გიორგი ნემსაძე 17 წლის გახლდათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ ჰქონდა დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. მერე იყო ეროვნული ჩემპიონატი და უამრავი ტიტული „დინამოსთან“ ერთად, დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და არანაკლებ შთამბეჭდავი უცხოური
...„დინამოს“ სპორტულ დირექტორად გიორგი ნემსაძის სავარაუდო დანიშვნაზე „ლელომ“ წინა კვირაში ამცნო ფეხბურთის მოყვარულებს; და აი, გუშინ, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ოფიციალურად დაინიშნა ამ პოსტზე. გუშინვე, „დინამოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი, სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა „დინამოს“ ფეხბურთელებს შეხვდნენ.
ზურაბ პოლოლიკაშვილი: „გიორგი ნემსაძე, თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ნამდვილი დინამოელია. გიორგი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისათვის მაგალითია: იგი დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა ევროპულ გუნდებში, გააჩნია კონკრეტული მიმართულებები და ხედვა, თუ როგორ უნდა აეწყოს თანამედროვე დონის ევროპული გუნდი“.
გიორგი ნემსაძე: „პრაქტიკულად მთელი ცხოვრება „დინამოში“ გავატარე და თავი ყოველთვის ამ ოჯახის წევრად მიმაჩნდა. ჩემი დიდი სურვილია, რომ ის გამოცდილება, რომელიც უცხოეთში მივიღე, ჩემს მშობლიურ გუნდს გამოადგეს. საჭიროა ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა. იმედია, ეს მცდელობა ჩვენი საყვარელი გუნდის შედეგებზეც აისახება“.