გიორგი გუგავა – სპარტაკი ან არაფერი

AutoSharing Option

22 წლის გიორგი გუგავამ, შესაძლოა, კარიერა ცხინვალის “სპარტაკში” გააგრძელოს. თუმცა მანამდე უნდა გაირკვეს, თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თამაშს საერთოდ თუ შეძლებს - გიორგის 2009 წლის შემოდგომის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია. არადა, ბოლოს ესპანეთის მესამე დივიზიონის “არმილასის” ფეხბურთელი იყო და მენეჯერი უფრო სოლიდურ კლუბში გადასვლით აიმედებდა.

გუგავას უთამაშებლობის მიზეზი კუნთის ტკივილია, რომლისგანაც ვერა და ვერ განკურნეს. კლუბში მიღებული მცირე ტრავმა ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასვლით მატჩში გაუმიზეზდა, შემდეგ ნაადრევად დააწყებინეს ვარჯიში, კუნთი გაუწყდა და ყველაფერი აირია –
ნამკურნალები ისევ ექიმების პაციენტი გახდა.

გიორგი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ექიმების საბოლოო პასუხს ელის.

“ჩემით ცხინვალის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია დაინტერესდა, ყველაფერი გამომკითხა და გუნდში ვარჯიში შემომთავაზა. თუმცა ჯერ არ ვიცი, ეს როდის მოხერხდება. ვარჯიში კი დავიწყე, მაგრამ ჯერ მხოლოდ დავრბივარ და წონას ვიკლებ, მძიმე დატვირთვებს კი ვერიდები. მთავარია, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კუნთმა აღდგენა მოახერხოს. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ალბათ, ახალი სეზონიდან ცხინვალის “სპარტაკს” შევუერთდები. მთავარია კუნთმა გასაქანი მომცეს. ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც სერიოზულ დატვირთვებზე გადავალ - თუ ისევ ამტკივდა, მაშინ ჩემს ვარჯიშს აზრი აღარ ექნება” – ამბობს გუგავა.

გიორგი გუგავამ ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა: პირველი ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში, მეორე კი თურქებთან შესარჩევ ციკლში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული