როგორც გავიგეთ, ფილია ფეხბურთელებს ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა. ამ შეხვედრაზე მობურთალებს თანხის ნაწილი დაურიგეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ახალი მწვრთნელის სიტყვა ყოფილა
რა თქმა უნდა, ამბის გაგებისთანავე ფილიასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არც მესიჯის გაგზავნის შემდეგ უპასუხა. როგორც მისმა თანაშემწემ, დავით მახარაძემ გვითხრა - მთავარი მწვრთნელი მერიაში ქალაქის თავებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. "დიახ, ვადასტურებ, რომ კლუბში სოსო ფილია მოვიდა. სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებებიც მოხდა, თუმცა ჯობს, ამის შესახებ თავად მას დაეკითხოთ. ერთი შემიძლია გითხრათ, მე კლუბში ვრჩები. ახლა ბატონი სოსო ქალაქის მერთან იმყოფება შეხვედრაზე და ალბათ, ამიტომაც ვერ გპასუხობთ" - გვითხრა დავით მახარაძემ.
ჩვენი ინფორმაციით, სოსო ფილიას დავით მახარაძესთან ერთად "ძველი გვარდიაც" დაეხმარება - ნუგზარ მიქაბერიძე და მამუკა მიქავა. ეს უკანასკნელი მეკარეებს გაწვრთნის, ხოლო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მახარაძე იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო დროს სოსო ფილია ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი გახლდათ. ბოლოს ეს ფუნქცია "სამტრედია"-"ტორპედოს" იმერული დერბისას შეასრულა.
გუშინ, გვიან საღამოს, სოსო ფილიასთან დაკავშირება მოვახერხეთ. "ნებისმიერ დროს, როცა "კოლხეთს" ჩემი თავი დასჭირდებოდა, ვალდებული ვიყავი, დაბრუნების გადაწყვეტილება მიმეღო. ნურავინ ჩამოგვწერს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გვითხრა "კოლხეთის" ძველ-ახალმა თავკაცმა. მასთან უფრო ვრცელ საუბარს გეგმებისა და მიზნების შესახებ ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ.
მამუკა ქანთარია