საერთოდაც, ამა თუ იმ წყვილში "ფავორიტისა" თუ "აუტსაიდერის" წინასწარ განსაზღვრაც გაგვიჭირდება, - მით უფრო, რომ სეზონის ბოლოსკენ უცნაური შედეგით დასრულებული არაერთი მატჩის მოლოდინშიც უნდა ვიყოთ. ჰო, პროგნოზი მართლაც ძნელი საქმეა და ამაში თავად დარწმუნდებით, თუ XXIV ტურის წინათქმაში გამოთქმულ ჩვენ ვარაუდებს კიდევ ერთხელ გაეცნობით;
აი, რას ვწერდით: "...წინა ტურში რაც გვენიშნა, აშკარა გაზრდილი შედეგიანობა იყო -
რეალურად კი ასეთი "სურათი" მივიღეთ: წინასთან შედარებით, ტურში ერთით ნაკლები გოლი გავიდა და "დინამო" რომ არ მოსულიყო გოლის იშტაზე, მართლაც "ჩვეულებრივი" ტური იქნებოდა; დიდი ანგარიშითაც მხოლოდ ერთადერთი მატჩი დამთავრდა (არადა, სულ მცირე, სამს ვარაუდობდით) და, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილშიც არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა!
სამაგიეროდ, "ზესტაფონის" მოულოდნელმა წაფორხილებამ და "ოლიმპის" "დაგეგმილმა" გამარჯვებამ საჩემპიონო ინტრიგა გაამძაფრა; იმავეს ვიტყოდით ცხრილის ქვედა ნაწილში განვითარებულ მოვლენებზეც: ჩემპიონატის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტთან სტუმრად ნათამაშები ფრის წყალობით "კოლხეთი" ქულებით "სპარტაკს" გაუთანაბრდა და მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსის გამო ჩამორჩება. არადა, როგორ "ვამტკიცებდით", გინდა თუ არა, "ლოგიკური ტური" გველოდებაო?!
რეკორდსმენი დინამო
ტურის მთავარ მოვლენად, რაღა თქმა უნდა, "ზესტაფონისა" და "კოლხეთის" ფრედ დამთავრებული შეხვედრა უნდა მივიჩნიოთ; არადა, ამ მატჩამდე გია გეგუჩაძის გუნდს საკუთარ მოედანზე 10 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და ერთიც - წაგებული. და აი, პირველი საშინაო ფრეც, რამაც "ოლიმპს" ერთპიროვანულ ლიდერთან მიახლოების საშუალება მისცა და ამას გარდა, XXIV ტურის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ყველაზე უკომპრომისო გუნდად "ვიტ ჯორჯია" რჩება (მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ყველაზე ნაკლები, 2 ფრე აქვს ნათამაშები).
თუმცა გასულ ტურში სხვა განსაკუთრებული ფაქტებიც მოხდა: "დინამო"-"სამტრედიას" მატჩში 8 გოლი გავიდა, რაც ამ სეზონის სარეკორდო მაჩვენებელია. არადა, დიდი შანსი იყო, რომ "დინამოს" სეზონის შედეგიანობის რეკორდი გაემეორებინა: აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით "ზესტაფონს" ჰქონდა მოგებული და "რეკორდის" მონაწილე მაშინაც "სამტრედია" იყო, როცა იმერულ დერბიში მეტოქისაგან შვიდი უპასუხო გოლი მიიღო. ახლაც თითქმის იგივე მეორდებოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს, "სამტრედიას" ახალგაზრდა შემტევმა მურად გოგიშვილმა "დინამოს" კარში პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.
სხვათა შორის, ეს გოგიშვილისთვის სადებიუტო გოლი იყო უმაღლეს ლიგაში, ისე როგორც დინამოელი ზურაბ არზიანისთვის; ისე, რახან დებიუტი ვახსენეთ, "სამტრედიას" მეკარე დავით კეკელიძეზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვით: 21 წლის ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გაშვებული ბურთის მიუხედავად, არა მხოლოდ საკუთარ გუნდში, საერთოდ ამ მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ! ჰო, მართლაც უცნაურია, მაგრამ "დინამო"-"სამტრედიის" დაპირისპირების ყველა თვითმხილველი დაგვეთანხმება, რომ კეკელიძემ, სულ მცირე, ათჯერ (!) მაინც გადაარჩინა საკუთარი კარი...
ისევ "დინამოს" დავუბრუნდეთ და ამჯერად ამ გუნდის დუბლშემადგენლობის მიღწევაზე გვინდა ვთქვათ. მოკლედ, უფროსებმა ხომ დიდი ანგარიშით მოუგეს "სამტრედიას" (7:1), ორი დღის მერე რამაზ მუმლაძის დამოძღვრილმა "დინამოს" დუბლშემადგენლობამ ეს მიღწევა გააუმჯობესა და "სამტრედიის" დუბლებს 7:0 მოუგო (გოლები გაიტანეს - კვერნაძემ-3, ლეკვთაძემ-2, ჟვანიამ, ვაშაკიძემ). "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ირაკლი ლეკვთაძის გარდა, რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმაც ითამაშა, ძირითადში მოსახვედრად პრეტენზია რომ აქვთ: გიორგი თექთურმანიძემ, მარკო მაროვიჩმა, დავით ციმაკურიძემ, ირაკლი სიხარულიძემ. ამ შეხვედრას "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა და მისი ასისტენტი ზაურ სვანაძე რომ დაესწრებოდნენ, ეს არავის უნდა გაჰკვირვებოდა. სამაგიეროდ, ბევრისთვის მოულოდნელად, "დინამოს" უახლოესი რეზერვის სანახავად კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და მთავარი მენეჯერი ზურაბ პოლოლიკაშვილიც მივიდნენ. აქვე იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელიაც, ვინც (ისევე როგორც ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი სოსო ჭედია) მანამდე ორი დღის განმავლობაში რუსთავში იმყოფებოდა და ჯერ "სამტრედია"-"დინამოს" მატჩს უცქერდა, მერე კი - "ოლიმპი"-"ბაიას" შეხვედრას.
წყვილ-წყვილი გოლები
გასული ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: ლევან ხმალაძემ, დონალდ ჯუისმა (ორივე-"დინამო") და გიორგი მეგრელაძემ ("ტორპედო"). სხვათა შორის, ამ სეზონში პირველად მოხდა, ქუთაისის"ტორპედომ" ორბურთიანი სხვაობით რომ გაიმარჯვა! რაც შეეხება ხმალაძეს, ამ უნივერსალურ ფეხბურთელს უკვე 6 გოლი დაუგროვდა და დღესდღეობით "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირია.
ჯუისის მიღწევაც არანაკლებ დასაფასებელია - "დინამოს" კამერუნელმა ლეგიონერმა შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა "დუბლის" შესრულება. თუმცა, მსგავსი შემთხვევა ამ სეზონში არაერთი იყო და ამის ნათელი დადასტურებაა რატი წინამძღვრიშვილი - "ზესტაფონის" ფორვარდმა ყველაზე მეტჯერ (ოთხჯერ) შეასრულა "დუბლი" და ოთხივეჯერ შეცვლაზე შემოსულმა იყოჩაღა.
სამ-სამჯერ შეასრულეს "დუბლი" გიორგი მეგრელაძემ და ჯაბა დვალმა, ხოლო ზემოთნახსენები ხმალაძისა და ჯუისის გარდა, თითო-თითოჯერ შეძლეს ერთ მატჩში მეტოქის კარში ორი გოლის გატანა შემდეგმა ფეხბურთელებმა: ვახტანგ კვარაცხელიამ, ჯაბა ლიპარტიამ (ორივე-"ვიტ ჯორჯია"), ლაშა კემუხტაშვილმა ("ტორპედო"), ტიერი-ანს კლოვისმა, მიხეილ ბარაბაძემ, თემურ შონიამ (სამივე-"სპარტაკი"), ირაკლი ეხვაიამ, დავით რიგვავამ (ორივე-"ბაია"), ბუბა დაუშვილმა, ნიკოლოზ გელაშვილმა, თორნიკე აფციაურმა (სამივე-"ზესტაფონი"), ირაკლი მოდებაძემ ("ოლიმპი"), ირაკლი ლეკვთაძემ ("დინამო"), დავით ციცხვაიამ ("კოლხეთი").
გოლის გემო
ჩემპიონატის ბოლომდე საინტერესო "ბრძოლას" გვპირდება ბომბარდირთა შორის დავა: ბევრისთვის მოულოდნელად, "ზესტაფონის" თავდამსხმელთა "ტრიომ" (ნიკოლოზ გელაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი, ჯაბა დვალი) თავის აქტივს ამ ტურში ვერც ერთი გოლი ვერ შემატა; სამაგიეროდ, თავი გამოიჩინეს მათმა კონკურენტებმა - ირაკლი მოდებაძემ ("ოლიმპი"), და გიორგი მეგრელაძემ ("ტორპედო"). დღესდღეობით კი ბომბარდირთა სიას 12 გოლით ნიკოლოზ გელაშვილი ლიდერობს, მაგრამ "მდევრები" ისე ახლოს არიან, რომ სიტუაცია შესაძლოა ყოველი ტურის შემდეგ შეიცვალოს: რატი წინამძღვრიშვილმა და ირაკლი მოდებაძემ 11-11 გოლი გაიტანეს, ჯაბა დვალმა და გიორგი მეგრელაძემ კი - 10-10.
სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, მართლაც, უნიკალურ რეკორდზე მიდის: პირველ ეტაპზე 6 გოლი "ბაიას" შემადგენლობაში გაიტანა და დღემდე ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია; ზამთრის პაუზის შემდეგ მეგრელაძე მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა და ამ ერთი თვის განმავლობაში 4 გატანილი გოლით ახალ გუნდშიც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს! ისე, მეგრელაძემ ასეთი "ტემპით" თუ გააგრძელა ასპარეზობა, ვინ იცის, იქნებ ზურაბ იონანიძის, ერთი შეხედვით, სამუდამო რეკორდსაც საფრთხე დაემუქროს; შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს ზურაბ იონანიძეს მეტოქეთა კარში 216 გოლი აქვს გატანილი; თუმცა, მისი შედეგის გასაუმჯობესებლად მეგრელაძეს ამ სეზონშიც შესაშური აქტიურობა მართებს და, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში ჩემპიონატი 30-ზე ნაკლები გოლით არ უნდა დაასრულოს.
რა თქმა უნდა, ერთობ ძნელი მისაწღევია იმ მართლაც ხელშეუხებელ რეკორდთან მიახლოება, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მეგრელაძის დამატებით "ტორპედოს" შედეგიანობამ მკვეთრად მოიმატა. მართალია, უმაღლეს ლიგაში მეტოქეთა კარში ყველაზე ცოტა ბურთი (14) კვლავაც "ტორპედოს" აქვს გატანილი, მაგრამ გვჯერა, რომ მეგრელაძის მსგავსად ამ გუნდის სხვა ფეხბურთელებიც გაიხსენებენ "გოლის გემოს".