სხვათა შორის, დღესდღეობით სატურნირო ცხრილი ისე უნდა განვიხილოთ, როგორც „სამგუნდიანი ჯგუფების ტურნირი“: ჩემპიონობისათვის სამი გუნდი („ზესტაფონი“, „ოლიმპი“, „დინამო“) იბრძოლებს, მეოთხე ადგილისთვისაც სამი გუნდი („ვიტ ჯორჯია“, „ბაია“, „ტორპედო“) აცხადებს პრეტენზიას და გასავარდნ ზონაშიც სამი გუნდია („სიონი“, „კოლხეთი“, „სპარტაკი“). ანუ, დღესდღეობით, ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ უმაღლესი
აი, იმ „დარჩენილ“ ერთადერთ გუნდზე კი მართლაც გვიმძიმს საუბარი, მაგრამ „სამტრედიის“ ბედი რომ, ფაქტობრივად გარკვეულია, ამას, ალბათ, ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებიც შეგუებულნი არიან. არადა, ორი წლის წინ ყველას გაგვიხარდა, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ახლა კი, „სამტრედია“ თამაშს-თამაშზე აგებს და მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, ფინანსური და ყველანაირი პრობლემით „დახუნძლულმა“ გუნდმა აშკარად მოღონიერებულ-მოყოჩაღებულ კონკურენტებს გადაასწროს...
ახალი მწვრთნელის ფაქტორი
ვერაფერს ვიტყვით - მართლაც არაპროგნოზირებადი ჩემპიონატი გვაქვს; ფაქტობრივად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ყოველ ტურში, სულ მცირე, ერთი „ხმაურიანი“ სენსაცია მაინც უნდა მოხდეს. ასე იყო ახლაც: „ზესტაფონმა“ ამ თვეში მეორედ დაკარგა უძვირფასესი ქულები და იმის ნაცვლად, რომ სააპრილოდ კონკურენტებთან სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონოდა, ახლა „ოლიმპს“ ერთი ქულითღა უსწრებს და „დინამოს“ ფაქტორზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ორივე შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში „ზესტაფონსა“ და „დინამოს“ შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა იქნება. ამჯერად „ზესტაფონი“ ბოლნისის „სიონმა“ დაამუხრუჭა და ამ შეხვედრის თვითმხილველთა თქმით, ქვემოქართლელები ლიდერთან შეხვედრაში მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ. თანაც, „სიონი“ მთელი გუნდით დაცვაში არ „ჩამჯდარა“, პირიქით, - დროდადრო მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდა და მასპინძელთა კართან რამდენჯერმე სახიფათო იერიშიც მიიტანა.
სხვათა შორის, „სიონს“ ამ შეხვედრის წინ სერიოზულზე-სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა: სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს წამყვანი ფეხბურთელები (მირზა მერლანი, მინდია ბობღიაშვილი, გივი დიდავა, მიხეილ კობაური) აკლდა; თუმცა, ამის მიუხედავად, „სიონის“ ახალმა თავკაცმა ამ მომენტისთვის ოპტიმალური შემადგნელობა დააყენა და, რაც მთავარია, ასეთ ძლიერ მეტოქესთან მართლაც საპატიო და სასურველ შედეგს მიაღწია; საერთოდაც, ფეხბურთში ახალი მწვრთნელის ფაქტორს, ხშირ შემთხვევაში, დადებითი ეფექტი მოაქვს და ასე მოხდა ამ ტურშიც: ლიდერთან მატჩამდე ერთი დღით ადრე „სიონის“ თავკაცად ხვიჩა ქასრაშვილი დაინიშნა.
ასეთ მოკლე დროში ქასრაშვილს რა უნდა მოეხერხებინა, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა, რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შეუცვალა (ნიკა კვასხვაძე მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესა, ახალგაზრდა საბა ადამაშვილს ძირითადში ანდო ადგილი და ასე შემდეგ) და „სიონში“... მესამე დაბრუნება ასეთი ხმაურიანი სენსაციური შედეგით „აღნიშნა“. შეგახსენებთ, რომ ქასრაშვილი 2005-06 წლების სეზონის პირველ წრეში თავკაცობდა „სიონს“, მეორედ 2009-10 წლების სეზონში დაბრუნდა ბოლნისში, როცა გუნდი მეორე ეტაპის დასაწყისიდან ჩაიბარა.
და აი, მესამე დაბრუნებაც, ოღონდ, ისიც სათქმელია, რომ წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, ბოლნისის „სიონს“ ამჯერად აშკარად განსხვავებული და მოკრძალებული მიზანი აქვს - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება...
გოლები და საპატიო სტუმრები
„ოლიმპი“„-სამტრედიის“ მატჩის მთავარი ინტრიგა ის იყო, თუ რამდენი გოლის გატანას შეძლებდა მასპინძელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე; საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ფორვარდმა საკუთარ მონაგარს მხოლოდ ერთი ბურთი მიუმატა, თუმცა მისმა პარტნიორებმა იყოჩაღეს: დავით ბოლქვაძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ილია პავლიაშვილმა „ოლიმპის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, პავლიაშვილი პირველ ეტაპზე „სამტრედიაში“ თამაშობდა და ამ გუნდის შემადგენლობაშიც აქვს გოლი გატანილი. სულ კი ჩემპიონატის დაწყებიდან პავლიაშვილს გარდა ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გოლი გატანილი აქვს კიდევ ხუთ ფეხბურთელს: გიორგი მეგრელაძეს, ვახტანგ კვარაცხელიას, ლაშა ქებაძეს, რევაზ ჯიქიასა და გიგა კვერენჩხილაძეს.
დავით ბოლქვაძის „დუბლი“ ვახსენეთ და ამ გამოცდილი ნახევარმცველის მსგავსად გასულ ტურში კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში ორი გოლის გატანა - ნიკა საბანაძემ და ზვიად მეტრეველმა. თანაც, ორივე ფორვარდმა თავი ერთ მატჩში გამოიჩინა: „სპარტაკი“ მეტრეველის „დუბლით“ ამარცხებდა „ტორპედოს“, მაგრამ მატჩის მიწურულს ქუთათურთა გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელმა საბანაძემ თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
სხვათა შორის, საბანაძემ ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში რომ დააფიქსირა, უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა; შეგახსენებთ, რომ ამ მეტოქეების მეორე წრის მატჩში, 5 დეკემბერს რომ ჩატარდა, „ტორპედომ“ გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მაშინაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა (თენგიზ ჩიკვილაძის მართლაც ზღაპრული დარტყმით).
და კიდევ ერთი დეტალიც: გასულ ტურში, ყველაზე მეტი „საპატიო სტუმარი“ სწორედ „სპარტაკი“-„ტორპედოს“ მატჩს ჰყავდა. თავად განსაჯეთ: გორში ჩატარებულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, მისი ასისტენტი სოსო ჭედია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია, მისი თანაშემწე ზაურ სვანაძე, ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ამ გუნდის მეორე მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ესწრებოდნენ.
.