მოდებაძეს გუშინაც ჩინებული შანსი ჰქონდა, პირველ წრეში ნაჩვენები შედეგი გაემეორებინა ან გაეუმჯობესებინა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლი მიუმატა თავის აქტივს. არადა, ჯერ მარტო პირველ ტაიმში 5
თუმცა, გუშინდელ „ცალკარაში“ ანგარიში სწორედ მოდებაძემ გახსნა მოხდენილი თავური დარტყმით, - ამ ეპიზოდში არანაკლებ ქებას იმსახურებდა „ოლიმპის“ კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე, ვინც თანაგუნდელს, როგორც იტყვიან, ბურთი თავზე დაასვა. ეს ყველაფერი მე-13 წუთზე მოხდა, თუმცა ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მასპინძლებმა მანამდე ვერ შეძლეს გოლ(ებ)ის გატანა, არადა საამისოდ, სულ მცირე, ხუთი (!) შანსი ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს.
ეგ კი არა, დიდი შანსი იყო, XXII ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი გოლი გვენახა: მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამი იყო გასული, გიორგი მურველაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა რომ გააკეთა, მაგრამ ილია პავლიაშვილმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. ამის მერე რამდენიმეჯერ შეეძლო გოლის გატანა გიორგი ქავთარაძეს, თუმცა უშედეგოდ. ...„ოლიმპის“ ახალგაზრდა ახალწვეულს ილია პავლიაშვილს ამ შეხვედრაში აქტიურობა მეორე ტაიმში დაუფასდა, როცა ირაკლი მოდებაძის წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაამთავრა. პავლიაშვილმა თავისი გუნდის ბოლო გოლშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო, და მისი ზუსტი პასის მერე დავით ბოლქვაძემ „დუბლის“ შესრულება შეძლო.
„ოლიმპის“ გამოცდილი ნახევარმცველის პირველი გოლი კი, მართლაც ეფექტური გამოვიდა: ბოლქვაძე ცრუ მოძრაობით მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა, ამის მერე, „სამტრედიის“ მეკარე „მოძრაობაზე დაიჭირა“ და ბურთიც დაუცველ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. ჰო, მართლაც „ცალკარა“ თამაში გამოვიდა და ყველაზე უცნაურ-საკვირველი ის იყო, ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს მეტოქე რომ, ფაქტობრივად... წინააღმდეგობას არ უწევდა. თამაშის დროს (და მანამდეც) რუსთავში გუშინ საკმაოდ ცხელოდა და შესაძლოა, ამის გამოც ვერ მოახერხა „ოლიმპმა“ ბევრად უფრო შთამბეჭდავი სხვაობით გამარჯვება;
არადა, ვინც გუშინდელ მატჩს დაესწრო, ყველა დაგვეთანხმება, რომ მასპინძლებს სულ თავისუფლად შეეძლოთ ასტრონომიული ანგარიშითაც მოეგოთ; კიდევ ვიმეორებთ: მეტოქე, ფაქტობრივად, წინააღმდეგობას არ უწევდა „ოლიმპს“ და „სამტრედიას“ კართან რაც მომენტები შეიქმნა, იმათი ჩამოთვლა მართლაც შორს წაგვიყვანს.
გასაგებია, რომ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ამას საკადრო პრობლემებიც დაემატა (სტუმართა განაცხადში მხოლოდ 16 ფეხბურთელი იყო), მაგრამ როცა ფეხბურთელი, „გადაბმულად“ ერთი-ორ პასსაც ვერ გააკეთებს, როცა მეტოქის კარის მიმართულებით თუ კარში ერთი-ორჯერ დაარტყამ, ასეთი გუნდის მომავალი, რაღა თქმა უნდა, ბუნდოვანი უნდა იყოს...
4:0-ის მერე თამაში, ფაქტობრივად, დაწყნარდა. უფრო ზუსტად, იმის შემდეგ, რაც მოდებაძემ მოედანი დატოვა და ამჯერად ყველაზე დიდ ინტერესს სანდრო იაშვილის გამოჩენა იწვევდა. სამწუხაროდ, „ოლიმპის“ ცნობილ ახალწვეულს ფატალურად არ გაუმართლა: მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელთან შეჯახებისაას ფეხი იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთები ათი კაცით ჩაამთავრეს, მაგრამ „სამტრედია“ რომ თუნდაც პრესტიჟის გოლის გამტანი არ იყო, ამაში, ფაქტობრივად, ყველა დარწმუნებული იყო, ვინც გუშინ ჩემპიონისა და აუტსაიდერის დაპირისპირებას თვალი მიადევნა. ჩემპიონი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ ტურში „ზესტაფონის“ კიდევ ერთმა „საჩუქარმა“ „ოლიმპის“ შანსები კიდევ უფრო გაამყარა და სანაკრებო პაუზის მერე განახლებული ჩემპიონატიც საკმაოზე მეტ ინტრიგას გვპირდება.
20.03. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
1:0 მოდებაძე (13, კვახაძის პასით), 2:0 დ. ბოლქვაძე (36), 3:0 პავლიაშვილი (59), 4:0 დ. ბოლქვაძე (68, პავლიაშვილის პასით)
ოლიმპი-სამტრედია 4:0
ოლიმპი სამტრედია
4-4-2 4-1-4-1
ბათიაშვილი კეკელიძე
მურველაშვილი ნინუა
რეხვიაშვილი გოგია
კვახაძე ხუმარაშვილი
დობროვოლსკი კირთაძე
ქავთარაძე ცხადაია
რაზმაძე რუხაია
დ. ბოლქვაძე გ. მიქაბერიძე
გეწაძე ბურჯანაძე
პავლიაშვილი ჩხიკვაძე
მოდებაძე გოგიშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი
თორნიკე მაისურაძე ლევან ანჯაფარიძე
ოლიმპი
60. ქავთარაძე-იაშვილი
64. გეწაძე-ლ. სეთურიძე
71. მოდებაძე-გორდეზიანი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ტყემალაძე, ქემოკლიძე, გ. ჭელიძე
სამტრედია
46. გოგიშვილი-ხვადაგიანი
46. ბურჯანაძე-სუთიძე
78. ნინუა-ა. შენგელია
სათადარიგოები: ბანძავა, დვალიშვილი
გაფრთხილება: მურველაშვილი (80)
არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი (ქუთაისი)