რა შესთავაზა მადრიდის "ატლეტიკომ" პოლოლიკაშვილს?

AutoSharing Option
რომან ფიფიას გადაწყვეტილება პრეცედენტად გამოდგება: მან თბილისის "დინამოს" ახალ დირექტორად მიიწვია ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ელჩი და "თი-ბი-სი ბანკის" ერთ-ერთი მმართველი. მაგრამ ფეხბურთი მისთვის უცხო ნამდვილად არ იყო, მეგობრობს "ბარსელონასთან" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილ და ახლანდელ პრეზიდენტებთან, საქმიანი კავშირები აქვს ესპანურ და სხვა ქვეყნების საფეხბურთო წრეებთან და ახალ თანამდებობაზე ამ კავშირებისა და ბიზნესგამოცდილების გამოყენებას აპირებს.

- მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტთან შეხვედრიდან კონკრეტული შედეგით დაბრუნდით?
- ვიზიტის მიზანი იყო, კონკრეტულად გვესაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ესპანურ კლუბებს შეუძლიათ გაგვიწიონ
- მწვრთნელთა გადამზადება, ფეხბურთელთა იჯარა, კორპორაციული თანამშრომლობა და სხვა.

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტ ენრიკო სერესოსთან პირადი მეგობრობა მაკავშირებს და სანამ "დინამოში" მუშაობას დავიწყებდი, აღმოსავლეთ ევროპაში გუნდის წარმომადგენლობა შემომთავაზა. "ატლეტიკო" ითხოვდა თანამშრომლობას საფეხბურთო სკოლასთან, რომელსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნებოდა.

სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი სკოლა არ მოიძებნა. თავად კი ინვესტირების სურვილი არ აქვთ, რადგან მადრიდის მერია ქალაქის სიახლოვეს "ატლეტიკოს" ახალ სპორტულ კომპლექსს უშენებს, სადაც განთავსდება ახალი სტადიონი და 14 მოედანი, პროექტის განხორციელება კი 350 მილიონი ევრო ჯდება. კლუბსაც მთელი ყურადღება ამ პროექტზე აქვს გადატანილი.

- "დინამოში" თქვენი დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ რომან ფიფია გუნდის კომერციალიზაციას ცდილობს, თუმცა ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის ჯერაც აუთვისებელი ყამირია.
- ჩვენს წინაშე სერიოზული ამოცანები დგას, რადგან ქართული ფეხბურთი საშუალო ევროპულ დონეზეც არ არის ჩემპიონატის დონით, ბიუჯეტით, კლუბების ინფრასტრუქტურითა და ბევრი სხვა პარამეტრით. აქედან გამომდინარე, ძნელია იმის თქმა, როგორ შეიძლება კლუბი წარმატებული ბიზნესობიექტი გახდეს, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. ჩვენი სურვილი კლუბის გაძლიერებაა, მაგრამ ამავე დროს, კარგად ვაცნობიერებთ, რომ 21-ე საუკუნეში მეცენატობა ძნელია, დროს თავისი მოთხოვნები აქვს და "დინამო" მომგებიანი უნდა გავხადოთ. მით უფრო, რომ საქართველოს გარეთ ცნობილი ერთ-ერთი ბრენდი თბილისის "დინამოც" არის, ეს 85 წლის ისტორიის მქონე კლუბი, პოსტსაბჭოურ სივრცეში მას დღემდე ყველა იცნობს.

ესპანეთში ბევრს წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე, მაგრამ გაუგიათ თბილისის "დინამო". სწორედ ამ ბრენდზე ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის აწყობას.

- ესპანელი ფეხბურთელების ჩამოყვანა ახსენეთ, მაგრამ ჩვენს ჩემპიონატში თამაშს ვინ ისურვებს?
- ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ სულ უცხოელებით ვაპირებთ გუნდის დაკომპლექტებას. ეს მოკლევადიანი პროექტი ორ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს შემდეგს: რაც შეიძლება მალე გავხდეთ ჩემპიონები და საერთაშორისო სარბიელზე ღირსეულად ვითამაშოთ. ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია, კლუბებში დიდი კონკურენციაა და ბევრი ფეხბურთელი ძირითადში ვერ ხვდება. სწორედ მათ შესახებ ვილაპარაკეთ "ატლეტიკოსთან", "ბარსელონასთან", "ესპანიოლთან", მადრიდის "რეალთან", "ვალენსიასთან" და ეს შესაძლებელი მგონია.

მომავლის "დინამო" რამდენიმე გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელის ბირთვით უნდა ავაშენოთ, რომელიც უმთავრესად მაინც ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტდება. ჩვენი სამიზნე მხოლოდ ესპანეთი არ არის. ბატონ რომანს რუსეთში, უკრაინასა და კიდევ რიგ ქვეყნებში ძალიან საინტერესო კავშირები აქვს და, ცხადია, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. სხვათა შორის, უახლოეს პერიოდში ჩვენ "ვალენსიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გვესტუმრება.

- უცხოეთში ბევრი ქართველი თამაშობს, მაგალითად, უგუნდოდაა ასათიანი.
- ასათიანს "დინამოში" სიამოვნებით ვიხილავდი, არ დაგიმალავთ და, მას ველაპარაკე კიდეც, მაგრამ ამ დონის მოთამაშეები ჯერ პრიორიტეტს მაინც უცხოეთის ჩემპიონატებს ანიჭებენ, სერიოზული შეთავაზებებიც აქვთ, ჩვენ კი გარკვეული ბიუჯეტი გაგვაჩნია და მათი დათანხმება რთულია. გამიგია, რომ, მაგალითად, აზერბაიჯანში ფეხბურთელებს ამდენს და ამდენს უხდიან. არადა, ჩემი დიდი სურვილი ლეგიონერთა დაბრუნებაა, სიამოვნებით ვიხილავდით "დინამოში"კობიაშვილსა და იაშვილს. გული მწყდება, რომ წავიდნენ მუჯირი, ვაწაძე და კაშია, მათზე შეიძლებოდა ახლი "დინამოს" აწყობა.

იმედია, ჩვენც მალე გავხდებით ასეთი მოთამაშეებისთვის საინტერესო კლუბი. ეს ჩვენი პრიორიტეტია და მზად ვართ, ნებისმიერ პირობაზე ვისაუბროთ. მოლაპარაკებებს მალე ინტენსიურ რეჟიმში გადავიყვანთ და იმედია, რამდენიმე ცნობილ ქართველ ფეხბურთელს "დინამოში" მალე იხილავთ.

- გასულ წელს "ზესტაფონი", რომლის წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარია, ყველაზე მდიდარი ქართული კლუბი იყო. წლეულს იგივე "დინამოზე" შეგიძლიათ თქვათ?
- დიახ, წლეულს იგივეს თქმა შეგვიძლია.

- გუნდის ხელმძღვანელობაში ცვლილებებსაც შევეხოთ, მურთაზ შელიამ "დინამო" რატომ დატოვა?
- მურთაზი ცნობილი ფეხბურთელი, წარმატებული დინამოელია და ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. პირადად მე მისი გულშემატკივარი ვიყავი. მურთაზის წასვლის მიზეზი უკმაყოფილება არ გამხდარა, უბრალოდ, საკუთარი გეგმები ჰქონდა. თუმცა მისთვის და ნებისმიერი ვეტერანი დინამოელისთვის გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება.

- ბიზნესიდან მოხვედით და ცხადი იყო, რომ "დინამოს" მენეჯმენტის მიმართულებები შეიცვლებოდა.
- "დინამო" საკმაოდ გამოცდილი კადრებით არის დაკომპლექტებული და სეზონის ბოლომდე ძირეულ ცვლილებებს არ ვაპირებთ. მეც გასარკვევად გარკვეული დრო მჭირდება, შიდა სტრუქტურა კი მალე შეიცვლება.

მოკლე პერიოდში ჩამოვაყალიბებთ მარკეტინგულ სტრატეგიას, რომელიც "დინამოს" პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დღეს "დინამოზე" და მის ისტორიაზე ახალგაზრდებმა, განსაკუთრებით ბავშვებმა ბევრი არაფერი იციან. პარალელურად ვფიქრობთ, რომ გუნდი გულშემატკივრებისთვის უფრო გახსნილი უნდა იყოს, ხალხმა თავი საყვარელი გუნდის წევრად რომ იგრძნოს.

შევხვდებით გულშემატკივრებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ვინც ამ კლუბის ისტორია შექმნა. გუნდშიც ბევრი გამოცდილი ადამიანია, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ. ახალი დანიშნული ვარ, მაგრამ ამას უკვე ვხედავ. მათთან შეხვედრის შედეგად შემუშავდება მარკეტინგული სტრატეგია. აქვე მინდა ყველა იმ ცნობილ დინამოელს მოვუბოდიშო, რომლებთან შეხვედრაც დღემდე ვერ მოვახერხე, მაგრამ ისინი ამ კლუბის ყველაზე საპატიო წევრები არიან და მათი აზრების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პერსპექტივაში ჩვენი პრიორიტეტი საბავშვო აკადემიის ჩამოყალიბებაა, რაზეც 24 საათი ვმუშაობთ. აკადემიის მიზანი უნდა იყოს საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ბავშვების მოზიდვა და გაზრდა, მათთვის კი "დინამოს" აკადემიაში მოხვედრა საოცნებო უნდა გახდეს. ამ მიმართულებით "ატლეტიკოდან" და "ბარსელონადან" სპეციალისტების ჩამოყვანას და მათთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას ვაპირებთ.

ახალ სეზონს სრულიად სახეცვლილი დახვდება "დინამოს" ბაზაც. მანამდე კეთილმოეწყობა სამი ახალი სტანდარტული მოედანი, მათგან ერთი - ხელოვნური საფარით. სანამ უფრო მრავალრიცხოვან მაყურებელს მოვიზიდავთ, ვფიქრობთ, რომელიმე მოედანთან მცირე ტევადობის ტრიბუნები მოვაწყოთ, სადაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ჩავატარებთ. პატარა სტადიონზე გულშემატკივრის სუნთქვა უფრო იგრძნობა, ეროვნულზე კი მათი თანადგომა იკარგება. ეს წვრილმანები არ არის, ყველაფერი გასათვალისწინებელია და უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით.

- "დინამოს" სახელის გაუფასურება ფინანსური
პრობლემებით გამოწვეულმა დაბალმა ხელფასებმაც განაპირობა. ამ დროს კიევის "დინამოს" აკადემიაში 12 წლიდან ბავშვები 200 დოლარს იღებენ, თავი პროფესიონალად რომ იგრძნონ. დინამოელთა ხელფასის მინიმალური ზღვარის დაწესებას თუ აპირებთ?
- რა თქმა უნდა, ფინანსური სტრატეგია კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე უკვე ვფიქრობთ.




.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მხოლოდ ლაპარაკია.ესპანეთში წასვლას ცაეტარებიათ სინჯები ადგილზე, რასაც
ყველა ნორმალური გუნდი აკეთებს, რათა შეარჩიოს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები. დინამო არ უნდა იყოს ჩაკეტილი ციხე-სიმაგრე. დინამო უნდა იყოს ნამდვილი ქართული გუნდი, გააღონ კარები, რეალურად შეარჩიონ(ჩაწყობა ნაცნობობის გარეშე) და ნახეთ რამდენი ბავშვი და მოზარდი გამოჩნდება.


პატივისცემით
George
11:25 16-03-2011
0
მუმუს გაშვება სერიოზული შეცდომა იყო.
guja_kakhadze
21:41 16-03-2011
0

სიახლეები პოპულარული