"კოლხეთი" მინისტრთა კაბინეტივითაა

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ ფოთის "კოლხეთში" სოსო ფილია დაბრუნდა. კლუბში მეოთხედ მისულ გამოცდილ სპეციალისტს ვითარების გამოსასწორებლად ჩემპიონატის მეოთხედზე ცოტა მეტი აქვს დარჩენილი. დებიუტიც ურთულესი ელის - მოქმედ ჩემპიონთან და ამჟამად მეორეადგილოსან "ოლიმპთან", თანაც დამატებითი ფსიქოლოგიური ფაქტორით - ფილიას წინამორბედმა რუსთაველები წინა ფოთურ შეხვედრაში 5:1 გაანადგურა, რასაც ქვემოქართლელთა სატურნირო ცხრილის ოლიმპიდან "ჩამოსმა" მოჰყვა.

რამდენად მოახერხებენ ფოთელები რუსთაველთა კიდევ ერთხელ დამწუხრებას, ეს დღეს გამოჩნდება. მანამდე კი "ლელო" სოსო ფილიას ესაუბრა

- ბატონო სოსო, უკვე მეოთხედ ჩაუდექით "კოლხეთს" სათავეში, თუმცა ახლა ურთულეს ვითარებაში
ჩაიბარეთ გუნდი, რისი იმედი გაქვთ?
- გეთანხმებით, ურთულესი ვითარებაა, მაგრამ იმედი რომ არ მქონდეს, კლუბში არც მოვიდოდი.

- თუ საიდუმლო არ არის, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?
- სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მანამდე არაერთხელ შევხვდი ქალაქის ხელმძღვანელებს. მერ გოჩა ლემონჯავასთან ერთად საათობით განვიხილავდით, თუ როგორ უნდა გადაგვერჩინა "კოლხეთი" და არა მხოლოდ კლუბი - ჩვენი გეგმები უფრო დიდია: მთლიანად ფოთში ფეხბურთის განვითარება. სწორედ მან დამარწმუნა, რომ კლუბში დაბრუნება ღირდა!

- კარგია, მერს კლუბის პრობლემა რომ აწუხებს, მაგრამ ქალაქი დღემდე ვერ ახერხებს კლუბის დაფინანსებას, ყოველ შემთხვევაში, სრულყოფილად მაინც. პირდაპირ გკითხავთ - ვინ მოიტანს კლუბში ფულს?
- ჩვენთან შეიქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ ბიზნესმენები, რომელთაც კლუბის პრობლემები აწუხებთ. ამ დროისთვის 10 ასეთი ბიზნესმენი შევიგულეთ და ვვარაუდობთ, რომ მათი რაოდენობა 15 კაცამდე გაიზრდება. სწორედ ისინი უხელმძღვანელებენ "კოლხეთს".

- ვინ არის კლუბის ახალი პრეზიდენტი?
- ჯერჯერობით ეს საკითხი ღიად არის, რადგან სწორედ ზემონახსენებმა საბჭომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ალბათ, ორ-სამ დღეში ყველაფერი დალაგდება და პრეზიდენტიც გვეყოლება.

- როგორც ვიცით, ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც...
- ჩემთან ერთად გუნდში მოვიდნენ ნუგზარ მიქაბერიძე და მამუკა მიქავა, რომელიც მეკარეებს გაწვრთნის. გუნდში რჩება და ჩემი ასისტენტი იქნება დათო მახარაძე. მოსაგვარებელი გვაქვს ექიმისა და ადმინისტრატორის საკითხი. ამისთვისაც მაქსიმუმ სამი დღე დაგვჭირდება.

- სადებიუტო შეხვედრა რთული გელით - მოქმედ ჩემპიონებს მასპინძლობთ!
- რა თქმა უნდა, ურთულესი შეხვედრა იქნება. ფრეც არ იქნება ურიგო შედეგი, თუმცა ჩვენ გამარჯვებისთვისაც ვიბრძოლებთ. ნურავინ ჩამოგვწერს, "კოლხეთი" ყველაფერს გააკეთებს, რათა ღირსეულად იასპარეზოს და რაც მთავარია, ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. არავინ ელოდა, რომ ზესტაფონში "კოლხეთი" ფრეს მიაღწევდა, იმერული ქულა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- შესაძლოა, არაკორექტულად ჟღერდეს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - "კოლხეთმა" ლიგაში ადგილი რომ ვერ შეინარჩუნოს, თქვენი კლუბთან ურთიერთობა როგორ გაგრძელდება?
- მე არ მოვსულვარ გუნდში სამი თვით და ეს არც არის მხოლოდ "კოლხეთზე" მორგებული პროექტი - ჩვენ ვაპირებთ ფოთში ფეხბურთის განვითარებას, ბავშვთა ფეხბურთით დაწყებული, "კოლხეთით" დამთავრებული. რა თქმა უნდა, კლუბი მთავარია, მაგრამ თუ "კოლხეთი" ლიგაში ვერ დარჩა, ეს არ გახდება კარგი წამოწყებისა და პროექტის ჩაშლის საფუძველი! მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, თუმცა ახლა მთავარი საზრუნავი ლიგაში დარჩენაა.

- თქვენ ბოლო წლებში სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოშორებული იყავით და ფედერაციის დელეგატის ფუნქციებს ასრულებდით ეროვნული პირველობის შეხვედრებში.
- მე უკვე ვაცნობე ფეხბურთის ფედერაციას, რომ დელეგატის ფუნქციებს ვეღარ შევასრულებ. "კოლხეთში" ჩემს დაბრუნებაში დიდი წვლილი გაიოზ დარსაძემ შეიტანა და მისი დიდად მადლიერი ვარ.

- რა შუაშია "კოლხეთთან" დარსაძე?
- საქმე ისაა, რომ 2009 წელს საბოლოოდ ვაპირებდი სამწვრთნელო საქმიანობისთვის თავის დანებებას, თუმცა ბატონი გაიოზის რჩევითა და რეკომენდაციით, მწვრთნელთა სერტიფიცირების კურსები გავიარე და A კატეგორიის ლიცენზია მივიღე. მასთან ერთად მადლობას ვუხდი თამაზ კოსტავას და ბატონ ზვიად სიჭინავას, ვინც ჩემი სერტიფიცირება დააფინანსა.


მამუკა ქანთარია
ფოთიდან


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული