მოვიდა, რათა დარჩეს!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ბესიკ შეროზიამ ფოთის "კოლხეთი" დატოვა, წინა ტურში, ზესტაფონში ფოთელები სათამაშოდ დავით მახარაძემ გაიყვანა და კლუბს ლიდერთან ქულა მოაპოვებინა. გასაკვირი არ იქნებოდა, რომ ამ სენსაციის მთავარი შემოქმედი მთავარ მწვრთნელად დაენიშნათ. თუმცა, როგორც გუშინ შევიტყვეთ ფოთის "კოლხეთის" თავკაცის ადგილი სოსო ფილიამ დაიკავა. გამოცდილი სპეციალისტი აქამდე არაერთხელ ედგა სათავეში მშობლიურ კლუბს და წარმატებებიც ჰქონდა. მისი გუშინდელი დაბრუნება რიგით მეოთხეა!

როგორც გავიგეთ, ფილია ფეხბურთელებს ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა. ამ შეხვედრაზე მობურთალებს თანხის ნაწილი დაურიგეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ახალი მწვრთნელის სიტყვა ყოფილა
ქალაქის თავკაცებისადმი მიმართული - მოვედი, რათა "კოლხეთი" გადავარჩინოთ, თუ გვერდში არ დამიდგებით - როგორც მოვედი, ისე წავალო! ძნელი სათქმელია, რამდენად შეასრულებს ქალაქი დაპირებას, თუმცა ფაქტია, რომ ფოთში ახალი, ფილიას მორიგი ხანა იწყება, რაც მინიმუმ იმის ნიშანია, რომ "კოლხეთი" ბოლომდე იბრძოლებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

რა თქმა უნდა, ამბის გაგებისთანავე ფილიასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არც მესიჯის გაგზავნის შემდეგ უპასუხა. როგორც მისმა თანაშემწემ, დავით მახარაძემ გვითხრა - მთავარი მწვრთნელი მერიაში ქალაქის თავებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. "დიახ, ვადასტურებ, რომ კლუბში სოსო ფილია მოვიდა. სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებებიც მოხდა, თუმცა ჯობს, ამის შესახებ თავად მას დაეკითხოთ. ერთი შემიძლია გითხრათ, მე კლუბში ვრჩები. ახლა ბატონი სოსო ქალაქის მერთან იმყოფება შეხვედრაზე და ალბათ, ამიტომაც ვერ გპასუხობთ" - გვითხრა დავით მახარაძემ.

ჩვენი ინფორმაციით, სოსო ფილიას დავით მახარაძესთან ერთად "ძველი გვარდიაც" დაეხმარება - ნუგზარ მიქაბერიძე და მამუკა მიქავა. ეს უკანასკნელი მეკარეებს გაწვრთნის, ხოლო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მახარაძე იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო დროს სოსო ფილია ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი გახლდათ. ბოლოს ეს ფუნქცია "სამტრედია"-"ტორპედოს" იმერული დერბისას შეასრულა.

გუშინ, გვიან საღამოს, სოსო ფილიასთან დაკავშირება მოვახერხეთ. "ნებისმიერ დროს, როცა "კოლხეთს" ჩემი თავი დასჭირდებოდა, ვალდებული ვიყავი, დაბრუნების გადაწყვეტილება მიმეღო. ნურავინ ჩამოგვწერს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გვითხრა "კოლხეთის" ძველ-ახალმა თავკაცმა. მასთან უფრო ვრცელ საუბარს გეგმებისა და მიზნების შესახებ ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ.

მამუკა ქანთარია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული