დავით ლეგაშვილი - კარიერა დანიით არ მთავრდება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და ბოლნისის „სიონის“ მეკარე დავით ლეგაშვილს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა - თბილისის “დინამოსთან” მოედნიდან გაძევებული მინდია ბობღიაშვილი შეცვალა და ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

ძირითად შემადგენლობაში კი პირველად შემდეგ ტურში ზესტაფონში ათამაშეს და 18 წლის მეკარემ მთავარი მწვრთნელის ხვიჩა ქასრაშვილის, ქება დაიმსახურა, ლეგაშვილმა თუ ასე გააგრძელა, სერიოზული დონის მეკარე დადგებაო.

დათო გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში გაიცნეს, მაგრამ ის ჯერ 18 წლის 9 თებერვალს გახდა და, ვფიქრობ, ამიტომაც ღირს მისი გამორჩევა - ჩვენს ჩემპიონატში ხომ კვალიფიციური
მეკარეების სიმცირეა და ნიჭიერი ბიჭის გამოჩენა ყველას გვახარებს.

- უმაღლეს ლიგაში მოულოდნელი დებიუტი გქონდა. “სიონის” განაცხადში როგორ მოხვდი, მეორე მეკარე ხომ მირზა მერლანია?
- ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა: „დინამოსთან” მატჩამდე მირზა მერლანი დაშავდა და განაცხადში ამიტომ შემიყვანეს. მერე მინდია ბობღიაშვილი გააძევეს და მოედანზე გასვლა მე მომიწია.

- ზესტაფონში კარის მშრალად შენახვა გამოცდილ მეკარესაც გაუჭირდებოდა.
- მიხარია, რომ მწვრთნელს იმედი გავუმართლე. თანაც “ზესტაფონს” მოგება ძალიან უნდოდა. კარგია, რომ სადებიუტო შეხვედრები ჩვენი ჩემპიონატის ლიდერებთან ვითამაშე, ახლა კიდევ ერთ ლიდერს - რუსთავის “ოლიმპს” ვხვდებით.

- დებიუტით კამყოფილი დარჩი?
- ორ შეხვედრაში ორი გოლი კი გავუშვი, მაგრამ “დინამოსთან” პირველი გოლი პენალტით გამიტანეს. არადა, კუთხე გამოვიცანი და აღებაც შეიძლებოდა.

- ძლიერ გუნდებთან თამაშმა, ალბათ, აგანერვიულა.
- ვნერვიულობდი მხოლოდ მოედანზე გასვლისას, მაინც გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ მერე გადამიარა.

- საერთოდ, “სიონში” როგორ მოხვდი?
- დანიიდან ჩამოსული უგუნდოდ ვიყავი და გიორგი დევდარიანმა ბოლნისის დუბლებში მიმიწვია. დევდარიანთან ნაკრებშიც ვთამაშობ და მიწვევა გამიხარდა, მასთან ვარჯიში ყოველთვის მსიამოვნებდა. სხვათა შორის, “სიონში” საკმაოდ კარგი სავარჯიშო პირობებია.

- დიდებში თამაშისას ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა?
- გამოსვლებზე თამაში. დუბლებში ბევრად იოლია, თუნდაც ჩემი ასაკის ევროპულ ნაკრებებთან, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ ბევრი სირთულე შემექმნა. მაგალითად, “ზესტაფონთან” რამდენჯერმე დამბლოკეს და გამოსვლაში ხელს მიშლიდნენ, რაც ჩემი ასაკის გუნდებში არ მახსენდება. უმაღლეს ლიგაში უფრო გამოცდილი და ჯანიანი ფეხბურთელები თამაშობენ და, რა თქმა უნდა, მათი შეჩერება უფრო რთულია. ერთ ეპიზოდში “ზესტაფონის” თავდამსხმელს ცუდად შევეჯახე და წავიქეცი. ეგონათ, დრო გამყავდა, არადა, წამოდგომა გამიჭირდა. ახლა უკვე მეცოდინება, რა სირთულეები და მოთხოვნებია.

- დანიური “ორჰუსიდან” შენი გამოშვების ამბავი ასე აგვიხსნეს: დანიელი მეკარის კონკურენტი იყო და ამიტომ არ დატოვესო. წასვლამდე თუ იცოდი, დანიის ასაკობრივი ნაკრების მეკარის კონკურენტი რომ უნდა ყოფილიყავი?
- ისე, ვიცოდი, რომ მტოვებდნენ და სახელობითი ხელთათმანიც გადმომცეს წარწერით “ლეგაშვილი, ჯორჯია”. მერე რა მოხდა, ზუსტად არც ვიცი. მითხრეს, ოთხი ქართველი ეზედმეტათო. გული იმაზე დამწყდა, რომ კონკურენტს პრაღის “სლავიაშიც” ვჯობდი და “ორჰუსშიც”, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება, იმედია, ევროპულ კლუბში მაინც მოვხვდები. ოქტომბერში თურქეთში 19-წლამდელთა ნაკრებს შესარჩევი ჯგუფის თამაშები აქვს. მანამდე კარგად მოვემზადები, ნაკრებში რომ მოვხვდე და იქნებ ვინმემ შემნიშნოს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული