16.03. ფოთი. ფაზისი. 1000 მაყურებელი
კოლხეთი – ოლიმპი 0:0
კოლხეთი ოლიმპი
4-4-1-1 4-1-3-1-1
ძაგანია ბათიაშვილი
ცხვიტარია დობროვოლსკი
ინწკირველი რეხვიაშვილი
მახვილაძე კვახაძე
გელაჭეიშვილი ჯაფარიძე
სიჭინავა რაზმაძე
გავაშელიშვილი ი. მაისურაძე
გოგონაია დ. ბოლქვაძე
გულუა გეწაძე
გვალია პავლიაშვილი
მდივნიშვილი მოდებაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ს. ფილია ა. ჯელაძე
კოლხეთი
35. მდივნიშვილი-სამადაშვილი
70. სამადაშვილი-წიქარიშვილი
88. სიჭინავა-მეგრელიშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, კვერენჩხილაძე, მოისწრაფეშვილი, ბარამიძე
ოლიმპი
46. გეწაძე-ქავთარაძე
69. მაისურაძე-იაშვილი
სათადარიგოები: ბედიაშვილი, გ. ჭელიძე, მურველაშვილი, გ. გორდეზიანი, ქემოკლიძე
გაფრთხილება: სიჭინავა (85), ცხვიტარია (89)
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)
... მატჩის ბოლო დამატებული წუთი მიდიოდა, როცა კოლხ გულუას ჩინებული შანსი მიეცა და მობურთალისთვის მიზანს ცოტათი რომ არ
... გუშინ, "ფაზისზე" სოსო ფილია დაბრუნდა. გამოცდილმა სპეციალისტმა "კოლხეთს" იმედი, ხოლო ჩემპიონატს ინტრიგა მოუმატა. "რა გინდათ, თქვენამდე ხომ "ზესტაფონსაც" დავაკარგვინეთ ქულები" — ხუმრობით "ამშვიდებდა" ნამატჩევს სტუმართა თავკაცებს კოლხთა ახალი მწყემსი.
მართალია, გუშინ ფოთელებს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ, მაგრამ "ოლიმპს" ამ სეზონში უკვე მეორედ დააკარგვინეს ქულები და ისიც დაგვანახეს, რომ "კოლხეთი" ხელწამოსაკრავი არავისთვის იქნება. შესაძლოა, უფულო და აუტსაიდერ გუნდს ლიდერთან გაუმართლოს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყარაულის თოფი მხოლოდ ერთხელ ვარდება — ფოთელებმა კი გუშინ მეორედ "გაისროლეს" და ქულები კიდევ ერთ ლიდერს დააკარგვინეს. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ ვინ უნდა ელოდეს ფოთელებთან იოლ თამაშს, როცა თვით გათამაშების ლიდერებს ზედიზედ ორ შეხვედრაში აწაპნეს უმნიშვნელოვანესი ქულები. თანაც ამ ქულებს მათთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
თავად შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მოლოდინისამებრ, სათამაშო კლასში სტუმრების უპირატესობა შეიმჩნეოდა, ამას მასპინძლებმა დიდი მონდომება დაუპირისპირეს. სახიფათო მომენტებსაც უმეტესად "ოლიმპი" ქმნიდა, თუმცა ყველა შემთხვევაში საიმედოდ ირჯებოდა კოლხთა კარის დარაჯი. იშვიათად, მაგრამ გატანის შანსი ფოთელებსაც ეძლეოდათ. რაც დრო გადიოდა, აშკარა ხდებოდა, რომ "კოლხეთი" ფრეზეც ყაბულს იყო. მათგან განსხვავებით, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდნენ რუსთაველები, ამის გამო შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდნენ და მათ კართან ხიფათი უმეტესად სწორედ ამის გამო იქმნებოდა.
სულ ბოლოს კი იყო ის ორი მომენტი, რასაც 3 ქულის მოტანა ორივე გუნდისთვის შეეძლო. განსაკუთრებით გამორჩეული "ოლიმპის" კონტრშეტევა გახლდათ, რომლის გაცუდებამ აღშფოთებული რუსთაველების მხრიდან სათადარიგოთა დასაჯდომიდან ერთი სკამი შეიწირა. უკმაყოფილებას ნამატჩევს "ოლიმპის" მობურთალებიც გამოხატავდნენ. სავარაუდოდ, მსაჯების მიმართ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოს, რომ სილაგავასა და კომპანიას მათთვის ამის საფუძველი ნამდვილად არ მიუცია.
მატჩის შემდეგ
არმაზ ჯელაძე (ოლიმპი): "ასეთ მინდორზე თამაში არ შეიძლება! ყოველივე თამაშის ხარისხზეც აისახა. დაძაბული მატჩი იყო, მომენტები შევქმენით, მეტოქესაც ჰქონდა შანსი, მაგრამ ასეთ მოედანზე რაიმე ხარისხზე საუბარი ზედმეტია".
სოსო ფილია ("კოლხეთი"): "შედეგით და თამაშით კმაყოფილი ვარ. გასაგები მიზეზების გამო, მე ვერ მოვთხოვ გუნდს იმას, რაც უმაღლესლიგელს მოეთხოვება. თავდასხმაში პრობლემები გვაქვს, სამიდან არც ერთი არ იყო მზად, მთელი თამაში ეთამაშა, ამიტომაც თითოეულს 30-30 წუთი მივეცით. რაც მთავარია, ბიჭებს აქვთ მონდომება. ასეთი მონდომებული გუნდი არასდროს მყოლია და მადლობას ვუხდი ბესო შეროზიას, ასეთი კარგი პიროვნებები რომ შეკრიბა. დღეს იღბალი ჩვენსკენ იყო, თუმც მოგებაც შეგვეძლო. კოლეგას ვეთანხმები, მინდვრის საფარი ცუდია, მაგრამ ამას გამოვასწორებთ — კლუბში მოვიდა ხალხი, რომლებიც ამ პრობლემას მიხედავენ".
მამუკა ქანთარია
ფოთიდან