერთი ცნობილი კლუბი რომელიც ქვედა ლიგებში გამოდის. ამ კლუბში მოღვაწეობს ხალხი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ,რომლებიც ღვაწმოსილი არიან, მაგრამ ახალ ცხოვრებას ისინი ფეხს ვერ უწყობენ.ეს კლუბი არის მათი შემოსავლის წყარო,აქ ყავთ დასაქმებული მათ შვილები და საახლობლო წრე. ამ ხალხს რათქმაუნდა არ აწყობს კერძო ახალი ინვესტორი, რომელიც მათ დიდი ალბათობით სამსახურში არ დატოვებს, იმიტომ რომ მათი მენტალიტეტი და საქმისადმი მიდგომა დრომოჭმულია. ასეთი სიტუაციები არის ალბათ სხვა რაიონებშიც. ამ ხალხს რა გამოასწორებს? არაფერი.ესაა მთავარი ჯადო!
kika
10 მაისი 2017 16:36
0
მაგარი წერილია მარა მოგისმენენ კი?
inter
10 მაისი 2017 16:08
0
ჩემ გულში ზიხარ ავტორ. ძაან მაგარი ანალიტიკა! აი მესმის!
gia
10 მაისი 2017 16:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული