მით უფრო, რომ ჩემპიონატის ბოლოსწინა თვემ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ უნდა გაარკვიოს. ოღონდ, აპრილის თვეში ჩვენს ფეხბურთელებს განსაკუთრებული ფიზიკური მზადყოფნა მოეთხოვებათ - 30 დღის განმავლობაში ხომ ხუთი ტურია დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ხუთზე მეტი მატჩის ჩატარება მოუწევს: „ტორპედოს“, „ზესტაფონსა“ და „ბაიას“ ექვს-ექვსი, ხოლო „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ - შვიდ-შვიდი. „სხვადასხვა მიზეზში“
მოკლედ, მოვლენებით დახუნძლული და ფრიად საინტერესო მატჩების სიმრავლით გამორჩეული აპრილი გველოდება, - ყველა ტურში, სულ მცირე, ერთი განსაკუთრებული (აი, ცენტრალურ შეხვედრას რომ ვუწოდებთ) დაპირისპირებითა და, რაღა თქმა უნდა, უდიდესი სატურნირო ინტრიგითაც...
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
სხვა გუნდებისგან განსხვავებით ამ წყვილის მეტოქეებს ერთდროულად ორ ფრონტზე უწევთ ასპარეზობა და იმის გარდა, რომ „ვიტ ჯორჯია“ და „ზესტაფონი“ თასის ნახევარფინალშიც არიან გასული, ჩემპიონატშიც საკმაოზე მეტი მოტივაცია აქვთ შემორჩენილი. მასპინძლები მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებიან მეორე ეტაპზე და ნამდვილად არავისთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი ის ფაქტი, როცა მარტის თვის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად „ვეტერინართა“ თავკაცი მერაბ კოჭლაშვილი მივიჩნიეთ.
ჩემპიონატის ლიდერთან მატჩს „ვიტ ჯორჯია“ ჩინებულ განწყობაზე ხვდება: ზედიზედ ხუთი გამარჯვება პატარა საქმე ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასპინძლები ყველაფერს იღონებენ ამ წარმატებული სერიის გასაგრძელებლად; თანაც მიმდინარე სეზონის უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასაც შეეცდებიან: დღევანდელი მეტოქეების წინა ორი დაპირისპირება ხომ „ზესტაფონის“ გამარჯვებით დასრულდა.
აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ამ ორ შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიამ“ მეტოქის კარში ვერც ერთხელ შეძლო გოლის გატანა. ამასთან, მასპინძლები ნიკოლოზ გელაშვილსაც უნდა უფრთხოდნენ - საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ფორვარდმა ამ ჩემპიონატში უკვე ოთხჯერ შეძლო ყოფილი თანაკლუბელების დამწუხრება. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი, რაღა თქმა უნდა, პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი იყო, როცა გელაშვილის „ჰეთ-თრიქმა“ იმ შეხვედრის საბოლოო შედეგიც (3:0) განაპირობა. ეგ კი არა, იმ გამარჯვებით „ზესტაფონი“ ზამთრის ჩემპიონის არაოფიციალურ ტიტულსაც დაეუფლა და მართალია, ამ ბოლო დროს კონკურენტები მოუახლოვდნენ, სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის სტატუსი კვლავაც გია გეგუჩაძის გუნდს უნდა მივანიჭოთ.
სიონი-ოლიმპი
ქვემოქართლური „დერბი“ რომ უდიდეს ინტერესს გამოიწვევს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება; მით უფრო, თუ მეტოქეთა სატურნირო მდგომარეობას გავითვალისწინებთ: მასპინძლები ჯერ კიდევ სახიფათო ზონაში იმყოფებიან და უშუალო კონკურენტებთან ზედიზედ სამი პაექრობის წინ ქვეყნის ჩემპიონთან მატჩი სერიოზული გამოცდაც უნდა იყოს. თანაც, გარკვეული პაუზის შემდეგ „სიონში“ კვლავ დაბრუნებული ხვიჩა ქასრაშვილი, ალბათ, ყველა ღონეს იხმარს, რომ, სულ მცირე წინა ტურში ნაჩვენები შედეგი გაიმეოროს.
შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩემპიონატში სანაკრებო პაუზა გამოცხადდებოდა, „სიონმა“ ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერთან „ზესტაფონთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა. თუმცა, ქულები „ოლიმპსაც“ რომ სჭირდება, ფაქტია - თორნიკე მაისურაძის გუნდი ფეხდაფეხ მიჰყვება თავის უშუალო კონკურენტს „ზესტაფონს“ და საერთოდაც, რუსთაველები ნამდვილად არ იტყვიან უარს ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტრიუმფზე. ამისათვის კი, დებიუტანტი მწვრთნელის გუნდს აპრილში სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება - ქვემოქართლური „დერბის“ შემდეგ „ოლიმპი“ ერთი-მეორეზე ძლიერ ოთხ გუნდს უნდა შეხვდეს.
დღევანდელ მეტოქეთა ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, „ოლიმპი“ აშკარა უპირატესობას ფლობს; თუმცა, ამ სეზონში ერთი განსაკუთრებული ფაქტი უკვე მოხდა: I წრის შეხვედრაში (როცა „სიონს“ ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი ყიფიანი თავკაცობდა), „სიონმა“ ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველად შეძლო საშინაო მატჩში „ოლიმპის“ დამარცხება. სამაგიეროდ, მეორე წრის შეხვედრაში რუსთაველებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და 11 დეკემბრის ეს მატჩი იმითაც იყო საინტერესო, რომ „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თორნიკე მაისურაძემ პირველი მატჩი ჩაატარა...
და კიდევ ერთი სიახლე ამ წყვილთან დაკავშირებით: „სიონმა“ გუშინ კიდევ ერთი მეკარე, ვლადიმერ ზუხბაია დაიმატა.
კოლხეთი-სპარტაკი
აი, ამ ტურის ერთ-ერთი საინტერესო წყვილიც: გასავარდნ ზონაში მყოფ დღევანდელ მეტოქეებს ერთნაირი რაოდენობის ქულები აქვთ მოგროვილი, მოგებებიც ერთნაირი აქვთ და „სპარტაკი“ მხოლოდ დამატებით მაჩვენებლით უსწრებს „კოლხეთს“. ეს „დამატებითი მაჩვენებელი“ კი ურთიერთშეხვედრებია (პირველი წრის მატჩი ფოთელებმა 1:0 მოიგეს, მეორე წრის შეხვედრაში „სპარტაკმა“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 4:0); ანუ, იმის დიდი ალბათობაც არსებობს, რომ სეზონის ბოლოსთვის ამ ორ გუნდს შორის „ურთიერთობის გარკვევას“ სწორედ ურთიერთშეხვედრები დასჭირდეს.
გუშინაც გაცნობეთ, რომ დღევანდელი მეტოქეები ამ შეხვედრას გარკვეული სიახლეებით ხვდებიან: მასპინძლებმა ზამირ ჯანაშია და პავლე დათუნაიშვილი დაიმატეს, ხოლო სტუმრებმა კი გამოცდილი ფორვარდი ლაშა ჯაკობია. თუმცა, „კოლხეთს“ დანაკლისიც სერიოზული აქვს: შემტევი ნახევარმცველი დათა სიჭინავა ამ გუნდის წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევა, მაგრამ დღევანდელ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. მშობლიურ გუნდში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული სოსო ფილია ამ სეზონში მესამედ გაუძღვება „კოლხეთს“ და უმაღლეს ილიგის მწვრთნელებს შორის ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
ანალოგიური განწყობით მიემგზავრება ფოთში სტუმართა მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელიაც, მით უფრო, რომ ბოლო ოთხ ტურში „სპარტაკმა“ მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო. სხვათა შორის, ბადრი კვარაცხელიამ „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი სწორედ ფოთში ჩაატარა. ოღონდ, იმ დროისათვის (3 ოქტომბრისთვის) „კოლხეთი“ თავის დღევანდელ მეტოქეს ცხრა ქულით უსწრებდა!
სამტრედია-ბაია
მეორე ეტაპის დაწყებიდან ცხრა ტურია გასული და ყველაზე უარესი შედეგი „სამტრედიას“ აქვს: ლევან ანჯაფარიძის გუნდმა მხოლოდ ერთადერთი ქულა მოაგროვა თუმცა, რა უნდა მოვთხოვოთ გუნდს, სადაც პირველი ეტაპის შემდეგ შემადგენლობაც, ფაქტობრივად, ძირფესვიანად შეიცვალა და, რაც მთავარია, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში ფინანსური პრობლემებია.
შემადგენლობის გადახალისებაც შემთხვევით არ გვიხსენებია: პირველი წრის მატჩში გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე „სამტრედიამ“ ძლიერ მეტოქეს 3:1 რომ მოუგო, მოწინაღმდეგის კარში გატანილი სამივე გოლის ავტორი დღესდღეობით სხვა გუნდებში აგრძელებენ თავიანთ კარიერას - ლევან ბაკურაძე, პაატა ბაკარნაძე, დავით კირკიტაძე;
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - მეორე წრის შეხვედრაც ანალოგიური ანგარიშით დამთავრდა და ამჯერად უკვე „ბაიამ“ გაიმარჯვა („დუბლი“ ირაკლი ეხვაიამ შეასრულა, ერთი გოლიც ირაკლი მალიჩავამ გაიტანა, ხოლო „სამტრედიის“ შემადგენლობაში თავი ლევან ქებაძემ გამოიჩინა, დღესდღეობით ასევე სხვა გუნდის ღირსებას რომ იცავს). ისე, ამ სეზონში „ბაია“ სტუმრადაც ისეთივე წარმატებულად რომ ასპარეზობდეს, როგორც საკუთარ მოედანზე, ელგუჯა ქომეთიანის მეტად საინტერესო გუნდს აშკარად უფრო მაღალი ადგილებისთვისაც შეეძლო ბრძოლა.
ტორპედო-დინამო
და აი, ტურის მშვენებაც: საქართველოს ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დაპირისპირებაზე მეტოქეთა სატურნირო მდგომარეობას გავლენა არასდროს მოუხდენია და გამონაკლისი, არც დღევანდელი მატჩი იქნება. მთავარი ის არის, რომ სამწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში კვლავაც აღდგა „ტორპედოსა“ და „დინამოს“ პაექრობები; არადა, რამდენჯერ მომხდარა, როცა სწორედ ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში ირკვეოდა საქართველოს ჩემპიონის ვინაობა და საერთოდაც, „ტორპედოსა“ და „დინამოს“ თითქმის ყველა მატჩი უაღრესად საინტერესოდ და უშეღავათოდ მიმდინარეობდა.
უმაღლეს ლიგაში სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ „ტორპედოს“ თავის დღევანდელ მეტოქისგან განსხვავებული მიზნები კი აქვს ამ სეზონში, მაგრამ „დინამოსთან“ შეხვედრის წინ ქუთაისური გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებსა თუ ქომაგებს დამატებითი მოტივაცია ნამდვილად არ სჭირდებათ. ჰო, ქომაგები შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ სეზონში „ტორპედოსა“ და „დინამოს“ პირველი წრის შეხვედრას ქუთაისში 10000-მდე გულშემატკივრი დაესწრო! ის მატჩი ფრედ დასრულდა: მასპინძელთაგან გოლი თენგიზ ჩიკვილაძემ გაიტანა, სტუმართაგან კი - დონალდ ჯუისმა. აი, რაც შეეხება მეორე წრის მატჩს, ამ შემთხვევაში ყველაფერი დავით მუჯირის საშემსრულებლო ოსტატობამ გადაწყვიტა.
„ტორპედოსა“ და „დინამოს“ მატჩის წინ რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ; ერთი შეხედვით, „ტორპედოს“ ჩემპიონატში განსაკუთრებული მოტივაცია აღარ უნდა ჰქონდეს, აი, „დინამო“ კი, ვიდრე თუნდაც თეორიული შანსი ექნება, ყველა შემთხვევაში საჩემპიონო რბოლის ერთ-ერთ აქტიურ „წევრად“ უნდა მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ კახა კაჭარავას გუნდმა ზედიზედ სამი გამარჯვებით ჩემპიონატის დანარჩენ ორ ფავორიტთან სხვაობაც შეამცირა და, რაც მთავარია, ორი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული...
.