მონდომება და ინერცია

AutoSharing Option
ესეც თქვენი ინტრიგა! "ზესტაფონის" მოულოდნელმა ფრემ და "ოლიმპის" გამარჯვებამ ჩემპიონატს დაძაბულობა უფრო შემატა: ამჟამინდელ ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონს შორის მხოლოდ ქულაღაა სხვაობა. რაღა თქმა უნდა, ნურც "დინამოს" დავივიწყებთ, მით უფრო, რომ კახა კაჭარავას გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მოკლედ, ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ისიც ცხადია, რომ რუსთაველები ყველა ღონეს იხმარენ ზედიზედ მეორე ტრიუმფის მისაღწევად. ახალგაზრდა სპეციალისტის, თორნიკე მაისურაძის დამოძღვრილმა გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა კი მოიპოვა, მაგრამ პირველი ტაიმის მიხედვით ძნელი გასარჩევი იყო, ამ წყვილის ფავორიტად რომელი
გუნდი მიიჩნეოდა.

მატჩის დასაწყისი მართლაც მოულოდნელი სცენარით წარიმართა: მე-3 წუთზე დათა რიგვავას სახიფათო გამჭოლ გადაცემას ირაკლი ქობალიამ ზუსტი გაგრძელება ვერ მოუძებნა, თორემ მასპინძელთა კარში გოლი გარდაუვალი ჩანდა. ხუთიოდ წუთში სტუმრებმა სტანდარტული შეასრულეს და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ნიკა აფაქიძემ ზუსტი თავური დარტყმით გოლიც გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა;

"ბაია" მართლაც მშვენივრად თამაშობდა ამ მონაკვეთში და განსაკუთრებით გუნდის ახალწვეული, 18 წლის ცენტრფორვარდის ირაკლი ქობალიას აქტიურობა გვინდა აღვნიშნოთ. ამ ათლეტური აღნაგობის თავდამსხმელს ყველა მონაცემი გააჩნია, მაღალი დონის ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდეს და "ოლიმპთან" შეხვედრაშიც ორივე გუნდის შემადგენლობაში უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

დაახლოებით მე-20 წუთი იქნებოდა, "ოლიმპმა" პირველი სახიფათო შეტევა რომ განახორციელა და ამ შემთხვევაში "ბაია" მართლაც "ზღაპარში" გადაურჩა გოლს - ირაკლი მოდებაძის დარტყმული ბურთი სტუმრებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს. თუმცა მანამდე კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო: შოთა ლომიამ საკმაოდ შორი მანძილიდან შეასრულა საჯარიმო და ბურთიც "ოლიმპის" კარის "ცხრიანში" მიფრინავდა, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილმა ჩინებული რეაქციით მასპინძლები გადაარჩინა.

აი, ეს იყო და ეს - ამის შემდეგ (ერთ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით) სახიფათო მომენტები მხოლოდ "ბაიას" კართან იქმნებოდა: ჯერ იყო და, დავით ბოლქვაძის შორეული დარტყმა მცირე მანძილით ასცდა სტუმართა კარს და ყველა რომ შესვენებისთვის "ემზადებოდა", სწორედ მაშინ გავიდა პირველი გოლი. ფაქტია, რომ სტუმართა მცველებმა უხეში პოზიციური შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნურც ილია პავლიაშვილს დავუკარგავთ გარჯას, რომლის აქტიური თამაშისა და ზუსტი პასის მერე ირაკლი მოდებაძეს ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში კი მასპინძელთა უპირატესობა თვალშისაცემი გახდა და ამის მიზეზი "ოლიმპის" ფეხბურთელთა მონდომების გარდა, სტუმართა უჩვეულო ინერტულობაც იყო. "ბაიამ" მხოლოდ ერთადერთხელ შეძლო მეტოქის "შეწუხება" და ამ შემთხვევაშიც ირაკლი ქობალიამ იაქტიურა, თუმცა ჭაბუკი თავდამსხმელის ძლიერი და შორეული დარტყმა მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს. სტუმართა თავკაცი ელგუჯა ქომეთიანი შეცვლებით შეეცადა სიტუაციის შეცვლას და ფლანგების გაძლიერების მიზნით ახალგაზრდა გარემარბები (ლევან წურწუმია, გურამ სამუშია) ჩართო თამაშში, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მასპინძლები შესვენების შემდეგ ბევრად უფრო მოტივირებულ-მონდომებულნი გამოვიდნენ და მეორე ტაიმის უმეტესი დროც, ფაქტობრივად, შეტევაში გაატარეს.

ანგარიშის გაზრდის შანსი ალექსანდრე კვახაძეს ჰქონდა, მაგრამ მასპინძლთა კაპიტნის ეფექტური დარტყმა მიზანს ასცდა; ასევე ცოტა დააკლდა ვაკო ტყემალაძესაც, ვინც დისკვალიფიცირებული ლუკა რაზმაძის ნაცვლად თამაშობდა. თუმცა მასპინძლებმა მაინც შეძლეს მეორე და "დამამშვიდებელი" გოლის გატანა: ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე ამჯერად ასისტენტის როლში მოგვევლინა და მისი ზუსტი პასის შემდეგ რევაზ გეწაძემ ლამაზი თავურით მართლაც ეფექტური ბურთი შეაგდო!

მატჩის დამთავრებამდე ოცი წუთი რჩებოდა, მაგრამ "ფოლადზე" შეკრებილ გულშემატკივართაგან აღარავის ეპარებოდა ეჭვი "ოლიმპის" ზედიზედ მეორე გამარჯვებაში: "ბაიაც" თითქოს ინერციით აგრძელებდა თამაშს და სტუმრები უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდნენ, გიორგი სომხიშვილს უნდა უმადლოდნენ - გამოცდილმა მეკარემ ჯერ გეწაძეს შეუშალა ხელი დუბლის შესრულებაში, მერე კი ლაშა ჯაფარიძის შორეული დარტყმა მოიგერია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ოლიმპმა" ამ გამარჯვებით ლიდერთან სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, აი, სტუმრებისთვის კი ეს წაგება კატასტროფა ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან "ბაია" ჯერჯერობით კვლავაც "სამშვიდობო ზონას" იმყოფება და, საერთოდაც, ამ გუნდს უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე არც უნდა დაემუქროს...


12.03. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
ოლიმპი-ბაია 2:0
1:0 მოდებაძე (45. პავლიაშვილის პასით), 2:0 გეწაძე (73. მოდებაძის პასით)

ოლიმპი ბაია
4-4-2 4-1-4-1
ბათიაშვილი სომხიშვილი
მურველაშვილი აფაქიძე
კვახაძე აქუბარდია
რეხვიაშვილი რ. ონიანი
დობროვოლსკი გამრეკლიძე
ი. მაისურაძე ვართაგავა
დ. ბოლქვაძე რიგვავა
ტყემალაძე სიხარულია
გეწაძე ეხვაია
პავლიაშვილი შ. ლომია
მოდებაძე ქობალია

მწვრთნელი მწვრთნელი
თ. მაისურაძე ე. ქომეთიანი

ოლიმპი
28. მურველაშვილი-ჯაფარიძე
73. მაისურაძე-ქავთარაძე
80. მოდებაძე-გ. ჭელიძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, იაშვილი, ქემოკლიძე, ლ. სეთურიძე

ბაია
65. ვართაგავა-წურწუმია
78. ეხვაია-სამუშია
87. ლომია-კუკავა
სათადარიგოები: მაქაცარია, გ. ქირია, კ. ახალაია, შონია.
გაფრთხილება: ტყემალაძე (32)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული