სამაგიეროდ, თებერვალში ვერჩატარებული ორი შეხვედრა („ზესტაფონი“-„ტორპედო“, „სპარტაკი“-„სამტრედია“) მარტში გაიმართა და ამის გამოც არის, რომ ამ ოთხ გუნდს სხვებთან შედარებით მეტი მატჩი დაუგროვდა (ოთხივეს - ხუთ-ხუთი). საერთოდ კი, მარტში ოთხი ტური ჩატარდა, მაგრამ თვე სრულად მაინც ვერ „ავითვისეთ“: XXVI ტურის ცენტრალურ მატჩად მიჩნეული „დინამო“-„ვიტ ჯორჯიას“ დაპირისპირება სანაკრებო
სხვათა შორის, „დინამოს“ კიდევ ერთი გამოტოვებული მატჩიც ელოდება („ბაიასთან“ შეხვედრა 19 აპრილს შედგება) და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ყველაზე ტიტულოვან გუნდს აპრილში შვიდი მატჩის ჩატარება მოუწევს. 30 დღეში 7 შეხვედრის ჩატარება ადვილი ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ გუნდს თუ საჩემპიონო ამბიცია აქვს, გადატვირთული გრაფიკი, რაც შეიძლება, უდანაკარგოდ უნდა განვლოს. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობად, შესაძლოა, წინა თვეში წარმატებული ასპარეზობაც განვიხილოთ: „დინამომ“ სამ მატჩში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა!
შესაძლოა, ვინმემ „დინამოს“ მეტოქეებზეც „მიგვანიშნოს“: კახა კაჭარავას გუნდმა ხომ სამივე შეხვედრა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბებთან („კოლხეთი“, „სამტრედია“, „სიონი“) მოიგო. თუმცა, „დინამოს“ ერთგული ქომაგებისათვის ამას, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა: ზედიზედ სამმა გამარჯვებამ პლუს კონკურენტების არასტაბილურმა ასპარეზობამ კაჭარავას გუნდის საჩემპიონო შანსები თეორიულიდან პრაქკულამდე გაზარდა.
რაც მთავარია, „დინამოს“ ძირითადმა შემადგენლობამ სტაბილური სახე მიიღო: გუნდის უამრავი ახალწვეულიც ნელ-ნელა გაუშინაურდა ახალ გარემოს (ზოგმა სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო საქართველოს ჩემპიონატში), სტაჟიანი წევრებიც ჩვეულად ამჟღავნებდნენ ლიდერის თვისებებს (გიორგი ლორია, ალექსანდრე კოშკაძე) და პირწმინდად ჩავარდნილი თებერვლის მერე მართლაც „დაუნახაობა“ იქნებოდა მარტის პროგრესზე რომ არ გვესაუბრა. თუმცა, მარტის თვეში მხოლოდ „დინამოს“ არ უასპარეზია უდანაკარგოდ: „ვიტ ჯორჯიამაც“ სამიდან სამი მატჩი მოიგო, თანაც არცთუ იოლ მეტოქეებთან („სიონთან“, „სპარტაკთან“, „ტორპედოსთან“).
საერთოდაც, მეორე ეტაპის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა (თანაც, სასიამოვნო) სწორედ „ვეტერინარების“ დამაჯერებელი და, რაც მთავარია, წარმატებული ასპარეზობაა: მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა საწყის ტურში „ოლიმპთან“ წააგო (არადა, სულ მცირე, ფრეს იმსახურებდა), მერე „ბაიასთან“ ფრედ ითამაშა და ამის შემდეგ ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო! თან, არ დაგვავიწყდეს, რომ ზამთრის პაუზის მერე გუნდიდან ერთდროულად სამი წამყვანი ფეხბურთელი (ჯაბა ლიპარტია, ირაკლი კლიმიაშვილი, დავით ლომაია) წავიდნენ. თუმცა, „ვეტერინარული კონვეირი“ კვლავაც ეფექტიანად მუშაობს და „ვიტ ჯორჯიას“ უკვე მერამდენედ გაახალგაზრდავებული შემადგენლობა ამ სეზონშიც რეალურ პრეტენზიას აცხადებს ევროტურნირებზე მოსახვედრად. გუნდის ასეთი წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელია: მერაბ კოჭლაშვილი მარტის საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნიეთ! ანალოგიური პატივი ხვდა კახა კაჭარავასაც, - ანუ, კოლეგებს შორის ის სპეციალისტები გამოვარჩიეთ, რომელთა გაწვრთნილმა გუნდებმაც მარტის თვეში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს.
გერმანელებს არაფერი ჩამოვრჩებით...
ამ სეზონში ბუნდესლიგის გათამაშებაში ამბები ხდება, ფსიქოზურ სიტუაციად რომ უნდა შეფასდეს; „დორტმუნდის“ ფანტასტიკურ ბურთაობასა და „ბაიერნის“ არასტაბილურობაზე ამჯერად არ შევჩერდებით, უბრალოდ, იმას შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ბუნდესლიგაში სარეკორდი რაოდენობის... სამწვრთნელო გადაადგილებები მოხდა. ჰოდა, როგორ გგონიათ, ჩვენ ჩემპიონატშია ნაკლები სამწვრთნელო ცვლილებები?
მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ სეზონის დასაწყისიდან დღემდე მხოლოდ და მხოლოდ სამმა მწვრთნელმა შეინარჩუნა თავისი პოსტი: გია გეგუჩაძემ („ზესტაფონი“), ელგუჯა ქომეთიანმა („ბაია“) და მერაბ კოჭლაშვილმა („ვიტ ჯორჯია“). აი, დანარჩენ შვიდ გუნდში კი აგვისტოდან მოყოლებული „სამწვრთნელო კარუსელი ტრიალებს“ და ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ჩემპიონატის ბოლომდე კვლავაც ვიხილოთ რამდენიმე გადაადგილება. აი, ისე როგორც წინა თვეში მოხდა: ორ გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და ორივეგან ამ ცვლილებას დადებითი ეფექტი მოჰყვა. თუმცა, „ახალი მწვრთნელის ფაქტორს“ მუდამ თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში პოზიტიური შედეგი მოაქვს და ასე მოხდა გასულ თვეშიც. თანაც, ჯობს თანმიმდევრობა დავიცვათ და უპირველესად „კოლხეთში“ მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ვისაუბროთ: 12 მარტს გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს ურთულესი მატჩი ჰქონდა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ „ზესტაფონთან“ და ფოთელებს ამ შეხვედრაში დროებითი მწვრთნელი დავით მახარაძე თავკაცობდა. ის მატჩი მართლაც ყველასათვის მოულოდნელად დამთავრდა - „კოლხეთმა“ საპატიოზე-საპატიო ფრეს მიაღწია!
მომდევნო ტურში კი „კოლხეთს“ არანაკლები გამოცდა ელოდა - საშინაო მატჩში ქვეყნის ჩემპიონს „ოლიმპს“ ხვდებოდა და ფოთელებმა ამ შემთხვევაშიც მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზეს და ეს შეხვედრაც ფრედ დაამთავრეს. ოღონდ რუსთაველებთან მატჩში „კოლხეთს“ ამჯერად სოსო ფილია მოძღვრავდა - გამოცდილი სპეციალისტი მშობლიურ გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მართლაც წარმატებით დაუბრუნდა! ასეთივე წარმატებული გამოდგა ხვიჩა ქასრაშვილის ბოლნისში დაბრუნებაც - ამ სპეციალისტმა თავის ძველ-ახალ კლუბში მესამედ მისვლა წინა ორი შემთხვევაზე არანაკლებ ხმაურიანი სენსაციით აღნიშნა და „სიონს“ სტუმრად „ზესტაფონთან“ მატჩში ქულა მოაპოვებინა!
განსაკუთრებული ფაქტები
გასულ თვეში რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტი მოხდა და უპირველეს ყოვლისა, ფოთის „კოლხეთის“ ახალწვეული მეკარის, ლაშა ძაგანიას საიმედო თამაში იყო; ბოლოს და ბოლოს, ამ მეკარის დიდი დამსახურებაც იყო, „კოლხეთმა“ ჩემპიონობის ორ ფავორიტს („ზესტაფონსა“ და „ოლიმპს“) ქულები რომ დააკარგვინა და თავისი სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ძაგანიამ ორივე შეხვედრაში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
გამოსარჩევია აგრეთვე ორი თავდამსხმელის პირადი მონაგარიც; ოღონდ, გამოცდილი გიორგი მეგრელაძისგან გოლების გატანა თუ არავის უკვირს, აი, ახალგაზრდა ირაკლი ქობალია ტურიდან-ტურამდე გვაოცებს თავის საგოლე ალღოთი. სხვათა შორის, მარტში „ტორპედომ“ მეტოქეთა კარში 6 ბურთი გაიტანა და აქედან... 4 სწორედ მეგრელაძის ანგარიშზეა; საკუთარი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი გოლები გააქვს 19 წლის ირაკლი ქობალიასაც - გასულ თვეში „ბაიამ“ მეტოქეთა კარში 4 ბურთი გაიტანა და აქედან სამჯერ სწორედ ამ ჭაბუკმა ცენტრფორვარდმა გამოიჩინა თავი. ჰო, დინამოელებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას: გასულ თვეში ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა მეტოქეთა კარში სამ-სამი გოლი გაიტანეს; აი, პეტარ ელიჩმა და ზურაბ არზიანმა კი საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლები გაიტანეს...
თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 5 3 2 0 8-1 11
2. ოლიმპი 4 3 1 0 7-0 10
3. დინამო 3 3 0 0 11-1 9
4. ვიტ ჯორჯია 3 3 0 0 5-2 9
5. ტორპედო 5 2 1 2 6-5 7
6. ბაია 4 2 0 2 4-8 6
7. სპარტაკი 5 1 1 3 3-6 4
8. კოლხეთი 4 0 2 2 0-3 2
9. სიონი 4 0 1 3 1-6 1
10. სამტრედია 5 0 0 5 1-14 0